ახალი ამბები

რა ელის ფილმებს Adjaranet-ზე და სხვაგან, ინტერნეტში?

29 ნოემბერი, 2019 • 19131
რა ელის ფილმებს Adjaranet-ზე და სხვაგან, ინტერნეტში?

ჰოლივუდის რიგი კინოსტუდიების და ნეტფლიქსის ინტერესების გამომხატველმა ასოციაციამ ევროპაში, MPA-მ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს მიმართა წერილით, რომლის თანახმადაც, კომპანია იმედოვნებს, რომ საქართველოში ფილმების არალეგალური ჩვენებების შესაწყვეტად ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. რას ნიშნავს ეს აჭარანეტის და სხვა მსგავსი ვებგვერდებისთვის? შეიზღუდება თუ არა არალეგალურად ფილმების გავრცელება ქვეყანაში და როგორ?

რა წერია წერილში

“MPA ადგილობრივი უფლებადამცველებისგან ელოდება, რომ ისინი ითანამშრომლებენ საერთაშორისო კომპანიებთან და ერთობლივი მუშაობის შედეგად ქართველ მაყურებელს შესთავაზებენ ლეგალურ, მაღალი ხარისხის პროდუქტს.” – ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსიც ცოტა ხნის წინ დაფუძნებულმა ასოციაციამ ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ, გაასაჯაროა.

ამ ასოციაციაში ერთიანდებიან სილქნეტის, ტელეკომპანია “იმედის”, საზოგადოებრივი მაუწყებლის, კავეას ქსელის, კინოსტუდია “ქართული ფილმის წარმომადგენლები. ისინი ფილმების პირატულად გავრცელების წინააღმდეგ ადვოკატირებენ ქვეყანაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურების დეპრატამენტის წარმომადგენელმა ივანე მახარაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული წერილი არის ერთგვარი გაფრთხილება MPA-ს მხრიდან:

“ეს არის თხოვნა და გაფრთხილება, რომ აქტიურად უნდა დავიწყოთ ამ თემაზე მუშაობა, თუმცა ჩვენ დავასწარით ამ პროცესს და თითქმის ერთი წელია ვთანამშრომლობთ იმ ონლაინ პორტალებთან, რომლებიც აქტიურად ანთავსებენ [ვებგვერდებზე] მოპარულ ფილმებს” – ამბობს მახარაძე.

მისი განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეულმა ონლაინ კინოპორტალებმა საკუთარი არქივიდან უკვე წაშალეს იმ ფილმების ნაწილი, რომელიც სხვა ქართულ პროვაიდერებს ლეგალურად აქვთ შეძენილი.

 

რა მექანიზმით მოხდება არალეგალური ფილმების კონტროლი

ივანე მახარაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვებ-სივრცეში დააფიქსირებს არალეგალურ ფილმს, ცენტრი კონკრეტულ ვებ-საიტს მისცემს გაფრთხილებას. თუ საიტის წარმომადგენლები არ დაემორჩილებიან მათ, კომისია მიმართავს ინტერნეტ პროვაიდერს. მათ კი მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულება აქვთ მიმართონ აღნიშნულ ვებ-საიტს ფილმის მოხმარებიდან ამოღებასთან დაკავშირებით. თუ კონკრეტული კომპანია უარს იტყვის ფილმის წაშლაზე, ინტერნეტ პროვაიდერს უფლება ექნება აღნიშნულ ვებ-საიტი მისი მომხარებლებისთვის დაბლოკოს.

“ეს მექანიზმი იმუშავებს არა მხოლოდ ქართულ საიტებზე, არამედ ფილმების უცხოურ პორტალებზეც, რათა საბოლოოდ აიკრძალოს არალეგალური ფილმები”, – ამბობს მახარაძე.

რას ნიშნავს წერილი

ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ დაფუძნებული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ბეჟაშვილის განცხადებით, აღნიშული წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან MPA მსოფლიოში ფილმების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიათა უდიდეს ნაწილს აერთიანებს, მათ შორის არიან “უორნერ ბრაზერსი”, “ფარამაუნთ ფიქჩერსი”, “უოლტ დისნეი” და სხვები:

“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან საქართველო აქამდე არ ექცეოდა მსოფლიოში ფილმების უფლებების მქონე კომპანიების ინტერესის ქვეშ. მაგრამ იმდენად გაიზარდა ინტერნეტ მეკობრეობა საქართველოში, რომ ეს ქვეყნის მასშტაბებსაც გასცდა”, – ამბობს ბეჟაშვილი.

წერილში აღნიშნულია საქართველოში ფილმების ორი ყველაზე მსხვილი პორტალი -adjaranet.ge და imovies.cc:

“მეკობრული გზით ფილმების მოპოვების შემცირება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება ამ პრიორიტეტის სრულყოფისთვის. საქართველოში სერვისები, როგორიცაა adjaranet.ge და imovies.cc, უჩვენებენ MPA- ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა”, – ნათქვამია MPA-ს გამოგზავნილ წერილში.

ბეჟაშვილის განმარტებით, მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები საქართველოში ორ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან, რომლებიც მეკობრული გზებით მოპარულ ფილმების დისტრიბუტორები არიან. ბეჟაშვილის თქმით, ზუსტად არ არის მითითებული ვადები, თუმცა საქართველო აუცილებლად გადავა ფილმების კანონიერი გზით მოპოვების პრაქტიკაზე.

“ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის” წარმომადგენლების განმარტებით, ფილმების არაკანონიერი გზით მოპოვება და შემდგომში ინტერნეტში განთავსება საფრთხეს უქმნის როგორც უცხოურ, ასევე, ქართულ ფილმებსაც. ასევე, მათი თქმით, სწორედ აღნიშული ფაქტი არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არ არსებობს კინოთეარტები:

“როდესაც ადამიანს შეუძლია ახლად გამოსული ფილმის ნახვა ინტერნეტით, მისთვის ხშირად აზრს კარგავს კინოთეატრში წასვლა და ფულის გადახდა”, – ითქვა პრესკონფერენციაზე.

რას ამბობს adjaraneti.ge და imovies.cc

რა უნდა ქნან ინტერნეტის იმ მომხმარებლებმა, ვისაც არ აქვთ ფინანსები, რომ ნეტფლიქსის მომსახურება გამოიწერონ, ან ყველა ახალ ფილმზე კინოთეატრში იარონ.

“ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის” წარმომადგენლებმა დღეს, 29 ნოემბერს სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გამომდინარე ქვეყნის მოსახლეობის სიმცირიდან, კომპანიებს, რომლებსაც ფილმების ლეგალური დისტრიბუციის სურვილი ექნებათ, შესაძლებლობა მიეცემათ პროდუქცია შედარებით შეღავათიან ფასებში შეიძინონ. აღნიშნული შეღავათები კი უზრუნველყოფს, უცხოურ პორტალებთან შედარებით,  არსებული კომპანიების მომსახურების მომხარებლისთვის ნაკლებ ფასად მიწოდებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ონლაინ კინოპორტალებმა, adjaranet.ge და imovies.cc. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ფილმების ლეგალურად შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ როგორც მცირე, ასევე, წამყვან კინოსტუდიებთან, მათ შორის- დისნეისთან, სონისთან, პარამაუნტთან და ა.შ.

“მიუხედავად წარმატებული სამუშაო პროცესისა, წამყვან კინოსტუდიებთან, პროცესის სწორად წარმართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული, პირატული კინოპორტალების დაბლოკვა, რათა ქართულ კომპანიებს, რომლებიც იხდიან გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში, ჰქონდეთ შესაძლებლობა და მოტივაცია იმისა, რომ შეიძინონ ლეგალური ფილმები და სერიალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს საიტებზე განთავსებული კონტენტის გალეგალურება არ იყოს დაკავშირებული ქართველი მომხმარებლებისთვის დამატებით ხარჯთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინ კინოპორტალების განმარტებით, ისინი ცნობენ ნებისმიერი ქართული კომპანიის უფლებებს მათ საკუთრებაში არსებულ კონტენტზე:

“წლების განმავლობაში ჩვენ არ ვანთავსებდით ქართული კომპანიების მიერ ლეგალურად შეძენილ პროდუქციას ჩვენს ვებ-გვერდებზე, სწორედ იმიტომ, რომ ყველა მათგანის უფლება ყოფილიყო სრულიად დაცული, თუმცა გასაკვირია ის, რომ ამ ხნის მანძილზე იგივე კომპანიები არ დგამდნენ არანაირ ნაბიჯებს რუსული პირატული ვებ-გვერდების წინააღმდეგ”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს, 29 ნოემბერს, ზემოთ ნახსენები განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული სწორედ მაშინ, როდესაც ქართული ინტერნეტ- საიტები წამყვან უცხოურ სტუდიებთან მოლაპარაკებების ბოოლო ეტაპზე არიან. განცხადების მიხედვით შესაძლებელია, რომ ქართულ ინტერნეტ- სივრცეში გაჩნდეს ლეგალური და ამავდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი კინოპროდუქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი