ახალი ამბები

“ვაქცინაცია მუშაობს!” – ჯანდაცვის მინისტრი თავის განცხადებას განმარტავს

26 დეკემბერი, 2019 • 1261
“ვაქცინაცია მუშაობს!” – ჯანდაცვის მინისტრი თავის განცხადებას განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისმა განცხადებამ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაუგებრობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრი განმარტავს, რომ ვაქცინაცია მუშაობს და იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია:

„ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, გრიპზე ვაქცინაცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და განკუთვნილია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის. ტიკარაძის თქმით, ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ტიკარაძემ კომენტარი გრიპის ვაქცინაციის სავალდებულოობასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მინისტრმა აღნიშნა, რომ “გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის არცერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას”, – ვკითხულობთ განმარტებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ, 25 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომლის განმარტებაც დღეს გაავრცელა.

არ ვთვლი, რომ გრიპის სავალდებულო ვაქცინაცია საჭიროა – ჯანდაცვის მინისტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი