ახალი ამბები

ვინ არიან კონგრესმენები, რომლებმაც გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს

23 იანვარი, 2020 • 2213
ვინ არიან კონგრესმენები, რომლებმაც გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს

21 იანვარს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა. წერილში კონგრესმენები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას. 22 იანვარს წერილი საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ კონგრესმენების – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, მაიკლ მაკკაულისა და ელიოტ ენჯელის ბიოგრაფიებს, მათ გამოცდილებას ამერიკულ პოლიტიკაში, ინფორმაციას სხვადასხვა კომიტეტების წევრობაზე, პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით და ა.შ.

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი არის წარმომადგენელთა პალატის წევრი 2011 წლიდან – იგი რესპუბლიკური პარტიის წევრია და კონგრესში შტატ ილინოისის მე-16 ოლქს წარმოადგენს. პოლიტიკოსობამდე კინზინგერი სამხედრო იყო – 2003 წელს აშშ-ის საჰაერო ძალებში გაწევრიანდა. სამხედროობისას, კინზინგერი იმყოფებოდა ერაყსა და ავღანეთში.

2006 წელს კინზინგერი შტატ უისკონსინის „წითელმა ჯვარმა“ წლის გმირად დაასახელა – კინზინგერმა მაშინ დანით შეიარაღებული პირი განაიარაღა.

ამჟამად კინზინგერი წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და კომერციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრია. იგი აგრეთვე არის საქართველოს მეგობართა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მეგობართა ჯგუფის წევრი.

გარდა ამისა, კინზინგერი არის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ერთ-ერთი პირველი ავტორი და მხარდამჭერი.

კინზინგერს საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება აქამდეც გაუვრცელებია: მისი თქმით, „პროპორციული სისტემის ჩაგდება საჩუქარი იქნება პუტინისთვის“.

ჯერი კონოლი

ჯერი კონოლი წარმომადგენელთა პალატის წევრი 2009 წლიდანაა. იგი დემოკრატიული პარტიის წევრია, ხოლო კონგრესში წარმოადგენს შტატ ვირჯინიის მე-11 ოლქს.

ამჟამად კონოლი არის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და რეფორმებისა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრი. აგრეთვე არის NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე.

წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ავტორი.

მაიკლ მაკკაული

მაიკლ მაკკაული წარმომადგენელთა პალატაში 2005 წლიდან მოღვაწეობს. მაკკაული რესპუბლიკელია და კონგრესში ტეხასის მე-10 ოლქს წარმოადგენს.

დღეისთვის მაკკაული არის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იქამდე იყო აშშ-ის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე.

ელიოტ ენჯელი

ელიოტ ენჯელი კონგრესის წევრი 1989 წლიდანაა. იგი დემოკრატიული პარტიის წევრია და ნიუ-იორკის სხვადასხვა ოლქს წარმოადგენდა.

ამჟამად ენჯელი არის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ენჯელს საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება აქამდეც გაუკეთებია – 7 დეკემბერს მან მოუწოდა „თავის მეგობრებს საქართველოში, გაეგრძელებინათ პარტნიორობა NDI-ს და IRI-ს მსგავს ორგანიზაციებთან“.

წერილთან დაკავშირებით იხილეთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

4 კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი