ახალი ამბები

ველოდებით ძალიან სწრაფ მოქმედებას გამოძიების მხრიდან – სალაძე ლუკა სირაძის დაღუპვაზე

17 დეკემბერი, 2019 • 1949
ველოდებით ძალიან სწრაფ მოქმედებას გამოძიების მხრიდან – სალაძე ლუკა სირაძის დაღუპვაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უმოკლეს ვადებში უნდა დადოს გამოძიების შედეგი და არგუმენტირებულად უპასუხოს კითხვას: გამოიწვია თუ არა 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობა პოლიციელების მხრიდან პოლიციის განყოფილებაში მასზე განხორციელებულმა ზეწოლამ?

ლუკა სირაძე პოლიციელებმა თბილისში “მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. როგორც ლუკას ძმამ ნეტგაზეთს უთხრა, პოლიციელები მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ და ოჯახზზე ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. 15 წლის ლუკა დღეს, 17 დეკემბერს დაიღუპა.

“პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოვლენას, ცხადია, თუ აქამდე ყველა ველოდებით გამოძიების შედეგებს, დროში ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს, მე მგონია, რომ ეს დრო ახლა ძალიან შემცირდა. აქ უკვე ჩვენ ველოდებით ძალიან სწრაფ მოქმედებას გამოძიების მხრიდან. დიდი როლი აქვს სახლემწიფო ინსპექტორს და, ბუნებრივია, აქსიომებად არ უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რომ მოზარდი პოლიციელებთან არცერთი წუთი არ დარჩენილა მარტო, რომ პოლიციელებს მათივე განცხადებით შეუჩერდათ უფლებამოსილება და ამით რამე განსაკუთრებული იცვლება ამ პროცესში.

პირიქით, სახლემწიფო ინსპექტორისათვის ეს არის პირველი საეტაპო მნიშვნელობის საქმე, როდესაც მან დამაჯერებლად და არგუმენტებით უნდა გვითხრას, რა მოხდა სინამდვილეში.  მარტივად რომ ვთქვათ, სამართალდამცავი ორგანოების წამრომადგენლებს ამ პროცესში მიუძღვით თუ არა რაიმე ბრალი, რა შედეგიც დადგა იმ ყველაფერში, თუ ის, რაც მოხდა, იყო მათგან დამოუკიდებლად”, – უთხრა სულხან სალაძემ ნეტგაზეთს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაღუპული მოზარდის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს. სალაძის ხაზს უსვამს იმ დარღვევებს, რაც, მისი აზრით. 15 წლის ლუკას პოლიციაში დაკითხვას ახლდა თან.

ჩვენ ვიცით და ვამბობთ, რომ მოზარდი არათუ ერთი და ორი საათით, არამედ ერთი წუთითაც არ უნდა დარჩეს გამოკითხვაზე მარტო. ჩვენ ვსაუბრობთ გამოკითხვისას მომხდარ ორ ასეთ შემთხვევაზე. როდესაც სამართალდამცავები ამბობენ, რომ მოზარდი არ დარჩენილა მარტო, და ჩვენ ვამბობთ, რომ მსგავსი რამ მისი გამოკითხვისას ორჯერ მოხდა, საგამოძიებო მოქმედებებით ძალიან მარტივად უნდა დადასტურდეს, რა მოხდა – მოზარდი დარჩა თუ არა მარტო.

ჩვენთვის ერთი წუთი იქნება, 10 წამი იქნება თუ ერთი საათი, ესეც ნიშნავს მარტო დატოვებას [სამართალდამცავების პირისპირ, მშობლის გარეშე]. ცხადია, არ არის აუცილებელი, ვიღაც მთელი დღე იყოს მარტო და ხელი მოაწერონ რაღაც დოკუმენტზე. ეს არის ამ პროცესის ერთი მხარე. მეორეს რაც შეეხება, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე და მერე დადგეს ის შედეგი, რაც დადგა. ჩვენ გვახსოვს სხვა შემთხვევებიც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების დროსაც, როდესაც ადამიანები საკმაოდ ბუნდოვან და საეჭვო გარემოებებში ასრულებდნენ სიცოცხელს და იმ საქმეებზე ჩვენ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა არ გვინახავს”, – უთხრა საიას თავმჯდომარემ ნეტგაზეთს.

სულხან სალაძის მოსაზრებით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსპექტორის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს როლი. სწორედ ამ უწყებამ უნდა დაადგინოს, პოლიციელების ზეწოლამ მიიყვანა თუ არა სუიციდამდე 15 წლის ლუკა სირაძე.

“ცხადია, ეს არ არის მარტივი საქმე და იმის თქმა, რომ სამართალდამცავების ქმედებამ გამოიწვია მოზარდის მხრიდან ეს გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს სისტემის წინააღმდეგ წასვლას და გამოდის, რომ სისტემის შიგნით ჯერ კიდევ არიან სამართალდამცავები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საგამოძიებო პროცესში მსგავსი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიციაში გამოკითხვაზე მიჰყავთ.

ასე რომ, არჩევანის ზღვარზე შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსპექტორი: რა არის უფრო მნიშვნელოვანი ამ ინსტიტუტისთვის – ადამიანის უფლებების თუ სისტემის ინტერესების დაცვა. ერთიც და მეორეც, რაც არ უნდა იყოს, ინსპექტორის აპრატის შეფასება და გადაწყვეტილება უნდა იყოს არგუმენტირებული და დამაჯერებელი”, – მიიჩნევს სალაძე.

მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია

მასალების გადაბეჭდვის წესი