ახალი ამბები

თურქეთში დააკავეს ირანელი მუსიკოსი, რომელსაც თბილისში აქცია მოუწყვეს

29 იანვარი, 2020 •
თურქეთში დააკავეს ირანელი მუსიკოსი, რომელსაც თბილისში აქცია მოუწყვეს

ირანელი მუსიკოსი ამირ თათალუ (Amir Tataloo), რომლის მუსიკაც ირანში აკრძალულია, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში დააკავეს, – ირანის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება ბი-ბი-სი (BBC).

ამირ თათალუ თბილისშიცაა ნამყოფი — მან შარშან ფილარმონიაში კონცერტი გამართა, რასაც გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების საპროტესტო აქცია მოჰყვა ირანის საელჩოსთან.

ირანული პოლიციის ცნობით, იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ბრალდებით; ინტერპოლს მასზე ძებნა, სავარაუდოდ, თეირანის მოთხოვნის საფუძველზე ჰქონდა გამოცხადებული.

თუმცა, ირანის პოლიციის თანახმადვე, ის ამ მიზეზით არ დაუკავებიათ — დაკავების მიზეზი „სავიზო პირობების დარღვევა“ გახდა. BBC-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება მისი დეპორტაციის შესახებ.

მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინსტაგრამზე გაავრცელა მისმა მეგობარმა; თათალუმ კი გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ სხვა ადამიანზეა ბორკილებით მიბმული და ხელში დოკუმენტები უჭირავს.

ამირ თათალუს ინსტაგრამი

მუსიკოსის დაკავებიდან მალევე გაჩნდა პეტიცია მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც რამდენიმე საათში უკვე 130 000 ხელმოწერა აქვს.

ვინ არის ამირ თათალუ?

ამირ თათალუ სასცენო სახელია — 32 წლის რეპერის ნამდვილი სახელია ამირჰოსეინ მაგსოდლუ. ის ცნობილი და პოპულარულია მუსიკოსია, რომელიც ირანის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო და რომელსაც ირანში წლებია, პრობლემები აქვს.

ირანის ხელისუფლებას, კერძოდ კი, კულტურისა და ისლამური სწავლების სამინისტროს, მისი მუსიკა აკრძლალული აქვს, რადგან „ვესტერნიზებულად“ და „ამორალურად“ მიიჩნევს.

როგორც BBC წერს, 2013 წელს თათალუ ირანის „მორალურმა პოლიციამ“ დროებით დააკავა. ამის შემდეგ, 2015 წელს, თათალუმ საჯარო პოზიცია შეიცვალა და არაერთხელ დაუჭირა მხარი ირანის სულიერ ლიდერსა და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს (IRGC-ს);

ერთი პერიოდი რეპერი ქალებისთვის ჰიჯაბის ტარების აუცილებლობასაც იცავდა. თუმცა 2016 წელს კვლავ დააკავეს და დააპატიმრეს „ახალგაზრდებში გარყვნილების გავრცელების“ ბრალდებით.

მედიაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, თათალუ თურქეთში ცხოვრობდა და მუსიკალურ კარიერას აგრძელებდა. მის მუსიკას აღწერენ, როგორც „პოპის, რეპის, ჯაზისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ნაზავს“.

თათალუს 2.4 მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე და 1.3 მილიონი — ფეისბუკზე. თბილისში მისი 2019 წლის 24 მარტს გამართული, თითქმის 4-საათიანი კონცერტის ჩანაწერს იუტუბზე 680 000 ნახვა აქვს.

თათალუ თბილისში

სწორედ ამ კონცერტს, რომელსაც ძირითადად ირანული დიასპორა ესწრებოდა, მოჰყვა აქცია ირანის საელჩოსთან თბილისში.

აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თათალუმ კონცერტის მიმდინარეობისას „ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა“ და ირანის საელჩოსგან ამის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.

აქციის ორგანიზატორები — გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და კიდევ რამდენიმე ფიგურა — საელჩოში შეიპატიჟეს, სადაც მათ საქართველოში ირანის ელჩი, სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

ელჩმა თვითონაც გააკრიტიკა მუსიკოსი, თქვა, რომ თათალუ ირანში ძებნილია, რომელსაც „აღარ დაედგომებოდა ირანში და გაიქცა“; რომ მას ირანის რესპუბლიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს; რომ მისი კონცერტი „არანაირად არ არის ახლოს ირანულ კულტურასთან, ხელოვნებასთან და ირანულ მუსიკასთან” და საელჩოში არ ჰქონდათ ინფორმაცია მსგავსი ღონისძიების შესახებ.

შეხვედრა გურამ ფალავანდიშვილის ჰომოფობიური და ანტიამერიკული ფრაზით დასრულდა: „ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ამერიკისა და „ელჯიბითის“ წინააღმდეგ“, – ინგლისურად უთხრა ფალავანდიშვილმა ელჩ სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის.

ამირ თათალუმ მოგვიანებით განაცხადა, რომ არ მიუყენებია შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის; იმ დღეებში ცნობილმა ირანისტმა, მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემაც დაწერა, რომ მომღერლის სიტყვებს არასწორად ციტირებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი