ახალი ამბები

ვინ (არ) იცავს კონსულტანტებს

29 იანვარი, 2020 • 3511
ვინ (არ) იცავს კონსულტანტებს

27 იანვარს ლუბლიანის ქუჩაზე მაღაზიათა ქსელის, „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ქსელის მოლარე-კონსულტანტს თავს ესხმიან.

სადღეღამისო „სპარში“, რომელიც 300-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს, დაცვის თანამშრომლები მხოლოდ 30 მაღაზიაში ჰყავთ. ალტერნატიული პროფკავშირის ცნობით, დაცვის პრობლემა, სპარის გარდა, სხვა ქსელურ სადღეღამისო მარკეტებშიც დგას.

სუპერმარკეტებში დაცვის არსებობა/არარსებობას და, შესაბამისად, კონსულტანტთა უსაფრთხოების საკითხს სახელმწიფო არ არეგულირებს. შრომის ინსპექცია ამბობს, რომ ამ საკითხის მონიტორინგი და რეგულირება მათ კომპეტენციას სცდება.

პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მოუწოდებენ სახელმწიფოს, აქტიურად ჩაერთოს საკითხის განხილვაში და კონსულტანტები საფრთხის წინაშე მარტო არ დატოვოს.

მაღაზიათა ქსელ „სპარს“ ნეტგაზეთმა რამდენჯერმე მიმართა კომენტარისთვის, თუმცა პასუხზე პრესსამსახურმა უარი გვითხრა და შემოგთავაზა დავლოდებოდით ოფიციალურ პასუხს. ოფიციალურ პასუხში კი კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ „სპარი“ თავად არის დაზარალებული, ვინაიდან ოჯახის წევრი დაკარგა, თუმცა საზოგადოებამ მას არ თანაუგრძნო.

24 წლის დაჭრილი და 18 წლის გარდაცვლილი „სპარის“ თანამშრომლები – მოვლენათა ქრონიკა

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „სპარის“ კონსულტანტებს ორჯერ დაესხნენ თავს – პირველად 30 დეკემბერს, მეორედ კი- 27 იანვარს. აქედან ერთ-ერთი შემთხვევა კონსულტანტის სიკვდილით დასრულდა.

გარდაცვლილი 18 წლის ბიჭი იყო, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარე „სპარის“ ფილიალში სამუშაოდ რამდენიმე თვის მისული იყო. 30 დეკემბერს მას თავს დაესხა მაღაზიაში შემოსული პირი. 23 დღის შემდეგ კი, 22 იანვარს, მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სპარში“ ამბობენ, რომ მომხდარის დროს ფილიალში იმყოფებოდა დაცვაც, რომელიც კომპანიის თანამშრომელი იყო. მან გაანეიტრალა თავდამსხმელი და გარეთ გაიყვანა. დაცვას მაღაზიის გარეთ კონსულტანტიც გაჰყვა, რა დროსაც თავდამსხმელმა მას თავში ქვა ჩაარტყა.

შსს-მ მომხდარზე დაიწყო გამოძიება და დააკავა ბრალდებული, თავად „სპარმა“ კი “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობითი პასუხში თქვა, რომ მართალია, ახალგაზრდა სამუშაო საათებში დაზიანდა, თუმცა ეს საწარმოო პროცესით გამოწვეული არ ყოფილა. კომპანიამ მაშინ არ გვითხრა, აპირებდა თუ არა გარდაცვლილის ოჯახისთვის კომპენსაციას.

კონსულტანტზე თავდასხმის მეორე შემთხვევა 27 იანვარს ლუბლიანის ქუჩაზე მოხდა. 24 წლის ახალგაზრდა კაცს ბასრი საგნით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდაპირველად ყველაფერი დაპირისპირებით დაიწყო, რა დროსაც ბრალდებულმა „სპარის“ თანამშრომელს დანით ჭრილობა მიაყენა, შემდგომ კი ახლომდებარე კორპუსში მიმალვა სცადა.

დაშავებული ამჟამად „ცენტრალურ საავადმყოფოში“ მკურნალობს. ნეტგაზეთთან საუბარში ექიმი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადის.

სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ გვითანაგრძნო, მაგრამ ჩვენ დაზარალებული მხარე ვართ – „სპარის“ პოზიცია

კონსულტანტის დაჭრიდან 3 დღის შემდეგ, „სპარი“ ოფიციალურ განცხადებას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აკეთებს, სადაც მისი დირექტორი ამბობს, რომ კომპანია თავად არის დაზარალებული მხარე.

„სპარ-საქართველოს“ მმართველი დირექტორის, მირანდა მანჯგალაძის თქმით, მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული და მისი შეფასებით, აგრესიული პოსტი დაიწერა, რაც უსამართლოა.

„სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ გვითანაგრძნო, მაგრამ ჩვენ დაზარალებული მხარე ვართ, ჩვენ მიწას მივაბარეთ ჩვენი ოჯახის წევრი, 18 წლის ბავშვი, რომელთან ერთადაც ჩაქრა ყველაფერი. საზოგადოებას არ უჩნდება თანგრძნობა ჩვენ მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ ოჯახის წევრი“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

ის ყვება, რომ „სპარის“ მენეჯერებს თავად უტარებს სასწავლო ტრენინგებს და ასწავლის მომხმარებლებთან ურთიერთობას, მათ შორის, მოუწოდებს, რომ კონფლიქტში არ შევიდნენ მათთან და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ზემო მენეჯმენტს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყოდა საზოგადოებას, რომელიც „სპარში“ დაცვის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს, მანჯგალაძე პასუხობს:

„მინდა ვუთხრა ადამინებს, რომ აგრესიით საქმე არასდროს კეთდება, მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით. დაცვას, რომელსაც ადამიანები ითხოვენ, ეს არის  – ეს არის, მე შევადარებდი სუპერმენს, რომელიც უნდა იყოს მთლიანად აღჭურვილი და შეიარაღებული, რომ ასეთ შემთხვევებში… განზრახ მკვლელობებზე რომ თანამშრომელი დაიცვას.

ან უნდა გვყავდეს გამოკეტილი და გვყავდეს ინდივიდუალური დაცვა, რომ თანამშრომლებს არანაირი საფრთხე არ შეექმნას. მაგრამ ჩვენ ამის იდენტიფიცირებას, რა თქმა უნდა, ვერ ვახდენთ, ვინ რა განზრახვით შემოდის მაღაიზაში“, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე. 

რაც შეეხება უკვე არსებულ დაცვას, „სპარის“ დირექტორი ამბობს, რომ 300-ზე მეტი ობიექტიდან დაცვა კომპანიას მხოლოდ 30 ობიექტზე ჰყავს. დაცვის ზოგიერთი წარმომადგენელი „სპარის“ თანამშრომელია, ზოგი კი -კონტრაქტორი ფირმის. კითხვაზე, თუ როგორ შეირჩა 300-დან 30 ობიექტი, მანჯგალაძე განმარტავს, რომ ფილიალები ზომის, ადგილმდებარეობისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიხდვით აირჩიეს.

„რა გავაკეთოთ ამის მეტი?! თუ თქვენ ამბობთ, რომ შეიარაღებული დაცვა უნდა გვყავდეს?!“ – კითხულობს მირანდა მანჯგალაძე და ლუბლიანის „სპარში“ მომხდარი შემთხვევა 2019 წელს 4 წლის ბავშვის დაჭრას შეადარა. ცნობისთვის, მაშინ პეკინის ქუჩაზე მშობლებთან ერთად მყოფი ბავშვი გამვლელმა უეცრად დაჭრა, შემდეგ კი მიმალვა სცადა.

„ახალგაზრდებისთვის ფსიქოლოგიურად გამანადგურებელია ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც მათ იციან, რომ საფრთხე ემუქრებათ“ – უფლებადამცველთა შეფასებები

სუპერმარკეტებში დაცვის არსებობა/არარსებობის საკითხი შრომის ინსპექციის რეგულირების სფეროში არ შედის. შესაბამისად, უწყებაში გვეუბნებიან, რომ არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავის დასაცავად ამ საკითხზე ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და ალტერნატიული პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია, ქსელურ სუპერმარკეტებში დაცვის არსებობა კი აუცილებლად არის შრომის უსაფრთხოების საკითხი.

„ჩვენი აზრით, ეს უდავოდ არის უსაფრთხოების საკითხი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი. მისი თქმით, როდესაც ადამიანები, განსაკუთრებით ღამის საათებში, დაცვის გარეშე არიან დატოვებულნი, ეს აუცილებლად უნდა განიხილებოდეს შრომის უსაფრთხოების ჭრილში.

ერისთავი ამბობს, რომ სიტუაციას ამძაფრებს სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა ექსპლუატაციაც – კერძოდ, დაურეგულირებელი სამუშაო გრაფიკი, ერთდროულად ბევრი მოვალეობის, მათ შორის, დაცვის ფუნქციის შეთავსება და მიზერული ხელფასები.

„ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ღამით დასაქმებულები მართლაც ძალიან დიდი სტრესის ქვეშ მუშაობენ. რეალურად მათ არაფერი იცავს ფიზიკური საფრთხისგან და ეს კვლევებითაც ვლინდება – თუ როგორი გამანადგურებელია ფსიქოლოგიურად ახალგაზრდისთვის დაუცველ პირობებში ყოფნა.

ეს უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხი და შრომის ინსპექციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები, რომ დაცული იყოს სუპერმარკეტში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება და გამოძიებაც უნდა მიდიოდეს ამ მიმართულებით – როგორც შრომის უსაფრთხოების დარღვევით,ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა თუ ჯანრმთელობის დაზიანება, ანუ დადგეს „სპარის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განმარტავს კოტე ერისთავი.

რაც შეეხება საკანონმდებლო ხარვეზს, ერისთავი მიიჩნევს, რომ აუცილეელია მკაფიოდ განისაზღვროს, თუ რა იგულისხმება შრომის უსაფრთხოებაში და ამ ცნების ქვეშ აუცილებლად მოისაზრებოდეს ასევე ფსიქო-სოციალური ასპექტი.

ნეტგაზეთთან ასევე ისაუბრა „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ, სოფიო ჯაფარიძემაც. ჯაფარიძე ყვება, რომ ამჟამად „სპარის“, ადრე კი „იოლისა“ და „ფუდმარტის“ თანამშრომლებმა ორგანიზაციას პირველად ხუთი წლის წინ მიმართეს. შემდგომ კი სხვა ქსელური კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

„ყველა ამბობს ერთსა და იმავეს, დაცვა არ არის, დაცვის, დამლაგებლის ფუნქციას კი ითვისებს დაახლოებით 2 ადამიანი – მოლარე და მოლარე -კონსულტანტი“ ,- ამბობს სოფიო ჯაფარიძე.

მისი დაკვირვებით, დაცვის არარსებობის პრობლემა ქსელურ სუპერმარკეტებში ყოველთვის არის, თვითონ დასაქმებულები კი ამით გამოწველ სტრესსა და შიშზე საუბრობენ – „ამბობენ, რომ ასე მუშაობა ძალიან საშიშია იმიტომ, რომ ხშირად შემოდის არაფხიზელი ხალხი, რომლებიც იმუქრებიან და ზოგჯერ, ფიზიკურადაც გვისწორდებიანო. ჩვეულებრივი საუბარიც კი შეიძლება ცუდად წავიდეს“.

„სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე ყვება, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში არსებობს ე.წ. მონიტორინგი. თუმცა, დასაქმებულების თქმით, მონიტორინგის თანამშრომლები აკონტროლებენ მათ და არ ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ შრომის ინსპექციას, რეაგირება კი არ იყო. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საბოლოოდ, არა მგონია, ვინმესთვის პრიორიტეტი იყოს მაღაზიების შრომის ინსპექცია. თითქოს ვერავინ იგებს, რომ ეს მნიშვნელოვანია“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

სოფო ჯაფარიძე. „სოლიდარობის ქსელის“ თამდჯომარე

 

„საგაზაფხულო სესიაზე ინსპექციის კანონი დასრულდება და მისი მანდატი გავრცელდება შრომითი უფლებების დაცვაზეც“

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის კანონი საგაზაფხულო სესიაზე, შესაძლოა, დაიხვეწოს. მისი თქმით, ამისთვის არსებობს კანონპროექტიც, რომლის მიღების შემთხვევაშიც, კანონის მანდატი გავრცელდება შრომითი უფლებების დაცვაზე და არამხოლოდ – შრომით უსაფრთხოებაზე.

ცქიტიშვილი დასძენს, რომ მისი აზრით, ამ კანონპროექტზე შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია.

„ჩემი არგუმენტი არის ის, რომ ადამიანის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და თუ ბიზნესი  ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის, შრომით უფლებების –  ეს ბიზნესი შეიძლება დაიხუროს კიდეც“, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი