ახალი ამბები

სოციალური და ფინანსური შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით

22 ივნისი, 2015 •
სოციალური და ფინანსური შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით

“მაღალმთიანი რაიონების განვითარების” შესახებ კანონპროექტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კონკრეტულ დასახლებებს მიენიჭებათ და “მაღალმთიანი დასახლების” განსაზღვრა მუნიციპალიტეტების საზღვრებზე დამოკიდებული არ იქნება.

 

მაღალმთიანი დასახლების განსაზღვრის რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს დასახლება. კანონპროექტის მიხედვით, დასახლებები, რომლებიც 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან, აუცილებლად მაღალმთიანი სოფლის სტატუსს მიიღებს.

 

აჭარისა და გურიის შემთხვევაში, 800 მეტრზე და მაღლა მდებარე დასახლებებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭება.

 

ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იაშა შერვაშიძე ამბობს, რომ ქედის მუნიციპალუტეტის სოფლების დიდი ნაწილი სტატუსის გარეშე დარჩება, რადგან 500-600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ მათ იგივე პრობლემები აწუხებს, რაც სხვა მაღალმთიან სოფლებს.

 

ხულოს მაჟორიტატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ ბევრი სოფელი დარჩება სტატუსის გარეშე, რაც დაძაბულობას გამოიწვევს.

 

“არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სოფლები ერთმანეთს უნდა გადავკიდოთ, სიმაღლის მიხედვით. შეიძლება სოფლის ერთი მხარე ცოტა მაღლა იყოს, მეორე- დაბლა. ეს კანონში კარგად უნდა დაფიქსირდეს”, – ამბობს პარლამენტარი.

 

ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებების ნაწილი ვერ დააკმაყოფილებს კანონის პროექტით დადგენილ ზღვის დონდან სიმაღლის მოთხოვნას, რის გამოც ამ რეგიონის სოფლებს ყველას მიენიჭება მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, წერია კანონპროექტში.

 

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ სოფლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების კიდევ ერთი გზა არსებობს: მთავრობას ექნება უფლებამოსილება, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს სოფლებს.

“მთავრობას ამ კანონით შესაძლებლობა ექნება 1000-მდე სოფელს მიანიჭოს ეს სტატუსი,”- ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, ხოლო მაღალმთიანი სოფლის მცხოვრების სტატუსს ინდივიდუალურად სოფლის მცხოვრებლებს გამგებელი ან მერი მიანიჭებს.

კანონპროექტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლებებისთვის დაუწესდება შეღავათები, რათა იქ მცხოვრებთა სოციალური გარემო გაუმჯობესდეს და მძიმე გარემო პირობებში ცხოვრების  სტიმული შეუნარჩუნდეთ.

პროექტის მიხედვით, პენსიონერს მინიმუმ 100 ლარი უნდა დაემატოს.

 

ყოველთვიური დანამატია გათვალისწინებული ექიმისათვის, სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, და ექთნისათვის, სახელმწიფო პენსიის ოდენობით.

 

ექიმისა და ექთნისათვის თანხის შემოფარგვლა სახელმწიფო პენსიის ოდენობით გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ამჟამად საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში არ არის დადგენილი ექიმისა და ექთნის მინიმალური ხელფასის ოდენობა და ის დგინდება სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს/ექთანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, განმარტებულია კანონპროექტში.

 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფომ აიღო  მაღალმთიან  დასახლებაში მცხოვრებ  პირთა  ზამთარში გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუ რა სახით, ამას საქართველოს მთავრობა დაადგენს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მაღალმთიან დასახლებაში აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადის 50%-ის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობით.

 

მთაში მცხოვრებ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებზე გაიცემა დახმარება არანაკლებ 100 ლარის ოდნეობით, ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული შეღავათი წარმოადგენს წახალისების ღონისძიებას დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, წერია კანონპროექტში.

შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მასწავლებელზე გაიცემა დანამატი საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით.

 

შემოდგომა მთიან აჭარაში
შემოდგომა მთიან აჭარაში

შეღავათები დაუწესდებათ საწარმოსა და მეწარმე ფიზიკურ პირებს. ისინი საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან 10 წლის ვადით გათავისუფლდებიან.

 

საქართელოს მთავრობას ექნება უფლება, რომ „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭოს იმ კომპანიებს, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში შეიქმნება.

 

ამ კანონპროექტის მიხედვით, მაკოორდინირებელი ფუნქცია ექნება მთის ეროვნულ საბჭოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მასში შევლენ სამინისტროების წარმომადგენლები და სპეციალისტები.

საბჭოს უფლება ექნება, რომ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესაბამისი პროგრამები, რომლებიც მიმართულია მაღალმთიან დასახლებაში სოფლის მეურენობის, სხვა შესაბამისი დარგის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტრების განხორციელებისაკენ.

 

საბჭოს უფლება ექნება, რომ შესაბამის სამინისტროს მისცეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი ღონისძიებების  თაობაზე,  შესაბამისი  წინადადებებით მიმართოს  საქართველოს  მთავრობას  მაღალმთიან დასახლებათა  ნუსხაში დასახლების დამატების მიზნით.

 

კანონპროექტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახელებების განვითარების ფონდი შეიქმნება, რომლის მიზანი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების დაფინანსების მოძიება იქნება, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით ფულადი სახსრები გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

აღნიშნული კანონპროექტის მოსმენა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 22 ივნისს გაიმართა. დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, რომელიც ესწრებოდა სხდომას, კვლავ გაახმოვანა მთის განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის ინიციატივა.

 

ჟორჟოლიანის ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი უნდა იყოს მაკოორდინირებელი ფუნქციის მატარებელი, რომელიც განსაზღვრავს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკას.

 

თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის საქმე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემქნა არაა, სახელმწიფო მინისტრის აპარატს ადგენს მთავრობის დადგენილება და მაკოორდინირებელი ფუნქცია ექნება მთის ეროვნულ საბჭოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი