ახალი ამბები

“არანაირი უთანხმოება არ ყოფილა” – ბიბილაშვილი პარტიიდან წასვლაზე

6 თებერვალი, 2020 • 2327
“არანაირი უთანხმოება არ ყოფილა” – ბიბილაშვილი პარტიიდან წასვლაზე

6 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა და პოლიტსაბჭოს წევრებმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალანდაძემ განაცხადეს, რომ პარტიას ტოვებენ და საქმიანობას აგრძელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრში“.

მათი განცხადებით, თითქმის ორი წელია, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ პარტიულ საქმიანობაში და ახლა მხოლოდ ფორმალურადღა ტოვებენ პარტიას. „ნეტგაზეთი“ ამ ვითარების გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა ზაზა ბიბილაშვილს:

ბატონო ზაზა, ამ დილით განაცხადეთ, რომ ტოვებთ პარტიას, — უკვე ფორმალურად. შეგვიძლიათ მოგვიყვეთ, თუ რის გამო იყავით თქვენ სამნი ჩამოშორებული პარტიას არაფორმალურად მთელი ამ დროის განმავლობაში?

ეს ვითარება, ასე ვთქვათ, დე ფაქტოდ უკვე თითქმის ორი წლის განმავლობაში იდგა და ბოლო პერიოდში ჩვენ მთლიანად გადართული ვიყავით „ჭავჭავაძის ცენტრის“ მშენებლობაზე. უკვე განვმარტეთ, რომ თავისთავად პარტიული ფორმატი ხშირად არის ხოლმე შეზღუდული, როდესაც საზოგადოებრივი გამოწვევები სხვა ხასიათის არის, უფრო ფართო და უფრო გრძელვადიანი.

ჩვენ არც მრწამსი შეგვიცვლია და არც მსოფლმხედველობა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არ ვაპირებთ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას ან არჩევნებში მონაწილეობას. უბრალოდ, იმ გრძელვადიან საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ გეგმებზე ვკონცენტრირდებით, რომელიც, ჩვენი აზრით, მთავარი გამოწვევაა ამ ქვეყნისთვის როგორც ახლო, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში…

დღევანდელ განცხადებაში რეალურად არანაირი სიახლე არ არის, უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. კითხვები, რაც აქამდე არსებობდა, იმედია, მომავალში აღარ იქნება.

ჩვენს ყოფილ თანაპარტიელებს ვშორდებით, როგორც მეგობრები, ფორმალური თვალსაზრისით, მაგრამ არანაირი ისეთი ცვლილება ჩვენს ამჟამინდელ საქმიანობაში არ იქნება.

მჯერა, რომ ამით არ დავაზიანებთ ოპოზიციურ ფლანგს, ვინაიდან ჩვენ დე ფაქტო არ ვიყავით იმ პარტიულ საქმიანობაში ჩართული უკვე თითქმის ორი წლის განმავლობაში.

ეს ვითარება, — ორი წელი რომ არ ყოფილხართ პარტიულ საქმიანობაში ჩართული — ხომ არ იყო გამოწვეული რაიმე სახის უთანხმოებით პარტიის სხვა ლიდერებთან? აი, მაგალითად, რას ფიქრობდით ენმ-ის პოლიტიკაზე ბოლო პერიოდში? — იმაზე, რომ 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა „გაერთიანებული ოპოზიცია“, მათ შორის ისეთ ფიგურებთან, ვინც ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები იყვნენ, მაგალითად, მურმან დუმბაძე, თაკო ჩარკვიანი; ამ რამდენიმე თვის წინ კი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით კიდევ უფრო გაიშალა დიალოგის ფორმატი, მათ შორის, ნინო ბურჯანაძესთან… ამ საკითხს თქვენ როგორ უყურებდით?

არ მინდა გამეორება, თუმცა ამ მიმართულებით უკვე დამისვეს კითხვა და იქაც ვთქვით, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენი მხრიდან არც სწორი იქნება, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკოთ და არც განზრახვა გვაქვს ამისა.

ჩვენ კარგად გვესმის, რატომ შეიძლება ხდებოდეს აუცილებელი ესა თუ ის კომპრომისი, — ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არის არა მხოლოდ ოლიგარქიული ინტერესები, არამედ ოლიგარქიული ინტერესების უკან დგას სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%.

ამ რეალობაში, ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ დაწვრილმანებას და ეს არ ყოფილა მიზეზი. ანუ არანაირი კონკრეტული უთანხოება ან „ტრიგერი“ [გამომწვევი მიზეზი] ამისა არ ყოფილა. ჩვენ ვთვლით, რომ პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ საქმეს ვაკეთებთ და ვაპირებთ ამ საქმის გაგრძელებას ყველანაირ შესაძლო ფორმატში ყველა თანამოაზრესთან ერთად…

თქვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი იყავით 2016 წელს პარტიაში დაპირისპირების პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან [ეს პროცესი „ევროპული საქართველოს“ გამოყოფით დასრულდა]. თუმცა შემდეგ, გაყოფის შემდეგ, რაღაცნაირად მეორე ფლანგზე გადაიწიეთ და სხვა ლიდერები წამოვიდნენ წინ… თანაც, როგორც პარტიაშიც თქვეს, ბოლო რამდენიმე არჩევნებში, მათ შორის ზუგდიდის არჩევნებში, არ იღებდით მონაწილეობას… რის გამო აეწყო ასე, რა მოხდა?

კონკრეტულ სიებში ყოფნა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, არც 2012 თუ 2016 წელს, არც მომდევნო არჩევნებში. ჩვენი მიზანი არის საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია, როდესაც მოქალაქეები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის იქნება უმჯობესი.

რუსული თემა ჩემთვის პირადად ყოველთვის იყო გადამწყვეტი ამ კონტექსტში, 2013 წლის ბოლოსაც, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შევედი, დღესაც, როდესაც „ჭავჭავაძის ცენტრის“ მიმართულებით ვააქტიურებთ მუშაობას და არა ის, რომ, დავუშვათ, საკრებულოში ვიყო, პარლამენტში ან პარტიაში კონკრეტულ თანამდებობაზე.

დამეთანხმებით, რომ ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, მქონდა დამოუკიდებელი პროფესიული, მოქალაქეობრივი ცხოვრება და ის მიზნები, რაც მქონდა 2007, 2008 თუ 2012 წლებში, აქტუალურია დღესაც, ვინაიდან, სამწუხაროდ, ჩვენი, როგორც საზოგადოების, არც შიდა და არც გარე გამოწვევები არ შეცვლილა.

2018 წელსაც, ზაფხულში, იყო ცნობები, რომ დატოვეთ პარტია, თუმცა ბოლოს უარყავით. ანუ მაშინ უკვე გაყოფილი იყო თქვენი გზები?

მაშინ დე ფაქტო უკვე აღარ ვმონაწილეობდით პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ფორმალურად დატოვება არ დავადასტურეთ…

მასალების გადაბეჭდვის წესი