ახალი ამბები

„სპარის“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს – „თანასწორობის მოძრაობა“

4 თებერვალი, 2020 • 2498
„სპარის“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს – „თანასწორობის მოძრაობა“

სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ ერთ-ერთ მაღაზიაში კიდევ ერთ დასაქმებულს, ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე სცემეს, — იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“.

ეს ერთი თვის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როდესაც „სპარის“ თანამშრომელს სამუშაო ადგილას თავს ესხმიან. ერთ-ერთი დასაქმებული, რომელსაც 30 დეკემბერს დაესხნენ თავს, 21 იანვარს გარდაიცვალა.

როგორც „ნეტგაზეთს“ „თანასწორობის მოძრაობაში“ უთხრეს, დასაქმებულს, ტრანსგენდერ ქალს, იანვრის პირველ ნახევარში „სპარის“ ერთ-ერთ ფილიალში შესულმა კლიენტმა ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაზარალებულმა პოლიციას მიმართა; „თანასწორობის მოძრაობის“ ცნობით, საქმეში მათი ჩართვის შემდეგ, დასაქმებულის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და ის ძალადობის მუხლით დააკავეს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით).

ორგანიზაციის ცნობითვე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 2000-ლარიანი გირაო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. 126-ე მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი“, — აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ქალი ამ ინცინდენტის შემდეგ (დამატებით მძიმე სამუშაო პირობების გამოც) სპარში, სადაც არ არსებობს დაცვა მსგავსი შემთხვევებისას დასაცავად, იძულებული გახდა სამუშაო დაეტოვებინა“, — წერს ორგანიზაცია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა „სპარის“ თანამშრომელს სამუშაო ადგილზე თავს დაესხნენ. 30 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე თანამშრომელს, 18 წლის ბიჭს, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. იგი 21 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა; კიდევ ერთი შემთხვევა 27 იანვარს მოხდა — „სპარის“ ლუბლიანის ქუჩის ფილიალში 24 წლის კაცი დაჭრეს.

სადღეღამისო „სპარში“, რომელიც 300-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს, დაცვის თანამშრომლები მხოლოდ 30 მაღაზიაში ჰყავთ. ალტერნატიული პროფკავშირის ცნობით, დაცვის პრობლემა, სპარის გარდა, სხვა ქსელურ სადღეღამისო მარკეტებშიც დგას.

სუპერმარკეტებში დაცვის არსებობა/არარსებობას და, შესაბამისად, კონსულტანტთა უსაფრთხოების საკითხს სახელმწიფო არ არეგულირებს.

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

ვინ (არ) იცავს კონსულტანტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი