ახალი ამბები

მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისთვის საქართველოს 25 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

6 თებერვალი, 2020 • 1645
მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფისთვის საქართველოს 25 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მომჩივან მარიამ საყვარელიძისთვის 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება 2003 წლის ნოემბერში, “ვარდების რევოლუციის” პერიოდში, თბილისში მომხდარ ავტოავარიას. 1949 წელს დაბადებული მარიამ საყვარელიძე დასთან, თავის შვილთან და დისშვილთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ავტომობილს დაეჯახა სამხედრო ჯავშანმანქანა. ავარიის შედეგად მარიამ საყვარელიძის შვილი და და დაიღუპნენ. თავად მომჩივანმა და მისმა დისშვილმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ ჯავშანმანქანას, სავარაუდოდ, ან სამხედრო პირი მართავდა, ან სამართალდამცავი უწყების სხვა წარმომადგენელი.

როგორც ევროსასამართლოს გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, თბილისის პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაიწყეს საქმის გამოძიება. თუმცა უკვე 2010 წელს პროკურატურამ თქვა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა მოხდა ინციდენტისას. 2017 წლის მარტში კი ხანდაზმულობის გამო საერთოდ დაიხურა.

მომჩივანმა მარიამ საყვარლეიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება არაერთხელ გაასაჩივრა და თქვა, რომ გამოძიების მცდელობები არ იყო საკმარისი საქმის გასახსნელად.

საბოლოოდ, მარიამ საყვარელიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეცნიის მე-2 მუხლის (სიცოცხლის ფულება) დარღვევის დასადგენად. მან სარჩელში მიუთითა, რომ სახელმწიფო (საქართველო) იყო ავტოავარიაზე პასუხისმგებელი, რასაც მისი ოჯახის 2 წევრი ემსხვერპლა. ამასთანავე, საქმის გამოძიება არ ყოფილა ეფექტიანი.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მარიამ საყვარელიძეს 25 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი