ახალი ამბები

ბათუმის უცნობი გრავიურა

26 დეკემბერი, 2019 • 2561
ბათუმის უცნობი გრავიურა

ავტორი: სულხან სალაძე

ახლა იმ ქალაქის შესახებ მინდა დავწერო, რომლის დარიც დუნიაზე სხვა არ არის. მე რომ ყველაზე მეტად მიყვარს და ასე ძალიან შეიცვალა ბოლო წლებში. ამბავი დიდი ხნის, უფრო ზუსტად 165 წლის წინ იყო. ეს ის დროა, როცა ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთს უჭირავს და XIX საუკუნის ევროპულ რუკებზე ბათუმის ძველ სახელებს „LOVATI“, „LONATI“, აქტიურად ანაცვლებს „BATUM“ და „BATOUM“.

ეს ის დროა, როცა ევროპაში ფეხს ილუსტრირებული პრესა იკიდებს – ჯერ გრავიურებით და მერე ფოტოებით სავსე. ინგლისელების მანამდე ამ უცნობ წამოწყებას ფრანგები და გერმანელები ჩაუდგნენ კვალში. პარალელურად, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სანაპიროს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთსა და ოსმალეთს ყირიმის ომი აქვთ გაჩაღებული. ჩვენი ნაქები ილუსტრირებული ევროპული პრესა კი ყირიმის ომის შესახებ დიდ ამბებს უხატავს მკითხველს. ბრძოლის ველს ზღვა ანაცვლებს, ზღვას რუკები, რუკებს ქალაქების ხედები და სწორედ აქ ჩნდება ბათუმი.

ერთი ხანობა ვფიქრობდი, რომ სწორედ 1854 წელს, ფრანგულ „L’illustration, journal universel“-ში გამოქვეყნებული ბათუმის ხედი იყო ყველაზე ძველი, თუმცა მერე ერთი ინგლისელი კაპიტნის მოგზაურობის დროინდელ ჩანახატს გადავეყარე ინტერნეტში და ბათუმის პირველმა გრავიურამაც 1840 წლამდე ჩაიწია ისტორიაში. ინგლისელი კაპიტნის გრავიურაზე ახლაც „ვნადირობ“ და მაშინ მოგიყვებით, როცა ბეჭდური ვერსიის ორიგინალს, გასაყიდ ეგზემპლარს გადავეყრები სადმე. მანამდე? მანამდე ყირიმის ომის დროინდელ ბათუმს უნდა მივუბრუნდე ისევ.

…ჯერ ორიოდე სიტყვა ჟურნალის შესახებაც ვთქვათ: ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის [„L’illustration, journal universel“] გამოცემა 1843 წლიდან იღებს სათავეს პარიზში. ჟურნალის გამომცემელი ედუარდ შარტონი (Édouard Charton) იმ დროინდელ საფრანგეთში ცნობილი და პოპულარული ადამიანი იყო. ჟურნალის პირველი ნომერი 1843 წლის მარტში გამოვიდა, ბოლო 1944  წელს. პირველ ეტაპზე ტირაჟი 16 000 ეგზემპლარი იყო კვირაში. ყირიმის ომის დროს კვირაში 20 000 ეგზემპლარამდე იყიდებოდა. ტირაჟის თვალსაზრისით ყველაზე მაღალ ნიშნულს  XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მიაღწია, როცა კვირაში 650 000 ნომერი იბეჭდებოდა.

ახლა რაც შეეხება ბათუმს, ჟურნალში გამოქვეყნებული ბათუმის ხედი, ზღვის მხრიდან უნდა იყოს ჩახატული და, სავარაუდოდ, დღევანდელ გოგებაშვილის ქუჩას წარმოადგენს.

ცხადია, იმ დროს, როცა ეს ჩანახატი მომზადდა, ბათუმი ბევრად პატარა დასახლება იყო და სულ სხვა იერი ჰქონდა. ზღვიდან ჩახატულ ბათუმის ხედზე ნათლად იკითხება სანაპიროსთან არსებული გალავანი. გალავნის მარცხენა კუთხეში, ორსართულიანი დიდი ზომის შენობაა. გალავნის შიგნით, მარჯვენა ნაწილში კი სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ნაგებობები უნდა იყოს. გალავნის შიგნითვე ორი დროშაა აღმართული. გალავნის გარეთ, ჩანახატის მარცხენა ნაწილში, სანაპიროზე სამი საშუალო ზომის ნავი უნდა იყოს, უკიდურეს მარცხენა ნაწილში გემია ჩამომდგარი. გემსა და ნავებს შორის უკან ფონზე სხვადასხვა დანიშნულების შენობებია, რომელიც იმ დროინდელ ბათუმს ქმნიდა.

ჩანახატის უკანა ფონზე ტყეა, სულ მერე კი მთები. ცხადია, იმ სიმაღლის მთები, რომელიც ამ ჩანახატზეა, ქალაქში, ან ზედ ქალაქის საზღვარზე არასდროს ყოფილა, თუმცა ბათუმიდან აღმოსავლეთით მესხეთის ქედის განშტოებას ვხვდებით. ამასთან, ისიც ნათელია, რომ XIX საუკუნის ბათუმში, ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით, მთები და დასახლებული ნაწილი ბევრად ახლოს იყო ერთმანეთთან, ვიდრე ახლა. საერთოდაც, მაშინ სულ სხვა ბათუმი იყო, ის ბათუმი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით.

____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი