ახალი ამბები

ლუკა სირაძეს სოლიდარობა ჩხოროწყუშიც გამოუცხადეს

18 დეკემბერი, 2019 • 2650
ლუკა სირაძეს სოლიდარობა ჩხოროწყუშიც გამოუცხადეს

თბილისის, ქუთაისის და სხვა ქალაქების შემდეგ, დაღუპულ ლუკა სირაძეს სოლიდარობა ჩხოროწყუშიც გამოუცხადეს.

18 დეკემბერს ჩხოროწყუს ცენტრალურ სკვერში მოსწავლეები შეიკრიბნენ და 15 წლის ლუკა სირაძის მხარდასაჭერი წარწერები მიიტანეს.

ლუკა სირაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ. ის 17 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

ჩხოროწყუს სკვერში ორგანიზატორებმა ისაუბრეს ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ცნობილი რომანის, „მექანიკური ფორთოხლის“ შესახებ, მოგვიანებით კი წიგნის სტენლი კუბრიკისეული ეკრანიზაცია უჩვენეს და ასე შეუერთდნენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებს.

ღონისძიების ორგანიზატორია კლუბი „ლიტერატურული ოდა“, რომელიც იქაურ მოსწავლეებს აერთიანებს და სხვადასხვა დროს გეგმავს ხოლმე წიგნების პრეზენტაციებს, ფილმების ჩვენებებს და სხვა აქტივობებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და ამ ღონისძებით ვუერთდებით პროტესტის ტალღას“, – წერს „ოდის“ გვერდი ფეისბუკზე.


15 წლის ლუკა სირაძე თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 17 დეკემბერს გარდაიცვალა კლინიკაში.

მისი ძმა „ნეტგაზეთთან“ ამბობდა, რომ ლუკა სირაძეს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და ითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ თავის ყოფილ სკოლაში, „მწვანე სკოლაში“ შეიპარა და კედელზე წარწერები დატოვა.

„მწვანე სკოლა“ აცხადებს, რომ პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი — მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

„მწვანე სკოლაში“ სწავლა მომდევნო კვირის ორშაბათამდე შეწყდა.

ამ თემაზე გირჩევთ:

ლუკა სირაძეს, ფაქტობრივად, საკუთარი თავის წინააღმდეგ აიძულებდნენ ჩვენების მიცემას – ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი