ახალი ამბებიეკონომიკა

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

24 დეკემბერი, 2019 • 4631
რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიისა და ტვ პირველის შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

1-დღიანი ვადა – რისთვის?

25 დეკემბერს იწურება ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებისთვის მიცემული ერთდღიანი ვადა იმისთვის, რომ  მიმდინარე დავალიანება დაფარონ.

უწყების პრესმსამსახურში ამბობენ, რომ ხვალ გახდება ცნობილი, რა ღონისძიებებს (ინკასო/ყადაღა) გამოიყენებს შემოსავლების სამსახური იმ ტელეკომპანიების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე ამა წლის პირველი ოქტომბრიდან არსებული დავალიანების ძირი თანხა არ ექნებათ დაფარული.

ფინანსთა სამინისტრო დავალიანების მქონე ტელევიზიებზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს. აქედან გამომდინარე, ნეტგაზეთმა თავად ტელევიზიებთან სცადა გაერკვია, თუ ვის აქვს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება.

“რუსთავი 2”, “ტვ პირველი” და  “კავკასია” მიმდინარე (ანუ პირველი ოქტომბრიდან) დავალიანებაზე ინფორმაციას ადასტურებენ. ნეტგაზეთმა ასევე სცადა “იმედთან” დაკავშირებაც, თუმცა ტელეკომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს, მაგრამ “ტვ პირველთან” იმედის იურისტმა, ანდრო ლაშხმა თქვა, რომ კომპანიას მიმდინარე დავალიანება არ ერიცხება, შესაბამისად, “იმედს” კანონით გათვალისწინებული რაიმე ღონისძიება, სავარაუდოდ, არ ექმურება.

ტვ “პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე გვეუბნება, რომ ნოემბერში გადასახადი ვეღარ გადაიხადეს, ამიტომ შემოსავლების სამსახურს იანვრამდე გადავადების თხოვნით 16 დეკემბერს მიმართეს.

“ტვ პირველის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ იმ ფონზე, როცა რუსთავი 2-ს, “იმედს”, მაესტროს” ბიუჯეტის წინაშე რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვთ, თუნდაც ორი თვის დავალიანების გამო, ტელევიზიის ანგარიშზე ინკასოს დადება უსამართლოა. იგივეს ამბობს ტელეკომპანიის დირექტორი ინგა გრიგოლიაც:

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა ერთიანი შტურმი მიიტანოს თავისუფალ მედიაზე. არასამართლიანია ის გარემო, რომელშიც ის ცდილობს ჩვენს ჩაყენებას. იმ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი, ამდენმილიონიანი დავალიანება აქვთ და ამის გამო მათთვის პრობლემები არ შეუქმნიათ. “ტვ პირველს”, რომელიც ხუთი წლის მანძილზე კეთილსინდისიერი გადამხდელი იყო, დღეს ინკასოთი ემუქრებიან. თან, იმ მილიონებთან შედარებით ძალიან მცირე თანხის გამო. ანუ მილიონებს არ სთხოვენ იმ ტელევიზიას, სადაც მმართველი პარტიის ლიდერი მიდის და მას მწვავე კითხვის დასმასაც კი ვერ უბედავენ. სამაგიეროდ ინკასოთი ემუქრებიან იმ ტელევიზიებს, რომლებიც ყველაფერს თავისუფლად აშუქებენ”, – ინგა გრიგოლია.

“იმედის”, რ2-ის და მაესტროს ძველი დავალიანებები

2019 წლის მაისში ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში უთხრეს, რომ საურავების ჩათვლით სახელმწიფოს წინაშე რუსთავი 2-ის დავალიანება დაახლოებით 24 მლნ ლარი, “იმედისა” კი 16.7 მლნ ლარი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონკრეტულად კი აგვისტოში ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მაუწყებლებს ერთი თვე მისცა დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების მოსაფიქრებლად. რესტრუქტურიზაცია დავალიანების დაფარვის პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა/კომპანიამ ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. მაჭავარიანის თქმით, ძველი პრაქტიკა, როცა ტელევიზიები “საგადასახადო ამნისტიით” სარგებლობდნენ, აღარ იქნება. მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, როცა მსხვილი ტელევიზიები არ იხდიდნენ გადასახადს, უსამართლო იყო პატარა ტელევიზიების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად აკეთებდნენ ამას. მაისში რ2 ყარამანიშვილების მფლობელობაში იყო და არხის მენეჯმენტის განცხადებით, გადასახადის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილებების გამო გაუჭირდათ, როცა კომპანიას და მის ქონებას ყადაღა დაედო.

უცნობია, მაისის შემდეგ დაფარეს თუ არა კომპანიებმა  დავალიანება ან მისი ნაწილი, დღეს “იმედის” წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ დავალიანებას გაწერილი გრაფიკის მიხედვით გადაიხდიან. 

ტელეკომპანია „კავკასია“ ამბობს, რომ ბიუჯეტის წინაშე დავალიანებას მანამ არ დაფარავს, სანამ იმავეს არ გააკეთებენ სხვა, მსხვილი ტელეკომპანიებიც. სწორედ ასე უპასუხა “კავკასიამ” ფინანსთა სამინისტროს “ულტიმატუმს”.

„კავკასია“ წერილში ამბობს, რომ იმ თანხით, რაც მათ გადასახადების სახით შეიტანეს ბიუჯეტში ამ წლების განმავლობაში, „როცა კონკურენტები პრაქტიკულად გათავისუფლებული იყვნენ გადასახადისგან“, ისინი ტელეკომპანიისთვის აუცილებელ ტექნიკას შეიძენდნენ და დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდიდნენ.

„უსამართლობის მასშტაბების გასაჯაროების და გაცნობიერების შემდეგ, ჩვენმა ტელეკომპანიამ პრინციპულად უარი თქვა გადასახადების გადახდაზე მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფოს გადაწყვეტილება მილიონობით დავალიანების მქონე არხებთან დაკავშირებით, რითაც პროტესტი გამოუცხადა დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას”, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში.

ვანო მაჭავარიანის რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებითვე ცნობილი გახდა, რომ იმედთან და რუსთავი 2-თან ერთად დაახლოებით 8 მლნ ლარის დავალიანება “მაესტროსაც” ჰქონდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ტელევიზიებთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და “ნაწილთან” შეთანხმება უკევ შედგა. სხვა ინფორმაციას უწყება არ ასაჯაროებს. გადახდის გრაფიკზე შემოსავლების სამსახურს ამ დრომდე ვერ შეუთანხმდა “რუსთავი 2. არხის დირექტორი პაატა სალია არ საუბრობს, კონკრეტულად რაზე ვერ შეთანხმდნენ გადამხდელთან.

რა ელით მათ ვინც პირველი ოქტომბრის შემდეგ არსებულ დავალიანებას არ დაფარავს

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რიმ თუ მიმდინარე დავალიანებას ტელევიზიები არ გადაიხდიან, შემოსავლების სამსახური იძულებული იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები გაატაროს:

საგადასახადო ორგანოს შემდეგი ღონისძიებების გატარება შეუძლია:

  • საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  •  მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
  •  ქონებაზე ყადაღის დადება;
  • ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
  • საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
  • გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ფინანსთა სამინისტროს ულტიმატუმი და ერთდღიანი ვადა მიუღებელია რ2-ის დირექტორ პაატა სალიასთვის. სალია განმარტავს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 მიმდინარე გადასახადის დაფარვას აპირებს, თუმცა ამისთვის  გარკვეული პერიოდი სჭირდება. გადაუხდელობის მიზეზად სალია დებიტორებს ასახელებს, რომლებმაც მისი მტკიცებით, კომპანიას თანხის გადახდა დაუგვიანეს. 

“როგორც კი მოვედით [რუსთავი 2-ში], მიმდინარე გადასახადის გადახდა დავიწყეთ, რადგან არსებობდა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა, რომ სანამ დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, მანამდე მიმდინარე გადასახადი უნდა გადაგვეხადა. ჩვენ დავიწყეთ გადასახადის გადახდა, რაც რეალურად საშემოსავლო და დღგ-ს გადახდას გულისხმობს. ამის პარალელურად ვალის რესტრუქტურიზაციაზე დავიწყეთ საუბარი. ჩვენი შეთავაზებული პირობა ფინანსთა სამინისტროსთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ახლა ხელახალა მიმდინარეობს მოლაპარაკება. ბოლო მიმდინარე გადასახადის [დეკემბრის თვის] გადახდა დაგვაგვიანდა, რადგან გადახდის შესაძლებლობა არ გვქონდა. ველოდებით გარკვეულ თანხებს ჩვენი დებიტორებისგან, შესაბამისად, ბოიუჯეტში თანხის გადახდა ვერ მოვახერხეთ. ამ ფონზე გაისმა გუშინდელი გაფრთხილება, რომ თუ არ გადავიხდიდით ამ დავალიანებას, ინკასოს გამოიყენებდნენ. ამაზე ვთქვი, რომ თუ წინა მენეჯმეტს მისცეს შესაძლებლობა 27 მილიონი ლარი დაეგროვებინა დავალიანების სახით, მესმის, რომ სახელმწიფოსთვის მენეჯმენტის ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დამოკიდებულებაზეა ხომ საუბარი…. ჩვენ თანამშრომლობის რეჟიმში ვართ”,-ამბობს სალია. 

ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ თუ შემოსავლების სამსახური მათ წინააღმდეგ ინკასოს გამოიყენებს, ეს ტელევიზიას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან თანამშრომლებთან თუ პარტნიორებთან არსებული ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ. თუ გადამხდელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

შენიშვნა: შეიცვალა სათაური და დაზუსტდა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ მიცემული ვადა 25 დეკემბერს იწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი