ახალი ამბები

საქართველოში ტორენტ-საიტი Rutracker დაიბლოკა

19 დეკემბერი, 2019 • 8623
საქართველოში ტორენტ-საიტი Rutracker დაიბლოკა

საქართველოში დაიბლოკა ტორენტ-საიტი Rutracker(.)org.

რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს, ფორუმ.ჯი-ზე მომხმარებლებმა დაწერეს, რომ rutracker და სხვა მსგავსი საიტები დაებლოკათ.

19 დეკემბერს კომპანია ჯეოსელმა, რომელიც „სილქნეტს“ ეკუთვნის, ფეისბუკზე ერთ-ერთი მომხმარებლის, მირიან ქორიძის პოსტზე ოფიციალური გვერდით დაადასტურა, რომ „აღნიშნული ვებგვერდი საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით არის დაბლოკილი“.

სქრინშოტი: მირიან ქორიძის კედლიდან

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC-ს), საიდანაც მოგვწერეს, რომ კომპანია „სილქნეტმა“ მათ გაუგზავნა დაახლოებით 100-მდე ვებგვერდის ჩამონათვალი, სადაც „არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული“, — ის ფილმები და სერიალები, რომლებიც „სილქნეტს“ ნაყიდი აქვს;

GNCC-ის თანახმად, „სილქნეტმა“ მათ ამაზე რეაგირების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც კომისიამ შეისწავლა „სილქნეტის“ მიწოდებული ვებ-გვერდების ჩამონათვალი და დაადგინა, რომ ზოგიერთ ამ ვებ-გვერდებზე, მათ შორის rutracker(.)org-ზე, „განთავსებულია არალეგალური/მოპარული პროდუქცია“.

შესაბამისად, კომისიის თანახმადვე, მათ მიმართეს ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიებს და შესაბამისი ზომების მიღება [„არალეგალური კონტენტისგან სივრცის გასუფთავება“] მოსთხოვეს.

გთავაზობთ GNCC-ის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებულ სრულ კომენტარს ამ საკითხზე:

„როგორც მოგეხსენებათ, არალეგალური და მოპარული კონტენტის (ინტელექტუალური საკუთრების) გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ არალეგალური კონტენტისგან მაუწყებლების და საკაბელო კომპანიების გასუფთავებისთვის ამერიკული კინოსტუდიებისგან მადლობის წერილი მიიღო. ამავე წერილში ამერიკული კინოსტუდიები კომისიას მაუწყებლების შემდეგ უკვე ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გასუფთავების პროცესში სთხოვენ დახმარებას. კომისიას ინტერნეტ სივრცის მოპარული კონტენტისგან გასუფთავების პროცესი წერილის მიღებამდე ბერვად ადრე, წელიწადზე მეტია დაწყებული აქვს და მომავალშიც გააგრძელებს.

არალეგალური კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებით კომპანია სილქნეტისგან კომისიაში შემოვიდა წერილი, სადაც კომპანიამ 100-ამდე ისეთი ვებგვერდის ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც არალეგალური და მოპარული კონტენტია განთავსებული (ფილმები და სერიალები). კომპანია სილქნეტს სწორედ ის კონტენტი, რომელსაც აღნიშნული ვებგვერდები არალეგალურად ავრცელებენ, ნაყიდი აქვს და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობს.

შესაბამისად, აღნიშნულ ვებგვერდებზე არალეგალური კონტენტის გავრცელებით ირღვევა კომპანიის უფლებები. სილქნეტმა კომისიას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების თხოვნით მიმართა. კომისიამ შეისწავლა მათ მიერ მოწოდებული ვებგვერდების ჩამონათვალი და დაადგინა, რომ ამ ვებგვერდებზე, მათ შორის rutracker.org-ზე, განთავსებულია არალეგალური /მოპარული პროდუქცია.

კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურეობის მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის საფუძველზე მიმართა ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს და აცნობა, რომ აღნიშნულ ვებგვერდებზე განთავსებულია არალეგალური კონტენტი და შესაბამისი ზომების მიღება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის 2006 წლის 17 მარტის რეგლამენტის“, კერძოდ, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი (ანუ ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებულია „მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“. ხოლო დაუშვებელი პროდუქცია რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია“.

შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში არაზუსტად იყო გადმოცემული კომუნიკაციების კომისიის პასუხი.

ასევე გირჩევთ:

რა ელის ფილმებს Adjaranet-ზე და სხვაგან, ინტერნეტში?

მასალების გადაბეჭდვის წესი