ახალი ამბები

ვოლსკი: მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა შეუშვან

29 იანვარი, 2020 • 1314
ვოლსკი: მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა შეუშვან

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან ერთად სხვა უწყებებშიც უნდა შეეზღუდოს შესვლა.

“იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში”, – განუცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია “პირველს”.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლა უნდოდა, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილების მიხედვით, მას უწყებაში არ შეუშვებენ. მდინარაძის თქმით, დადგენილებაში საუბარია პროვოკაციის საფრთხეზე, რაც შეიზლება მაჩალიკაშვილის შესვლასთან ერთად მოხდეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა პროკურატურის 28 იანვრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.

ამავე განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ უარს ამბობდა თემირლან მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაზე ტერორიზმთან კავშირის გამო, საფუძველი კი თემირლანის დაღუპვაა. თუმცა, როგორც საგამოძიებო უწყება ირწმუნება, საქმეში ამ კავშირის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურას მიკერძოებაში ადანაშაულებს და იმ პირების დასჯას ითხოვს, ვის ქმედებებსაც თემირლანი ემსხვერპლა. მალხაზ მაჩალიკაშვილს თავისი შვილის საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვს გაგზავნილი.

მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს, ის შეუძლოდ გახდა

მასალების გადაბეჭდვის წესი