ნეტგაზეთი | მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია – Netgazeti

მოზარდმა სუიციდი სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა – საია

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს (საია).

როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, 2019 წლის 11 დეკემბერს არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

საია აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა:

“არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიას თქმით, 2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას, მისცეს ჩვენება.

საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა.

საია-ს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ასევე უნდა შეისწავლონ არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო:

“ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას. პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მოუწოდებს:

  • სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს – დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე;
  •  საქართველოს გენერალურ პროკურატურას – თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

“ნეტგაზეთი” არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დაუკავშირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მოზარდი დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა უმძიმესია. არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები, ასევე, თავის ტრავმა.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთმა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ინფორმაცია მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ თავდაპირველად “მთავარმა” არხმა გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, არასრულწლოვანი პოლიციაში “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკთხეს. როგორც ამ სკოლაში “მთავარ არხს” განუცხადეს, სავარაუდოდ, აღნიშნული მოზარდი ჩუმად შევიდა სკოლის ტერიოტრიაზე, კედელზე დატოვა უცენზურო წარწერები და დააზიანა სკოლის ინვენტარი. კერძო სკოლამ პოლიცია გამოიძახა და, როგორც სკოლის წარმომადგენელი ამბობს, სათვალთავლო კამერების საშუალებით მოხდა მოზარდის იდენტიფიცირება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.