მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაასანქცირა პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები, “იმედი” და POSTV, ისინი ვეღარ ახერხებენ Meta-ის პლატფორმებზე რეკლამის გაშვებას. “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) დაკვირვებით, მათ შექმნეს ახალი ფეისბუქ-გვერდები იმისთვის, რომ საკუთარი რეკლამები ამ გვერდების საშუალებით გამოაქვეყნონ.

სანქცირებულ ტელევიზიებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ Meta-ს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება. თუმცა, ISFED-ის ინფორმაციით, “იმედსა” და POSTV-ის Meta-ის პლატფორმებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი და ა.შ.) რეკლამის განთავსების უფლება დასანქცირებიდან მეორე დღესვე შეეზღუდათ. ორივე ტელეკომპანიის შემთხვევაში, Meta მიუთითებს, რომ რეკლამის განთავსება “სტანდარტების დარღვევის გამო” ეზღუდებათ. ISFED-ში ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ჰქონდა META-ს რუსულ პროპაგანდისტულ მედიებთან დაკავშირებითაც.

“აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედია ფეისბუქზე საქართველოს მასშტაბით რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმთავსებელი იყო. ბოლო მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ კუთვნილ გვერდებზე არასრულ ერთ თვეში 38 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების ათასამდე რეკლამა გამოაქვეყნეს.

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, რაც 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ამ ორმა ტელეკომპანიამ, Meta-ს რეკლამებისთვის, სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, ჯამში, არანაკლებ 786,305 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ქართული მედიასაშუალებებისთვის აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელია”, – წერია ISFED-ის მიმოხილვაში.

წყარო: ISFED

ISFED-მა გამოავლინა 2 ახალშექმნილი ფეისბუქ-გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში შეიქმნა და POSTV-ის მასალებს არეკლამებს. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. დისქლეიმერში) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.

4 მარტიდან დღემდე, ერთ-ერთმა გვერდმა (POSTV – ამბები) ფეისბუქზე, ჯამში, 111 რეკლამა განათავსა, რისთვისაც 493 ამერიკული დოლარი გადაიხადა, ხოლო მეორე გვერდმა (POSTV – Insight) იმავე დროში 23 რეკლამა გაუშვა, რისთვისაც 227 ამერიკული დოლარი გადაიხადა.

“რეკლამირებული პოსტების შინაარსი ძირითადად ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავდა. გავრცელებული ნარატივების ნაწილი დასავლეთს უკრაინისა და ირანის ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტებში ომით დაინტერესებულ მხარედ წარმოაჩენდა. სანქცირებული მედია ასევე ავრცელებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოლიტიკურ შეფასებებს, რომ დასავლეთმა უკრაინა გამოიყენა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა. ფეისბუქ გვერდზე რეკლამირებული პოსტების ნაწილში ქართული მხარე ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე აპელირებდა და დასავლეთს საქართველოში ომით დაინტერესებულ ძალად წარმოაჩენდა.

დასპონსორებული პოსტების მეშვეობით „პოს ტვ“ კვლავ განაგრძობდა უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას. აქტიურად ვრცელდებოდა სლოვაკეთისა და უნგრეთის პოლიტიკური ლიდერების კრიტიკული შეფასებები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ სიუჟეტიც მოამზადა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტს უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაში და დემოკრატიულ არჩევნებზე ზეგავლენაში ადანაშაულებდა.

ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად აღნიშნული გვერდი საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწეოდა. „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები რადიკალურ ძალებად და უცხო ქვეყნის „აგენტურად“ იყვნენ წარმოჩენილი. პერსონიფიცირებული მადისკრედიტირებელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ნინო ლომჯარია და თინათინ ხიდაშელი. მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს პროპაგანდა გერმანიის ელჩთან ვიზიტის გამო სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებდა, ხოლო თინა ხიდაშელის წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ ირანთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირები საჯაროდ გააკრიტიკა”, – ვკითხულობთ ISFED-ის მიმოხილვაში.

ამჟამად, POSTV-ის არცერთი ახალი გვერდი აღარ იძებნება. ისინი აქტიური მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო და გვერდების წაშლის მიზეზი უცნობია.

რაც შეეხება “იმედს”, 3 მარტს მათ შექმნეს ფეისბუქგვერდი “იმედის მხარდამჭერები”, რომელმაც Meta-ის პლატფორმებზე რეკლამის გაშვების უფლება 5 მარტს მიიღო.

“გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო: „სანდრო გამსახურდიას „ციტატა” – აგენტი თინა ხიდაშელი“.  გვერდზე ჯერჯერობით მხოლოდ 2 პოსტია გამოქვეყნებული, ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით და ზემოთ აღნიშნული ვიდეო”, – აცხადებენ ISFED-ში.

აღსანიშნავია, რომ იდენტური სახელწოდებით „იმედის მხარდამჭერები”, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრირდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. იგი არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე: