ნეტგაზეთი | ენმ-ს ვტოვებთ — ბიბილაშვილი, გერსამია და კალანდაძე ენმ-ს ვტოვებთ — ბიბილაშვილი, გერსამია და კალანდაძე – Netgazeti
RU | GE  

ენმ-ს ვტოვებთ — ბიბილაშვილი, გერსამია და კალანდაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ.

ბიბილაშვილს ფორმალურად პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, გერსამია და კალანდაძე კი პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ.

განცხადებაში, რომელიც მათ 6 თებერვალს ერთობლივად გამოაქვეყნეს, წერია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოშორებული არიან პარტიულ საქმიანობას.

„ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე – ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით“, – წერია განცხადებაში.

„ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას“, — აცხადებენ ისინი.

„წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არცერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე“, — წერია განცხადებაში.

განახლება:

“არანაირი უთანხმოება არ ყოფილა” – ბიბილაშვილი პარტიიდან წასვლაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com