ახალი ამბები

ინაშვილი ლორა თორნტონის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

20 იანვარი, 2020 •
ინაშვილი ლორა თორნტონის  მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი NDI-ის და IRI-ს საქართველოს ოფისებს ადანაშაულებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში და “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” სასარგებლოდ კვლევების გაყალბებაში.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი კორუფციაშია ჩაბმული და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

“მე ჯერ კიდევ 2017 წელს მოვითხოვე დაწყებულიყო გამოძიება, რომელიც შეისწავლიდა ამ ორგანიზაციების (NDI, IRI) თბილისის ოფისების და მათი ქართველი პარტნიორების საქმიანობას, რომლებიც კვლევის საველე სამუშაოებს ეწევიან. დღეს მინდა, კვლავ წამოვწიო წინა პლანზე ეს მოთხოვნა. NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძვანელი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, ფინანსურად არის დაინტერესებული “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხრიდან”, ადგილი აქვს კორუფციას, ის ფულს იღებს ამ კვლევებში და ამ მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მოვითხოვ, საგამოძიებო სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება”, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ამ თემაზე მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებით არ შემოიფარგლება და 26 იანვრიდან ამერიკული ორგანიზაციების მამხილებელ კამპანიას დაიწყებს. ამ მიზნით, 26 იანვარს, 16:00 საათზე, “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან გეგმავს შეკრებას.

NDI-საქართველოს ოფისში ირმა ინაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი