ახალი ამბები

“გავასაჯაროებთ მტკიცებულებებს საპატრიარქოში პედოფილიის, ინცესტის შესახებ” – თორნიკე მამალაძე

8 იანვარი, 2020 • 4130
“გავასაჯაროებთ მტკიცებულებებს საპატრიარქოში პედოფილიის, ინცესტის შესახებ” – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზისგან მიიღო ნებართვა, გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რაც საპატრიარქოს წინააღმდეგ გააჩნია. მამალაძის თქმით, მტკიცებულებები სეიცავს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ გლდანის ციხესთან, საკუთარ ძმასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არსებობს, რომელიც შეეხება როგორც პედოფილიას, ასევე, ინცესტურ პრობლემებს”, – განმარტავს მამალაძე. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შეეხება საპატრიარქოს მაღალ იერარქიებში მყოფ ადამიანებს, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის მტკიცებულებებს გულისხმობს, მამალაძემ უპასუხა, რომ იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, გარდა ამისა, აღნიშნა, რომ თითოეულ მტკიცებულებაზე ჰყავთ მოწმეები, რომლებიც მზად არიან ამ თემებზე ხმამაღლა ისაუბრონ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ მხოლოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი