ახალი ამბები

ომბუდსმენის ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური კანონს არღვევს – საია

24 იანვარი, 2020 • 1341
ომბუდსმენის ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური კანონს არღვევს – საია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის ქმედება, მინიმუმ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა შეისწავლოს. საქმე ეხება პენიტენციური სამსახურის მიერ ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, თუ ვის შეხვდა ციხეში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

“სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებულია, რომ სახალხო დამცველის ან მისი წარმომადგენლის შეხვედრა პატიმართან წარმოებს კონფიდენციალურად. თუკი პატიმარი არ ისურვებს, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომ პატიმარი მას შეხვდა, სახალხო დამცველს ეკისრება ვალდებულება, რომ ეს შეხვედრა დარჩეს კონფიდენციალურად. სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის შესვლის შესახებ მონაცემებს ამუშავებს, თუმცა კონკრეტულად გამჟღავნების ფაქტი, რა თქმა უნდა, არღვევს ორგანული კანონით დადგენილ სტანდარტს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ქართველიშვილმა.

საია-ში საუბრობენ იმ რისკებზე, რაც შეიძლება სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის დაზარალებამ გამოიწვიოს.

“ჯერ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში აჩვენა ვიდეოჩანაწერებ,. შემდეგ გაავრცელეს ინფრომაცია პატიმრებთან შეხვედრის შესახებ. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი ნდობის საკითხს, ვინაიდან პატიმარი შეიძლება დააფრთხოს იმ ფაქტმა, რომ სახალხო დამცველთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური”, – აღნიშნა ქართველიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის შესახებ ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

“საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია”, – ეს არის სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ჩანაწერი (მუხლი 19, მე-3 ნაწილი).

მიუხედავად ამისა, 24 იანვარს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენი და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებოდნენ, თუმცა არ დაასახელეს, რომელ პატიმრებს შეხვდნენ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო ლომჯარია და გიორგი ბურჯანაძე №9 დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, მისი დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ და ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე, 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მოითხოვა გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

“სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალობაზე და ჩემი შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით უწყებამ ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ 23 იანვარს, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა საჯარო გახადა ინფორმაცია მისი შეხვედრების შესახებ.

ომბუდსმენის თქმით, მას არ ჰქონია თანმხობა ამ შეხვედრების გასაჯაროებაზე და დააყენებს მინისტრ თეა წულუკიანის, რომლის დაქვემდებარებაშია პენიტენციური სამსახური, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს მისი კონფიდენციალური შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი