ახალი ამბები

რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?

26 იანვარი, 2020 •
რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ NDI-ის კრიტიკით და რა მოხდა რუსეთში?

„მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება პირდაპირ რუსეთისგან იღებს თუ არა დირექტივებს. ამ პოლიტიკის პრორუსულობა გამოიხატება იმაში, რომ სისტემატურად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიისთვის…“ – ასეთია პუბლიცისტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასება ხელისუფლების რეაქციაზე, რაც NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ ამჯერადაც გავლენიანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია არასანდოობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს.

ანალიტიკოსებს საერთაშორისო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა რუსეთს ახსენებს, საიდანაც 2012 წელს NDI-ი გააძევეს – ეს ორგანიზაცია რუსეთის პროკურატურამ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა. იმის მიუხედავად, რომ რუსეთში და საქართველოშიც ოფიციალური პირების შეფასებები ხშირად ერთმანეთს ჰგავს, მიიჩნევენ, რომ საქართველოში თითქმის შეუძლებელია იგივე მოხდეს, რაც რუსეთში შეძლეს. „რადგან ჩვენ ვნახეთ რეაქცია, მაგალითად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ამას კინაღამ გადაყვა ხელისუფლება“, – დასძენს ზაალ ანდრონიკაშვილი.

რას აჩვენებს ხელისუფლების რეაქცია? 

„ამერიკელების დაფინანსებული ფულით ამერიკის საპირისპირო ინტერესს ატარებენ,“ – აღნიშნა NDI-ის და IRI-ის საქმიანობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მან ტელეკომპანია „იმედთან“ 2019 წლის 27 ნოემბერს ინტერვიუს დროს თქვა ისიც, რომ „კონგრესისთვის, სენატისთვის ან თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ღიად წერილის მიწერას აპირებს“. ამ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, 18 ნოემბერს, IRI-მ კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი 23 პროცენტია, ოპოზიციას კი ჯამურად 41 პროცენტი უჭერს მხარს.

„ნახეთ, ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა „ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე არაა საფუძველს მოკლებული. მაგრამ, ზოგადად, რა ხდება: დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მისწერა თუ არა წერილი ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის მთავრობას, უცნობია. წერილი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ ინფორმაცია არც NDI-ის ოფისში აქვთ.

ამერიკული ორგანიზაციების კრიტიკის ტენდენცია შეინარჩუნა ხელისუფლებამ წელსაც, როცა NDI-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ახლაც არგუმენტების გარეშე ჩინოვნიკები ძირითადად წინა წლებს იხსენებდნენ, როცა კვლევის შედეგები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ დაემთხვა.

„არადემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ… ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის… NDI-ის არაერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა არ შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც რეალური,“ – თქვა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე: „ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს“.

მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი: „NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს…“

„ბოლო კვლევებით გამოჩნდა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის რეიტინგმა კიდევ უფრო იკლო და ოპოზიციის რეიტინგი ჯამში გაიზრდა. შესაბამისად, რეაქცია იყო მწვავე… ხელისუფლებას აქვს მიზანი, რომ მაქსიმალურად სცადოს ამ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რეპუტაცია შეულახოს მას. ამ დამოკიდებულებით ხელისუფლება ცდილობს იმ მძიმე შედეგის, ასე ვთქვათ, განეიტრალებას, რაც კვლევამ აჩვენა,“ – ამბობს „სოციალური სწავლების და ანალიზის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ოჩი კონცელიძე.

ანალოგიური განცდა აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილსაც. „დაახლოებით ისეთი მომენტია, სიცხე რომ გავიზომო, 40 რომ მიჩვენოს თერმომეტრმა და დავაბრალო თერმომეტრს. ანუ „ოცნება“ ამბობს, რომ მასში კი არ არის პრობლემა, არამედ ინსტრუმენტში, რომელიც ზომავს წარმატებას, აღქმას საზოგადოებაში“, – ამბობს ის.

ყველაზე მწვავე ირმა ინაშვილი იყო, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მან პირდაპირ თქვა, რომ NDI კორუფციულ გარიგებაშია გარეული და საქმე გვაქვს „სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასთან“. ეს ის ფრაზაა, რომელიც წლების წინ აქტუალური რუსეთში იყო, როცა დასავლეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე საუბრობდნენ, მათ შორის, NDI-ზე“.

ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა: „ჩვენ ვიცით, როგორ გადავტეხოთ და როგორ დავასრულოთ ეს საინფორმაციო შეტევაო“ და NDI-ის აკრძალვაც მოითხოვა.

რა მოხდა რუსეთში? 

„აკრძალვა“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემა“ – ის, რაც გია ვოსლკიმ და ირმა ინაშვილმა ახლა ახსენეს მედიისთვის მიცემულ კომენტარებში, რუსეთში აქტუალური 2012 წელს იყო. დაახლოებით 8 წლის წინ რუსეთის ხელისუფლებაც NDI-ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების „უსაფრთხოების პრობლემაზე“ ალაპარაკდა, რაც საბოლოოდ აკრძალვის დაკანონებით დასრულდა.

2016 წელს რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ NDI „საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლებს“, თუმცა მანამდე, 2012 წელს, NDI რუსეთის პროკურატურამ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა და ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა – NDI-ის ოფისი მოსკოვში დაიხურა.

ოფისის დახურვამდე რუსეთის ხელისუფლებამ NDI-სთვის მოასწრო იმის დაბრალებაც, რომ ორგანიზაცია, რომელსაც აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობდა, „საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ სისტემას“. ამის შესახებ ბევრი რუსული მედია წერდა. მედია რუსეთში ასევე ამერიკის აგენტებს უწოდებდა იმ პირებს რუსეთში, ვინც ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მედიაში მათი კერძო მიმოწერებიც გამოჩნდა სათავო ოფისთან.

მაგალითად, rusfront2012livejournal.com 2012 წელს წერდა იმაზეც, რომ „რუსეთში მიმდინარე საპროტესტო მოვლენები დიდწილად NDI-ის სპეციალისტების „ხანგრძლივი და მღელვარე“ მუშაობის შედეგია.

რუსულ მედიას ყურადღების მიღმა არ რჩებათ ის ქართველი პოლიტიკოსებიც, რომლებიც NDI-ის კრიტიკის რიტორიკაში რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ემსგავსებიან: მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც 2015 წელს, პრემიერ-მინისტრობის დროს NDI გააკრიტიკა და ის მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგებაში დაადანაშაულა, ისევე, როგორც ამას რუსი პოლიტიკოსები წლების წინ აკეთებდნენ და ახლა ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ.

”სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. წლების განმავლობაში მრავალი შეკითხვა წამოიჭრა ამ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, ვინც ამ გამოკითხვებს ატარებს, პირდაპირ კავშირშია პარტია ”ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“, – ამბობდა მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს. ეს კომენტარი მაშინ ria.ru-მაც გაავრცელა.

რუსეთში NDI-ის დახურვა მარტივად შეძლეს, თუმცა ამ დრომდე NDI-ს სხვა ქვეყნებში საქმიანობის მიმართ ინტერესს რუსული მედია არ კარგავს. „რუსეთი კარგია, მაგრამ ევროპა უკეთესი – ქართული პარადოქსები“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა 2019 წელს სტატია rosbalt.ru-მ. სტატიაში NDI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგებზეა საუბარი, რაც 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევაში პირველად გამოიკითხეს განწყობები რუსეთის მიმართ. გამოკითხვის არც ერთი კითხვა და პასუხი არ მოიცავდა იმას, რაც სათაურშია აღნიშნული, ანუ ევროპაა უკეთესი თუ რუსეთი.

რის მიღწევა სურს ხელისუფლებას საქართველოში და რისი რუსეთს? 

ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება სურს – მიიჩნევენ ანალიტიკოსები. ოჩი კონცელიძე ფიქრობს, რომ რუსეთს სურს საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტება, მაგრამ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია და გამიზნულ პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება.

სხვა რისკებს ხედავს ზაალ ანდრონიკაშვილი.

„ფაქტია, რომ ცდილობენ NDI-ის და სხვა ორგანიზაციების დისკრედიტაციას. თან უნდა გავითვალისწინოთ ის მოცემულობა, თუ როგორ სისტემატურად, მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლება მუდმივად, ასე ვთქვათ, დასავლური ორგანიზაციების დასუსტებას… ეს, ბუნებრივია, არის ანტიდასავლური ნარატივის ნაწილი. მთავრობა საწინააღმდეგო გზავნილებით ესაუბრება ამომრჩეველს და პარტნიორებს საქართველოს გარეთ. ისინი ამბობენ, რომ კი, ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, მაგრამ აი, ეს ორგანიზაცია არ არის კომპეტენტური, ან რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი რას იტყვის.

არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმ საშიშროებას მაინცადამაინც რეალისტურს ვერ დავარქმევდი, რომ უცხოური აგენტების სტატუსი მიანიჭონ. ეს არ იქნებოდა არათუ სერიოზული, არამედ პირდაპირ, ყოველგვარ დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმა იქნებოდა, რომელსაც დეკლარირებულ დონეზე მთავრობა და ივანიშვილი ასე თუ ისე მხარს უჭერენ…“ – გვითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ოჩი კონცელიძე იმ კვლევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა მაღალია.

„NDI-ის ბოლო კვლევაში ევროინტეგრაციას გამოკითხულთა 80-მდე პროცენტი უჭერს მხარს. შესაბამისად, საქართველოში მარტივი გასაკეთებელი არ არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას საქმიანობაში პრობლემები შეუქმნა, ან მით უმეტეს, აკრძალო მისი მუშაობა. ხელისუფლება ისევ ეცდება NDI-ის და სხვა ორგანიზაციების დისკრედიტებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოჩი კონცელიძემ.

ოჩი კონცელიძე და ზაალ ანდრონიკაშვილიც მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში საყურადღებო იყო ირმა ინაშვილის განცხადება, თუმცა ანალიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება მასთან დაახლოებული ინაშვილის პოზიციის გაზიარებას გაბედავს.

„ამ შემთხვევაში პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესი იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს… „პატრიოტთა ალიანსი“ პირდაპირ „მეხუთე კოლონაა“ პარლამენტში, თუმცა ისინი არ გამოხატავენ საბედნიეროდ უმრავლესობის პოზიციას. რუსეთის ინტერესია, რომ არამხოლოდ რუსეთში აღკვეთოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც აძლიერებენ დემოკრატიას… მე არ მაქვს მტკიცებულებები, რას აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმ საქმეს, რომელსაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდა რუსეთი საქართველოში,“ – აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ზაალ ანდრონიკაშვილი ელის, რომ რუსული პროპაგანდა ამ კუთხით, ანუ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობას აქტიურად განაგრძობს. პუბლიცისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთში ამ ეტაპზე გაცნობიერებული აქვთ, რომ იგივე არ გამოვა, რაც რუსეთში მარტივად შეძლეს.

„თუმცა ავტოკრატია რუსეთშიც ერთ დღეში არ შექმნილა,“ – დასძენს ზაალ ანდრონიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი