ახალი ამბები

რატომ თარგმნის პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულ ენაზე?

23 დეკემბერი, 2019 • 2126
რატომ თარგმნის პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულ ენაზე?

საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება.

პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა და კომპიუტერული უზრუნველყოფა საორგანიზაციო დეპარტამენტს ევალება პარლამენტის აპარატის დებულებით, რომელიც 2006 წელს არის მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში ცვლილებები 2019 წელსაც შევიდა, თარგმანთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეცვლილა.

ზემოაღნიშნულ პრაქტიკაზე ყურადღებას ამახვილებს და მის შეცვლას იმედოვნებს საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკლებლივ ყველა კანონი და სხვა აქტი პარლამენტის აპარატის მიერვე ითარგმნება რუსულ ენაზე და დევს პარლამენტის ვებგვერდზე. სხვა ენაზე, მაგალითად ინგლისურად, არც ითარგმნება და, შესაბამისად, არც დევს. პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულია დებულება, რომელიც აპარატის კონკრეტულ დეპარტამენტს ავალებს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნას (დებულების 21-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი). არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება”, – წერს თათული თოდუა სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობის რუსულ ენაზე თარგმნის მიზანია, საქართველოს რეფორმები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონის ქვეყნებისთვის.

“რუსულად კანონმდებლობის თარგმანი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესოა ის რეფორმები, რომელიც ჩვენთან ხორციელდება და რუსულ ენაზე მათთვის უფრო ხელმისაწვდომია კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს რეფორმებს საფუძვლად ედება. განსაკუთრებით საუბარი მაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე (აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა), ასევე, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, საიდანაც ძალიან ხშირად გვაქვს სასწავლო ვიზიტები და ისინი ინტერესდებიან კანონმდებლობით, რომლის საფუძველზეც წარმატებული რეფორმები ხორციელდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონმდებლობას ინგლისურ ენაზე არ თარგმნის იმიტომ, რომ ამას საკანონმდებლო მაცნე აკეთებს.

“საკანონმდებლო მაცნე ახორციელებს ამ კანონმდებოლობის ინგლისურად თარგმნას, ამიტომ დამატებითი რესურსების ხარჯვის საჭიროება აქ არ არის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად პირველ რიგში ინგლისურად ითარგმნებოდა”, – განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობის თარგმანთან დაკავშირებით არავითარი ცვლილებები არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი