ახალი ამბები

იუმორისტულ სკეტჩზე GNCC-მ ფორმულას წინააღმდეგ საზმაუს საჩივარი არ დააკმაყოფილა

27 აგვისტო, 2020 • 1107
იუმორისტულ სკეტჩზე GNCC-მ ფორმულას წინააღმდეგ საზმაუს საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის [GNCC] თქმით, უწყებამ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ.

საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში გასულ იუმორისტულ სკეტჩს, რომელიც გადაცემა „ფსკერს“ ეკუთვნის. ამ სკეტჩის დროს მსახიობებმა საზმაუს გადაცემა „ახალი დღე“ გააშარჟეს, რა დროსაც მათი ლოგო და ვიზუალური შეფუთვა გამოიყენეს.

ამ სკეტჩის გამო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ფორმულას“ კომისიაში უჩივლა. მათი თქმით, სკეტჩს მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა. 

„კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება“.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა“, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

გარეკანი ფოტო: სქრინი გადაცემა „ფსკერის“ ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი