გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნა ოპოზიციის მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას ეხება. საუბარია ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტზე მრავალმანდატიან ოლქებში.
დასკვნის შესავალში წერია:
“ვაცნობიერებთ რა მიმდინარე დისკუსიებს შემოთავაზებული ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ, ეს მოსაზრება მიმოიხილავს შემოთავაზებულ ცვლილებებს და აანალიზებს მათ რელევანტურ საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან მიმართებაში…”, – ვკითხულობთ დოკუმენტის შესავალში.
მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ ცვლილებათა პაკეტის კონსტიტუციურობაზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოების მისაღებია, ODIHR-მა ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვარიაცია საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკასთან შედარებით გააანალიზა, ასევე შევიდა შინაარსობრივ მსჯელობაში კონკრეტულ მუხლებთან და პრინციპებთან დაკავშირებით. მიზანი კი ხარვეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაცემაა კანონმდებლობაში პოტენციური ასახვის წინ.
ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი ODIHR-ს საქართველოს სახალხო დამცველმა გაუზგავნა.
ODIHR-ის განცხადებით, როგორი საარჩევნო სისტემა ექნება ქვეყანას, მისი სუვერენული არჩევანია. საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული იქნება, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, უნდა იყოს ინკლუზიური განხილვის საგანი.
“ყველა შემოთავაზებული ცვლილება ფრთხილად უნდა იყოს განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული”.
ODIHR პაკეტთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც გამოსცემს, რომლებიც ეხება საარჩევნო ბიულეტენზე ნების გამოხატვის საკითხის დარეგულირებას, ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადებს, ასევე, მრავალმანდატიან ოლქებში ხმებისა და მანდატების თანაბრობას, ასევე იმ დებულების გადახედვას, რომელიც იმ ამომრჩევლის პარტიული ხმებს აუქმებს, ვინც მაჟორიტარულ არჩევნებში ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს მისცემს.
ODIHR-ის განცხადებით, შემოთავაზებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ ელემენტებს ცვლის. საერთაშორისო კარგი პრაქტიკა რეკომენდაციას გვიწევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტები არ გაიხსნას ცვლილებებისთვის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.
ამასთან, ODIHR-ის შეფასებით, ცვლილებები უნდა გახნორციელდეს ორგანულ კანონში, რომლის მიღებაც პარლამენტს, კონსტიტუციის შესაბამისად, უბრალო უმრავლესობით შეუძლია.
ODIHR-ის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განსაზღვრებას. კონკრეტული სისტემა უნდა კატეგორიზდეს თუ არა მაჟორიტარულად, პროპორციულად ან ჰიბრიდულად, პოლიტიკური და სამართლებრივი სწავლების, სამეცნიერო მსჯელობის საგანია.
დოკუმენტის თანახმადვე, შემოთავაზებული პაკეტი ჯდება უნივერსალური, თავისუფალი, საიდუმლო და პირდაპირი ხმის უფლების პრინციპებში.
“შემოთავაზებული პაკეტი არ გვთავაზობს ისეთ ცვლილებებს საარჩევნო წესში, რომელიც გავლენას მოახდენდა უნივერსალური, თავისუფალი, საიდუმლო და პირდაპირი ხმის უფლების პრინციპებთან შესაბამისობის საკითხზე”.
პუბლიკაციას თავად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ამ ანგარიშს საქართველოში უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ODIHR-ის დასკვნაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მათ მიერ შეთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია, რაც ამ პროექტის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” მთავარი არგუმენტია.
“როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო საუბრობს, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს წინააღმდეგობა არც [ევროპულ] საუკეთესო პრაქტიკასთან. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ესაა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ”, – განაცხადა კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ისინი მზად არიან ყველა იმ რეკომენდაციაზე სამუშაოდ, რომელიც ანგარიშშია გამოთქმული.
კაპანაძის თანაპარტიელმა დავით ბაქრაძემ კი ტვ პირველზე, ნინო ჟიჟილაშვილის “პოლიტმეტრში” ხაზი გაუსვა ODIHR-ის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც ამ ცვლილებების უბრალო უმრავლესობით მიღების შესაძლებლობაზეა საუბარი. მისი თქმით, ODIHR ტექნიკურ შენიშვნებს წერს პროექტის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურობის საკითხს არ აყენებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი სერგი კაპანაძე “სიტყვებით მანიპულირებაში” დაადანაშაულა. მისი თქმით, კაპანაძემ თავის ბრიფინგზე ვერ თქვა, რომ ეუთომ დაადასტურა ოპოზიციის წინადადების კონსტიტუციურობა. მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მოსახლეობის მოტყუებას შეეცდება, რის საშუალებასაც ისინი არ მისცემენ. მისი თქმით, ტყულია, რომ “გერმანული მოდელი” კონსტიტუციას შეესაბამება.
ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის ადაპტირებული ვარიანტი 2019 წელს წარადგინეს, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობენ. ეს მოდელი მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც პარლამენტში ჩავარდა 2020-ის არჩევნებში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი.
ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში კვლავ 73 მაჟორიტარი და 77 სიით არჩეული დეპუტატი შევა, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების წესი, ასევე მსხვილდება მაჟორიტარული ოლქები. ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
ამ მოდელის თანახმად:
- ისევე როგორც ახლა, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.
- პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.
ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს ერთი ბიულეტენით თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ბიულეტენით ხმა მისცეს იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას, ისევე როგორც ეს ამჟამად არსებული შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ხდება, თუმცა, ამჟამინდელისაგან განსხვავებით, შეიცვლება მანდატების განაწილების პრინციპი.
დღეისათვის მანდატები ე.წ. პარალელური არჩევნების მოდელით ნაწილდება. 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩევა, ხოლო 77 – პროპორციულით, ანუ პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილი სიები 77 მანდატიდან პროპორციულად, მიღებული პროცენტების შესაბამისად ინაწილებენ საპარლამენტო ადგილებს, და ეს ორი სისტემა ერთამენეთზე გავლენას არ ახდენს. პარტიას პროპორციული სისტემით მოპოვებულ მანდატებზე ემატება პარალელურად მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ადგილები და ასე გამოიანგარიშება მისი საბოლოო წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. ოპოზიციის მოდელით ეს მიდგომა იცვლება.
ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს მოდელი კონსტიტუციური არ არის და ისინი მის განხილვას არ აპირებენ.
გაიგეთ მეტი