ეკონომიკა

„ბორჯომის“ თანამშრომლების თქმით, დამსაქმებლისაგან ახალი შეთავაზება მიიღეს

3 მაისი, 2022 •
„ბორჯომის“ თანამშრომლების თქმით, დამსაქმებლისაგან ახალი შეთავაზება მიიღეს

„ბორჯომის“ ინვესტორისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში კომპანიის დასაქმებულები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან, აცხადებენ, რომ კონტრაქტის პირობები უუარესდებათ.

„ნეტგაზეთი“ შეეცადა გაერკვია, რას სთავაზობს დამსაქმებელი თანამშრომლებს (კომპანიაში დაახლოებით 1500 ადამიანი მუშაობს), რაზე არიან ისინი თანახმა, რას არ ეთანხმებიან და როგორ შეიძლება აისახოს ეს შეთავაზება კომპანიის მომავალ ბედზე.

წარმოების შეჩერება სანქციების ფონზე

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს  მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.

კომპანიამ ამის მიზეზად უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. მისი განცხადებით:

„პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

ბორჯომის მფლობელი კომპანიის, „ალფა ჯგუფის“ საკონტროლო, 60%-იან პაკეტს ფლობს სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი.

რას უპირებს კომპანია თანამშრომლებს

„ბორჯომის“ დასაქმებულების უფლებებს იცავს „ლაბორი“, – „ლაბორი“ არის საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი.

„ლაბორის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში (3 მაისს, 14:00 საათისთვის) აღწერს საქმის გარემოებებსა და დამსაქმებლის შეთავაზებას:

  • დასაქმებულებს კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულებები აქვთ დადებული;
  • [ფრიდმანის სანქცირების გამო] შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა კომპანიამ რამდენიმე პუნქტი შეიმუშავა, რომელიც სურს, რომ შრომის ხელშეკრულებას დაემატოს. მაგალითად:
  • თუკი აქამდე იძულებითი მოცდენა ანაზღაურდებოდა 100%-იანი განაკვეთით, ახლა განახევრდება და 50% ხდება;
  • თუკი აქამდე ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდებოდა 140%-ით, ახლა 125%-ით ანაზღაურდება;
  • თუკი აქამდე პრემიებს ურიცხავდა დასაქმებულებს, ახლა აღარ ჩაურიცხავს;
  • გიორგი დიასამიძის თანახმად, ამ ეტაპზე კომპანიის  უცვლელი პოზიციაა, რომ ხელშეკრულების ახალი პუქნტები უნდა იყოს სამუდამო.

რა სურთ თანამშრომლებს?

„ბორჯომის“ პირობების საპირწონედ, გიორგი დიასამიძის თქმით, თანამშრომლები დამსაქმებელს ასეთ ალტერნატივას სთავაზობენ:

  • „დასაქმებულებს ესმით შექმნილი მდგომარეობის სირთულე;
  • აქედან გამომდინარე, ისინი თანახმანი არიან ჩამოთვლილ პირობებზე, თუმცა, არა სამუდამოდ, არამედ სამი თვით.
  • სამი თვის შემდეგ, თუკი კომპანიის პრობლემები მოგვარდება, კონტრაქტს ეს ახალი ნაწილი უნდა ჩამოსცილდეს და ძველი პირობებით გაგრძელდეს მუშაობა;
  • თუკი მომავალ 3 თვეში პრობლემები არ გამოსწორდება, დასაქმებულები ამბობენ, რომ კიდევ გაისაუბრებენ მენეჯმენტთან, რომელმაც უნდა დაარწმუნოს, რომ შეუძლებელი იქნება ძველი პირობებით მუშაობის გაგრძელება და თუ ამაში დარწმუნდნენ, გაუარესებულ პირობებს დაეთანხმებიან კიდევ სამი თვის განმავლობაში“;
  • გარდა ამისა, პროფკავშირის თანახმად, დასაქმებულთა პოზიციით, კომპანიაში არ უნდა განხორციელდეს რეორგანიზაცია, რათა დაცული იქნას თითოეული სამუშაო ადგილი და „რეორგანიზაცია არ იქნას გამოყენებული დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად“.

კომპანიამ დასაქმებულებს შემოთავაზებული პირობების ხელმოსაწერად დრო სამ მაისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გარდაუვალ რეორგანიზაციაზე ისაუბრა, რასაც მშრომელები, პროფკავშირის თანახმად, შანტაჟად აღიქვამენ.

„კომპანიის მხრიდან ზემოთ ხსენებული 3-თვიანი მინიმალური გარაანტიის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებულები უარს აცხადებენ შემოთავაზებული პირობების ხელმოწერაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მომავალ განცხადებამდე ბორჯომის ქარხანასთან დაკავშირებით“, – აცხადებს „ლაბორი“.

გიორგი დიასამიძის თქმით, იგი დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენლებს და გააცნო ახალი პირობები, ასევე, მზაობა განაცხადა დასაქმებულებთან ერთად მენეჯმენტთან შეხვედრაზე, თუმცა 3 მაისის 14:00 საათისთვის პასუხი კვლავ არ მიუღია.

„სოციალური მდგომარეობით ვაჭრობენ“

გიორგი დიასამიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასაქმებულთა შეთავაზებაზე უარის თქმა მათ გარკვეულ ეჭვებს უჩენს:

„დასაქმებულები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, „ბორჯომი“ გაიყიდოს. მათი აზრით, ახლანდელ მფლობელებს სურთ, კომპანია გაიყიდოს ისე, რომ თუკი ხელფასებში ყოველწლიურად ხარჯავდა 22 მლნ ლარს, ახლა გაიყიდოს ისე, რომ ხელფასებზე იხარჯებოდეს გაცილებით ნაკლები თანხა; ერთი სიტყვით, სავარაუდოდ, დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობით ვაჭრობენ“, – აცხადებს დიასამიძე.

პროფკავშირების ინფორმაციით, „ბორჯომის“ სახელფასო ბიუჯეტი ყოველწლიურად სწორედ 22 მლნ ლარს შეადგენს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „IDS ბორჯომი – საქართველოს“ პროფკავშირების ინფორმაციის დასაზუსტებლად/გადასამოწმებლად, თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ, რადგან „ეს კომპანიის შიდა პროცესია“.

პრემიერის დაპირება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან მალე“ გააცნობს საზოგადოებას „სასიამოვნო ინფორმაციას“ „ბორჯომის“ შესახებ.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას შეეძლო, გამოეყენებინა გასული პერიოდი, რათა მოეხდინა რუსული კაპიტალის მკვეთრი შემცირება ქვეყანაში, მათ შორის ბორჯომთან მიმართებაში, თუმცა ეს არ გააკეთა.

„მე მგონია, რომ მთავრობის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ რაღაცნაირად უფრო გაუფასურდეს ეს ბიზნესები ქვეყანაში და შემდეგ თვითონ, მთავრობის წევრებმა ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის გარიგებით; თავიანთ თავზე, ან თავიანთ გარემოცვაზე გადაიფორმონ ეს აქტივები“, – გვეუბნება მანანა ქოჩლაძე.

ისტორია – მოკლედ

ბორჯომის ახლანდელი მფლობელი კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ამ „უნიკალური მინერალური წყლის ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის“, მე-19 საუკუნის ბოლოს კი მისი მოპოვება რუსეთის იმპერიას უკავშირდება. ბორჯომის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა საბჭოთა პერიოდში.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში კი „ბორჯომმა“ სამი ინვესტორი გამოიცვალა: მამუკა ხაზარაძე (1995-2002), „სელფორდი“ (ბადრი პატარკაციშვილი და ბორის ბერეზოვსკი – 2002-2012) და „ალფა ჯგუფი“ (მიხეილ ფრიდმანი 60%, პატარკაციშვილის ოჯახი 40% – დღემდე).

ინგლისისა და უელსის უმაღლესი კომერციული სასამართლოს 25 მარტის გადაწვეტილების თანმხლები მასალებიდან ირკვევა, რომ პატარკაციშვილის მემკვიდრეები 2012 წელს ჩართულნი იყვნენ მოლაპარაკებებში ბორჯომის გაყიდვასთან დაკავშირებით, ხოლო „ბორჯომის“ წილებისთვის, ფრიდმანის „ალფას“ გარდა, იბრძოდა კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“.

ვრცლად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი