ახალი ამბები

იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში, გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

20 იანვარი, 2020 •
იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში, გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. ქართულმა მხარემ ელჩს ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება მოსთხოვა. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიელი სამართალდამცველების მხრიდან მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით ყველაფერი კეთდება.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

მომხდართან დაკავშირებით, ასევე, დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან.

იტალიაში, გორიციის სადეპორტაციო ცენტრში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. კერძოდ, იტალიური მედიის ინფორმაციით, დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი ვერსიით, რომელსაც ემიგრანტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, საქართველოს მოქალაქე იტალიელმა პოლიციელებმა სცემეს, რომლებიც სადეპორტაცო დაწესებულებაში მომხდარი ჩხუბის განსამუხტად შევიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტალიური მხარისგან მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა. მიმდინარე კვირას იგეგმება ექსპერტიზის ჩატარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი