ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი გაასაჯაროვა

22 იანვარი, 2020 • 3383
საქართველოს მთავრობამ კონგრესმენების წერილი გაასაჯაროვა

საქართველოს მთავრობამ საჯარო გახადა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილი წერილი .

წერილში კონგრესმენები წერენ, რომ დიდი ხანია არიან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების და დასავლური ინტეგრაციის მხარდამჭერები, თუმცა შეშფოთებული არიან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების უკან წაღების გადაწყვეტილებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებთან დაკავშირებული ძალადობის გამო.

“ჩვენ ასევე აღელვებული ვართ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო”, – წერენ კონგრესმენები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონგრესმენების თქმით, მათი მხრიდან წახალისებულია არჩევნების ლეგიტიმურობის დაცვა და საშინაო და საგარეო ჩარავებისგან დაცვის უზრუნველყოფა.

წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლების – ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის მიერ საქართველოს პრემიერისთვის 2019 წლის 13 დეკემბერს მიწერილ წერილს გიორგი გახარიამ 17 დეკემბერს, ასევე, წერილით უპასუხა და განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება.

“ჯერჯერობით, ბოლოდროინდელი ცნობები აღნიშნავს, რომ “ფეისბუქმა” დახურა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელი. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ განწყობებს, უბრალოდ, მიუღებელია”, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენები ასევე შეწუხებული არიან  ინფორმაციით, რომ “ქართულმა ოცნებამ” განაახლა ძველი სამართლებრივი საქმეები პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ.

“მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს შესაძლოა ჰქონდეს საფუძველი, სხვები აღქმულია, როგორც ოპოზიციის წამყვანი პოლიტიკური ფიგურების, ახალი ამბების ოპერატორების, საერთაშორისო კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სამართალდამცავი სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გასაღები, რაც თქვენი პარტიის მიერ არის დაპირებული”, – ნათქვამია წერილში.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის განვითარების და დასავლეთთან დაახლოების გზაზე გასული სამი ათწლეულის პერსპექტივის მიუხედავად, ბოლოდროინდელი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები ნეგატიურად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში ეკონომიკური ინდიკატორები უარესდება, განიცდიან რა შევიწროებას ამერიკული და ევროპული კომპანიები.

კონგრესმენები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ ქცევა “ქართული ოცნების” მიერ აფრთხობს და აფერხებს ამერიკული კომპანიების ინვესტიციებს ამ მნიშვნელოვან პროექტში.

“ამგვარი განვითარება მოსალოდნელია, რომ აისახება უფრო და უფრო არახელსაყრელი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე და შესაძლოა, შეაფერხოს სამომავლო ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. შემცირებული საერთაშორისო ინვესტიციები არა მარტო ვნებს ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის შესახებ, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში. საქართველო შეიძლებოდა ყოფილიყო სასიცოცხლო ჰაბი ამერიკას, ევროპას და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის მიმოცვლაში და პირიქთ, რაც საქართველოს ეკონომიკურ ბუმს შეუწყობდა ხელს”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც კონგრესმენები: ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული აწერენ ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი