ახალი ამბები

ეუთოს არ აქვს კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით – უსუფაშვილი

6 თებერვალი, 2020 • 851
ეუთოს არ აქვს კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით – უსუფაშვილი

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ეუთო/ODIHR-ის მომზადებულ დასკვნაზე აცხადებს, რომ უსაფუძვლოა სპეკულაციები ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

უსუფაშვილი მოლდოვის შემთხვევას იმოწმებს და ამბობს, რომ თუ კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას დაინახავდნენ, ამის შესახებ დასკვნაში პირდაპირ იქნებოდა მითითებული:

“ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთოს არ აქვს არცერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი, როგორიცაა, ბიულეტენის შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკოს რამდენიმე დღე ზედმეტი ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისთვის და ა.შ. მე შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ”, – ამბობს უსუფაშვილი.

მისი თქმით, მოლდოვის შემთხვევაში პირდაპირ ეწერა, რომ ODIHR-ს კითხვები უჩნდებოდა იმ კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. საქართველოს შემთხვევაში კი მსგავსი კითხვები დოკუმენტში ნახსენები არაა:

“რაც შეეხება ხელისუფლების წარმოდგენებს ამ თემაზე, მათ აქვთ აკვიატებული საკითხი, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება და გვეუბნებიან – აბა, სად წერს ეუთო, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება? ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს დავას ამ სკაითხზე, მაგრამ ეუთო არ სვამს არცერთ საკითხს, ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო.

იქ, სადაც ეუთოს ასეთი კითხვა ებადებოდა, მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით მას არ მორიდებია და ჩაწერა ამ დოკუმენტში, რომ ჩვენ რომ ვიხილავთ ამ საკითხს, ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ფორმულირება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კითხვებს აჩენს და კარგად დაფიქრდითო. ეს უთხრა იმავე ორგანომ მოლდოვას, რომელმაც ჩვენ გამოგვიგზავნა დასკვნა და მსგავსი კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ, ყოვლად უსაფუძვლოა სპეკულაციები იმის თაობაზე, კონსტიტუციურია თუ არა და საერთაშორისო საზოგადოება როგორ ფიქრობს ამ საკითხზე”, – ამბობს უსუფაშვილი.

რა წერია ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში

მასალების გადაბეჭდვის წესი