ახალი ამბები

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

17 დეკემბერი, 2019 • 3203
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თუმცა თოლორაია არ აკონკრეტებს, ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებამდე დააკავეს თუ მას შემდეგ.

“დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ, სსსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს”, – განაცხადა თოლორაიამ.

გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

შსს-ს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 13 დეკემბერს გადაეცა. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, ხუთ დღეში დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა, თუნდაც მინიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ასევე, გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე, ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება.

თოლორაიას თქმით, საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, “მწვანე სკოლის” ინციდენტზე არასრულწლოვნის გამოკითხვაში მონაწილეობდა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც .. ყინწვისის სპეცოპერაციის გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს.

ნახეთ ვრცლად:

15 წლის მოზარდის გამოკითხვაში ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის გამომძიებელი მონაწილეობდა – საია


15 წლის ლუკა სირაძე დღეს, 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი