ახალი ამბები

არ ვაპირებ ენმ-ში დაბრუნებას – ზაზა ბიბილაშვილი

11 ნოემბერი, 2022 • 953
არ ვაპირებ ენმ-ში დაბრუნებას – ზაზა ბიბილაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, რამდენიმე სტატუს-კომენტარი შემხვდა ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სადაც ჩემი სახელიც იყო ნახსენები. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ ენმ-ში დაბრუნებას“, – წერს ბიბილაშვილი.

მისი თქმით,  ენმ-ს და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას სრულფასოვან შიდა დემოკრატიას უსურვებს.

„რაც გულისხმობს წევრების რეალურ ჩართულობას (მაგ., სიების შედგენის პროცესში), თავისუფალ არჩევნებს ყველა საკვანძო პოზიციაზე, პრაიმარისებს (ყველაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატის გამოსავლენად), ფინანსებისა და გადაწყვეტილებათა გამჭვირვალობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანგარიშვალდებულებას ყოველი საარჩევნო ციკლის შემდეგ, როცა არსებული ლიდერშიფი ან გადავა ხელისუფლებაში, ან – აიღებს პასუხისმგებლობას შედეგზე და წავა, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, როგორი მოდელიც ქვეყნისთვის გვინდა, ისეთივე უნდა იყოს პარტიებშიც. რა მოდელსაც პარტია შექმნის შიგნით, იმ მოდელს ააშენებს ქვეყანაშიც, ძალაუფლება რომ ჰქონდეს. ჰოდა, სწორ გზაზე ვართ. იმედია, წევრები და მომხრეები არ მოდუნდებიან“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ზაზა ბიბილაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წელს დატოვა და საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჭავჭავაძის ცენტრში” განაგრძი. ბიბილაშვილი ენმ-ის დატოვების მიზეზად ასახელებდა იმას, რომ პარტიულ საქმიანობაში თითქმის ორი წელი არ მონაწილეობდა და არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი