ახალი ამბები

ლუკა სირაძეს, ფაქტობრივად, საკუთარი თავის წინააღმდეგ აიძულებდნენ ჩვენების მიცემას – ლომჯარია

18 დეკემბერი, 2019 • 971
ლუკა სირაძეს, ფაქტობრივად, საკუთარი თავის წინააღმდეგ აიძულებდნენ ჩვენების მიცემას – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისთვის საინტერესოა, იყვნენ თუ არა “მწვანე სკოლის” საქმეზე გამოკითხული არასრულწლოვნები ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გამოკითხვა იყო ნებაყოფლობითი. როგორც ლომჯარია ამბობს, 15 წლის მოზარდს და მის თანატოლებს ჰქონდათ უფლება, გამოკითხვის ფარგლებში, საერთოდ არ მიეცათ ჩვენება:

“რაც გვესმის, ფაქტია, რომ იქ იყო ჩვენების მიცემის იძულება და ეს ჩვენება შეიძლება სწორედ ამ ბავშვის საწინააღმდეგო ყოფლიყო. მას სთხოვდნენ, რომ ფაქტობრივად, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მას ჰქონდა უფლება, საერთოდ არ მიეცა ჩვენება გამოკითხვის ფარგლებში”, – ამბობს ლომჯარია.

ლომჯარიას განმარტებით, ლუკა სირაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდებისთვის არ იყო შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო:

“ფაქტია, რომ იქ [პოლიციის განყოფილებაში] არსებული გარემო ქმნიდა ბავშვისთვის მტრულ გარემოს, რაც უკვე შეიძლება ჩათვალოთ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევად”, – განმარტა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი