საზოგადოება

ორივე მხარე ამბობს, რომ სტრასბურგში მამალაძის საქმე მოიგო, რა მოხდა რეალურად

3 ნოემბერი, 2022 • 2302
ორივე მხარე ამბობს, რომ სტრასბურგში მამალაძის საქმე მოიგო, რა მოხდა რეალურად

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ გამარჯვებად აფასებს როგორც მომჩივანი, ისე მოპასუხე მხარე (სახელმწიფო).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მამალაძის საქმეზე სამიდან ორ სადავო საკითხზე დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით:

  • არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ძირითადი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ხერხთან დაკავშირებით;
  • დაირღვა მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სისხლის სამართლის პროცესის საჯაროდ დახურვის ნაწილში;
  • დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია).

„ბევრი რომ არ გავაგრძელო, საუკუნის პროცესი — ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე“, — დაწერა Facebook-ზე ადვოკატმა დავით ჯანდიერმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დეკანოზ მამალაძის ინტერესებს იცავდა.

მისი თქმით, პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და, შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა.

„როგორც იურისტმა, ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია“, — აცხადებს ჯანდიერი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დეკანოზის გათავისუფლება მოითხოვა მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება, იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე“, — აცხადებს თორნიკე მამალაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ხსენებული დარღვევები „არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე“.

„სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებებისა და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა“, — ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი.

„კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება“, — ამბობს იუსტიციის სამინისტრო.

უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ რეალურად?

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას იმ მხრივ, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ადგილი ჰქონდა მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას (მე-6 მუხლის მეორე პუნქტი) საჯარო მოხელეებისა და პროკურატურის მიერ საჯარო განცხადებების, საქმის მასალების მედიაში გავრცელებისა და გაუთქმელობის პირობის არათანაბარი აღსრულებით, რაც მთავარ მოწმეს საჯარო ბრალდებების წაყენების საშუალებას აძლევდა.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ საკმარისად არ განიხილა მამალაძის არგუმენტი სასამართლო პროცესის მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და გარკვეული საჯარო განცხადებები მისი დაკავების შემდეგ, პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამჟღავნებამ, ფაქტობრივი განაჩენის გამოტანამდე წაახალისა, საზოგადოებას დაეჯერებინა, რომ ის იყო დამნაშავე. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესი მთლიანობაში იყო სამართლიანი, განსაკუთრებით მამალაძის ბრალთან დაკავშირებულ ძირითად მტკიცებულებასთან — ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში ნაპოვნ ციანიდთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბარგის ჩამორთმევისა და ჩხრეკის პროცედურა კანონიერი იყო და მამალაძის არგუმენტი ციანიდის ჩადების შესახებ დასაბუთებული არ ყოფილა“, — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფომ გიორგი მამალაძეს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი დანახარჯებისთვის. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

იურისტის შეფასება

ფონდ „ღია საზოგადოების“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ მამალაძის სარჩელი.

„ციანიდის ეპიზოდზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, რადგან საბოლოო ჯამში, მამალაძეს და მის ადვოკატებს შეეძლოთ ამ მტკიცებულების გამოკვლევა, გადაწყვეტილებების გასაჩივრება და ამაზე დავა; და თქვა, რომ აქ, საბოლოო ჯამში, სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა გარანტიით მას მიეცა. დანარჩენ ორ საკითხზე — უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სხდომების საჯაროობაზე — თქვა, რომ ნამდვილად იყო დარღვევა იმიტომ, რომ მამალაძეს არ მიეცა საშუალება, თავისი პოზიციები საჯაროდ გამოეხატა მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე და მოწმეები ამას აკეთებდნენ. ასევე თქვა, რომ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო — ის არ აფასებს და ვერც შეაფასებდა, მამალაძე ნამდვილად დამნაშავეა თუ არა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჩიტიძემ.

იუსტიციის სამინისტრო არგუმენტთან დაკავშირებით — რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ხსენებული დარღვევები „არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე“ — ჩიტაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლო ისედაც „მთლიანად პროცედურებია“.

რა ხდება შემდეგ?

გიორგი ჩიტიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რის საფუძველზეც მამალაძეს შეუძლია, სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის ხელახლა გახსნა მოსთხოვოს.

„თვითონ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, გადახედავს თუ არა ამ საქმეს. ანუ ჩათვლის თუ არა საჭიროდ, რომ ეს გადაწყვეტილება იმდენად მასშტაბურია, რომ საქმე ხელახლა გაიხსნას. მაგრამ რომც მოხდეს ამ საქმის გახსნა, გამართლდება თუ არა მამალაძე, არავინ იცის. ეს დამოკიდებულია იმაზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები რომ არ ყოფილიყო, გამოიტანდა თუ არა სასამართლო იმავე გადაწყვეტილებას ან სხვა გადაწყვეტილებას“, — ამბობს ჩიტიძე და დასძენს, რომ საქმის ხელახალი განხილვა სააპელაციო სასამართლოში უფრო დაჩქარებულ რეჟიმში და მხარეების გარეშე მიმდინარეობს.

სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი