ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო

28 იანვარი, 2020 • 1571
მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ამოწურულია ფორმალური არგუმენტიც, რომლის საფუძველზეც “ქართული ოცნების” დეპუტატები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერდნენ.

“აქამდე უმრავლესობის მხრიდან გვესმოდა ხოლმე არგუმენტი, რომ მიმდინარეობდა გამოძიება და, შესაბამისად, არ მიაჩნდათ მიზაშეწონილად საგამოძიებო კომისიის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ  ფორმალური არგუმენტი იყო, რადგან სამართლებრივად ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ჩვენ, ცხადია, არ გვქონდა ობიექტური  გამოძიების იმედი, თუმცა ახლა ამოწურულია ფორმალური არგუმენტიც კი, რაც აქამდე ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. უმრავლესობა შებოჭილი რომ არ იყოს ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების დამალვის სურვილით, თავად უნდა ითხოვდეს საგამოძიებო კომისიის შექმნას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თინა ბოკუჩავამ.

“ერთიან ნაციონალური მოძრაობას” პარლამენტში ინიცირებული აქვს დადგენილების პროექტი “2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე”. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედი, ე.ი. 50 დეპუტატის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება. ამჟამად პარლამენტში 54 დეპუტატია, რომელიც უმრავლესობის მიღმა პლატფორმაზე პოზიციონირებს, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნებიდან” გასული დამოუკიდებელი დეპუტატების ჩათვლით.

თინა ბოკუჩავას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ამჯერად დაუჭერენ თუ არა მხარს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.

“ქართულ ოცნებას” ახლად გამოყოფილ ფრაქციების თუ დეპუტატების პოზიცია რა არის, ამ დრომდე არ არის ჩვენთვის ცნობილი, თუმცა უმრავლესობაში ყოფნისას ისინი ინდივიდუალურ რეჟიმშიც არ უჭერდნენ მხარს ჩვენს ინიციატივას. საინტერესოა, ახლად სახეცვლილი დეპუტატები ახლა მაინც თუ დაინახავენ საგამოძიებო  კომისიის შექმნის აუცილებლობას. ჩვენ მხოლოდ მივესალმებოდით ამას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პარლამენტმა 2019 წლის მაისში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ერთხელ უკვე ჩააგდო.


პროკურატურამ თერმირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ უწყებამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ  გასროლა, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი