ახალი ამბები

წითელი ჯვარი: სტიქიით დაზარალებულთა უმეტესობამ ფსიქოლოგური დახმარება მოითხოვა

2 ივლისი, 2015 • 1590
წითელი ჯვარი: სტიქიით დაზარალებულთა უმეტესობამ ფსიქოლოგური დახმარება მოითხოვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებული 110 ოჯახის წევრებიდან თითქმის ყველამ თავად მოითხოვა ფსიქოსოციალური დახმარება.

 

“დაზარალებულების მდგომარეობა, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე სახლებიც, მძიმე იყო: შოკი, ტირილი, უიმედობა, უსუსურობის განცდა,”– წერს წითელი ჯვარი.

 

როგორც წითელი ჯვარი წერს, ასეთ ტრავმულ მოვლენაზე გავრცელებული რეაქციებია შფოთვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ჩავარდნები მეხსიერებაში, დეზორიენტირებულობა, ტირილი, სევდა, დანაშაულის განცდა (ე.წ. გადარჩენილის დანაშაულის განცდა იმ შემთხვევაში, თუ ახლობლები დაიღუპნენ, ის კი გადარჩა), ბრაზი. ფიზიკური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილის დარღვევას, ფიზიკურ ტკივილს, აჩქარებულ გულისცემას და ა.შ. თუ ამ შემთხვევაში პირველადი ფსიქოლოგიური ჩარევა არ მოხდა, ადვილი შესაძლებელია, ადამიანს პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობა განუვითარდეს, რისი შედეგებიც გაცილებით მძიმეა და ფსიქოთერაპევტის ჩარევას საჭიროებს.

ფოტო – საქართველოს წითელი ჯვარი
ფოტო – საქართველოს წითელი ჯვარი

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოლოგი, პირველადი რეაგირების ჯგუფის წევრი, ნინო სირაძე ამბობს, რომ კატასტროფის ადგილას ფსიქოლოგის მყისიერი ჩარევა უნდა მოხდეს, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავს ფსიქოლოგიური პირველი დახმარების არსს. ამ დროს ხდება დაზარალებულების ემოციური მხარდაჭერა შოკის ეტაპზე,  მათი ემოციური ვენტილაცია, იმ განცდის მიცემა, რომ მარტო არ არიან – მათ გვერდით არის ადამიანი, რომელიც გარდა ემოციური მხარდაჭერისა, პრაქტიკულ მხარდაჭერასაც აღმოუჩენს, უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციით და ა.შ.

 

“პირველადი ფსიქოლოგიური ჩარევის შემდეგ ნეგატიური ფსიქოლოგიური ემოციების ინტენსივობამ უნდა დაიკლოს და ჩაქრეს. ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, 3-6 თვის თავზე სიმპტომები კვლავ გამოვლინდება და მათი ინტენსივობა არ დაიკლებს. ამ შემთხევაში უკვე საქმე გვექნება „პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობასთან“, რომლის სიმპტომებია აკვიატებული მოგონებები ან  სიზმრები ტრავმული მოვლენის შესახებ, განრიდება, ნეგატიური ცვლილებები ფიქრებსა და გუნება-განწყობაში, ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობების მიმართ, ემოციური „დამუნჯება“ (ადამიანი ვეღარაფერს განიცდის), ცვლილებები ემოციურ რეაქციებში, ქცევის ცვლილება – თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლენა და ა.შ. სიმპტომებმა, შესაძლოა, ერთი წლის თავზეც კი იჩინოს თავი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი მეთვალყურეობა ამ ხნის მანძილზე და რეფერირება შესაბამის სპეციალისტებთან,” – ამბობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოლოგი.

 

მისივე თქმით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად განსაკუთრებული ფსიქოსოციალური დახმარება ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს დაჭირდათ.

 

“პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების დროს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან მამაკაცები. ეს ქვეყნის კულტურული თავისებურებიდან გამომდინარეობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიჩვეულები არ არიან გრძნობებზე საუბარს და თავს იკავებენ ემოციების გამოხატვისგან. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტანდარტებით მამაკაცების ფსიქოსოციალურ დახმარებასაც თანაბარი ყურადღება ექცევა,”– ამბობს ნინო სირაძე.

 

სტიქიის ზიანთან ბრძოლის დროს ათასობით მოხალისე გაწმენდით სამუშაოებში იყო ჩართული. წითელი ჯვრის ინფორმაციით, რეაგირების დროს მოხალისეები ხშირად ხდებოდნენ არასასურველი და ნეგატიური სცენის მოწმენი, ამიტომ ფსიქოლოგებს მათთან მუშაობაც უხდებოდათ, რადგან უბრალო მოწმესაც კი შეიძლება განუვითარდეს პოსტრტრავმული სტრესული აშლილობა.

 

ნინო სირაძის თქმით, კარგი იქნება, თუ მოქალაქეები, ვისაც ამა თუ იმ ფორმით შეხება აქვთ დაზარალებულებთან, კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და სხვა პროფესიულ ასოციაციებთან და მწვავე მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, გადაამისამართებენ მათ შესაბამის სპეციალისტებთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი