ახალი ამბები

“შსს-მ მექისის მიერ ქალების შესაძლო შევიწროება არასათანადოდ შეისწავლა” – ომბუდსმენი

30 იანვარი, 2020 • 1548
“შსს-მ მექისის მიერ ქალების შესაძლო შევიწროება არასათანადოდ შეისწავლა” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის არასათანადოდ შესწავლის (პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის) შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენის განცხადებით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი „მეფე ერეკლეს აბანოში“ მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სერვისის განმახორციელებელმა კაცმა (მექისე) მხოლოდ ქალებს მოსთხოვა სრულად გაშიშვლება და ცდილობდა მათ მკერდს შეხებოდა. ომბუდსმენის თქმით, განმცხადებლის მითითებით, გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც არ მოახდინა სათანადო რეაგირება.

“სახალხო დამცველმა სამჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სათანადოდ შეესწავლა შესაძლო სექსუალური სავარაუდო შევიწროების შემთხვევა. თუმცა სამინისტრომ ვერ გამოკვეთა სექსუალური შევიწროების ფაქტი, რაც განმარტა იმ არგუმენტით, რომ განმცხადებელმა, გამოკითხვის დროს, სექსუალური შევიწროების ფაქტები უარყო. თუმცა საპირისპიროზე მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ განმცხადებლის, მოპასუხე მხარის და მესამე პირების მიერ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც სახალხო დამცველმა სამინისტროს ეფექტიანი რეაგირებისკენ არაერთხელ მოუწოდა”, – ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება, ეფექტიანად შეესწავლა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევა.

აქედან გამომდინარე, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა განმეორებით, სრულყოფილად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების აღნიშნული ფაქტი. ამასთან, შეისწავლოს  აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო გადაცდომები.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეზე რეაგირება, უზრუნველყოს/განაგრძოს ტრენინგების ჩატარება, რომლის მიზანია, მათ შორის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი