„IDS ბორჯომი – საქართველოს“ მენეჯმენტმა 49 თანამშრომელი გაათავისუფლა, რის საფუძვლადაც კომპანია ასახელებს რეორგანიზაციის პროცესში ხელშეკრულების ცვლილებაზე უარს.
კომპანიის განმარტებით, [ინვესტორის, რუსი ოლიგაქრის, მიხაილ ფრიდმანის სანქცირების გამო] შექმნილ ვითარებაში კომპანია იძულებული გახდა, ცვლილება შეეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში.
„ბორჯომის“ თანახმად, „კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა“, რის გამოც თანამშრომლებს შესთავაზეს განახლებული პირობები, რაც გულისხმობს მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას, ხოლო ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი.
ეს პირობა, კომპანიის თანახმად „სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა“, რის გამოც, როგორც კომპანია ამბობს, იძულებული გახდა, ქარხანაში დაეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის „კანონმდებლობის საფუძველზე“ შეეწყვიტა ხელშეკრულებები.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს“, – აცხადებენ კომპანიაში.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, – აცხადებს „ბორჯომი“.
რას ამბობენ პროფკავშირში
„ბორჯომის“ დასაქმებულების უფლებებს იცავს „ლაბორი“, – საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი.
„ლაბორის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ თანამშრომლები ელოდნენ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას, რადგან „დამსაქმებელს უნდა, ეკონომია გააკეთოს“.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ იციან, ვინ არის გათვისუფლებული 49 ადამიანი. თუკი ისინი პროფკავშირის წევრები არიან, „ლაბორი“ მათ უფლებებს დაიცავს.
„გარდა ამისა, არცერთი დამსაქმებლის გამო არ უნდა მოხდეს ამ ქარხნით და დასაქმებულებით, ვინც არ უნდა იყოს ეს დამსაქმებელი, მით უმეტეს, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი. ეს ქარხანა არ არის მხოლოდ სამუშაო სივრცე, ეს არის ქართული ბრენდი“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.
„პრემიერმა გააკეთა განცხადება „ბორჯომთან“ დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლეზე“. ეს ხომ არ არის სასიამოვნო სიახლე? შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს. და თუკი ერთი ფრიდმანი ურჩევნია ამდენ ადამიანს და ამხელა ქარხანას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – გვეუბნება პროფკავშირის ხელმძღვანელი.
დიასამიძის განცხადებითვე, დღეს, 5 მაისს, ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანა განცხადება მედიაციის დაწყების მიზნით.
„სამინისტრო გამოყოფს მედიატორს და 21 დღის განმავლობაში თუკი არ მოხდა შეთანხმება, დასაქმებულებს ექნებათ გაფიცვის სრული, კანონიერი უფლება“, – ამბობს დიასამიძე.
მისი განმარტებით, იძულებითი მოცდენა ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულებმა შეიძლება მაინც იმუშაონ 8-საათიან სამუშაო დროის გარკვეულ პერიოდში, ხოლო გაფიცვა ნიშნავს, რომ საერთოდ არ იმუშავებენ.
„ახლა ქარხნები არ მუშაობს. ახლა მარაგები აქვთ შექმნილი და იმის საჩვენებლად, რომ ვითომ უჭირთ, მძიმედ არიან, ამ მარაგების ამოღება ხდება და დასაქმებულებს ატყუებენ, ხომ ხედავთ, რომ დახურული ვართ და ამაზე დაგვთანხმდით, რასაც გთავაზობთო“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.
გუშინ „ბორჯომის“ დასაქმებულებმა კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.
„ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფია“.
ვრცლად „ბორჯომის“ დასაქმებულებისა და სანქციების ფონზე სირთულეების საკითხზე: