ახალი ამბები

მაჭავარიანის თქმით, “იმედთან” და “რ2-თან” ვალის რესტრუქტურიზაციაზე არ შეთანხმებულან

27 დეკემბერი, 2019 • 1550
მაჭავარიანის თქმით, “იმედთან” და “რ2-თან” ვალის რესტრუქტურიზაციაზე არ შეთანხმებულან

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ “იმედთან” და “რუსთავი 2”-თან ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. მაჭავარიანის ინფორმაციით, ტელევიზიებმა დავალიანების გადახდის გეგმა წარადგინეს, რასაც შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა.

კითხვაზე, მართლაც შესთავაზეს თუ არა ამ მაუწყებლებმა ვალის გადახდის ათწლიანი გეგმა, მაჭავარიანი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

“საგადასახადო შეთანხმებას გადამხდელი გვთავაზობს, ჩვენ ამ შეთავაზებას ან ვეთანხმებით, ან არა. მოლაპარაკებები იმიტომ გაიწელა ასე, რომ მათ შემოთავაზებებს ჩვენ არ ვეთანხმებით. გაირკვევა, ათი იქნება, შვიდი თუ ხუთი”, – ამბობს მაჭავარიანი.


ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანიების წარმომადგენლების და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა 27 დეკემბერს უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ტელეკომპანია “პირველის” და “კავკასიის” წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ფინანსთა მინისტრისგან ინკასოს მოხსნაზე პასუხები ვერ მიიღეს. მათი შეფასებით, სამინისტრო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, რადგან “რუსთავი 2-სა” და “იმედს”, რომლებსაც ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში 55 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება აქვთ, არათანაბარ პირობებს სთავაზობს, მათ კი ინკასოს ადებს.

ტელეკომპანია “პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ მინისტრი მაჭავარიანი “იმედსა” და “რუსთავი 2:-ს წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი მოცულობის ვალის რესტრუქტურიზაციას სთავაზობს, ტელევიზიებისთვის კი, რომლებსაც მხოლოდ მიმდინარე დავალიანება აქვთ, ინკასოს მოხსნაზე არ თანხმდება.

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

მასალების გადაბეჭდვის წესი