ახალი ამბები

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას – ISFED

14 იანვარი, 2020 • 1219
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას – ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა წარიმართოს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის ფონზე.

ორგანიზაციის მიერ 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს. ასევე, “სამართლიანი არჩევენების” განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია კანონპროექტის სამი ძირითადი შეუსაბამობა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად:

  •  საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება – ეს ხელს უშლის არჩევნების დროს ცესკოსთვის შედეგების დროულად და ეფექტურად მიწოდებას:

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 71-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, შემაჯამებელი ოქმი შედგენისთანავე მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით გადაუგზავნოს ცესკოს. კანონმდებლობის ეს მოთხოვნა ემსახურება შედეგების დროულად და ეფექტიანად მიწოდებას ცესკოსთვის, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გაგზავნილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას, რაც არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ საარჩევნო კანონმდებლობით განმტკიცებული მნიშვნელოვანი მექანიზმია.

თუმცა, ცესკოსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება, მის მიერ შედეგენილი შემაჯამებელი ოქმები ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის მეშვეობით გაუგზავნოს, რაც გამორიცხავს არჩევნების შედეგების დროულ ხელმისაწვდომობას, საოლქო საარჩევნო კომისიის სახით ქმნის დამატებით ბარიერს და შედეგების საჯაროობის თვალსაზრისით წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეს”, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ აღნიშნული ცვლილებების შესახებ არაფერია ნათქვამი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რაც ბუნდოვანს ხდის კანონპროექტის ამ ნაწილის მოტივაციას.

  • ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა არა სრულ საარჩევნო პერიოდზე, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდს მოიცავს – ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მცირდება “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 47-ე მუხლით განსაზღვრული ვადები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე:

“ინიცირებული პროექტის მიხედვით აკრძალვის ეს ვადა მცირდება და მოიცავს პერიოდს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით. შესაბამისად, მეორე ტურის შემთხვევაში, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული 47-ე მუხლით დადგენილი აკრძალვა ვეღარ გავრცელდება პირველი ტურის კენჭისყრის დღესა და არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნამდე შორის პერიოდზე, სადაც კანდიდატების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის რისკები მაღალია. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 600,000 ამომრჩევლისთვის ე.წ. “ვალების განულების” ინიციატივა, სწორედ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში განხორციელდა, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს ავტორობით ინიცირებული ცვლილებები ამომრჩევლის მოსასყიდად კანონის გვერდის ავლის საშუალებას აჩენს”, – განმარტებულია განცხადებაში.

  •  იკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა – “სამართლიანი არჩევნების” განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვის მიზანი ბუნდოვანია და შეიცავს სადამკვირვებლო ორგანიზავიებისთვის დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში ხელის შეშლის რისკებს. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში შეზღუდვის მიზანი დასაბუთებული არ არის.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პროცესში ჩართლობით განიხილოს.

“პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი ძირეულად ცვლის შედეგების საჯაროობის აქამდე არსებულ პრინციპს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო საკითხების კარგი პრაქტიკის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ პრინციპს, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო საკითხების ცვლილება არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი წლისა არ უნდა იქნას განხილული, თუ ეს ცვლილებები მიმართული არ არის ევროპული საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრებისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებისკენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნების” განმარტებით, პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებების პრობლემური ნაწილი სრულიად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოზიტიურად შეფასებულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებას და არჩევნების მანიპულაციებისა და გაყალბებისგან დაცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი