ახალი ამბები

ჩემი ნათქვამი რეაქციებთან შედარებით ბავშვის ღუღუნი იყო – კუხიანიძე

16 დეკემბერი, 2019 • 818
ჩემი ნათქვამი რეაქციებთან შედარებით ბავშვის ღუღუნი იყო – კუხიანიძე

თბილისის საკრეუბლოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა, არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა ამის გამო ბოდიშის მოხდას ან საკრებულოს დატოვებას.

კუხიანიძემ თავის გინებაზე საპასუხო რეაქციებს უწოდა „ზიზღის პათოლოგიური ნიაღვარი“: „აღმოჩნდა, რომ ჩემ წინააღმდეგ წამოსული იყო იმისთანა სიბილწე, რომ ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი. ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, პათოლოგიური ნიაღვარი ზიზღის, გინების…”

კუხიანიძემ ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას თქვა: „მე მის [გაფრინდაშვილის] შეფასებაში არ შევსულვარ. ჩემი გულისწყრომა და ეს რეაქცია გამოიწვია იმან, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი როგორმე გამოეხსნა ხლართებიდან, ოჯახი გადავიდა ძალიან მძიმე შეტევაზე“.

„ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე, როგორც ამ სიტუაციებში კარგად ჩახედული, ძალიან კარგად ვხედავ, რას ნიშნავს ეს დარტყმა „ოცნებაზე“, რომელიც ისედაც დასუსტებულია და განიცდის მუდმივ, სრულიად ზღვარგადასულ შეტევებს“, — განაცხადა კუხიანიძემ.

კუხიანიძემ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს და თქვა, რომ ამ საკითხებზე „სერიოზულ გადაცემაში“ მიიღებს დღეს მონაწილეობას და იქ ისაუბრებს:

„ახლა ყველას მოვუწოდებ, რომ ცოტა ხანი გავაკეთოთ პატარა პაუზა და მე მექნება საშუალება, რომ საზოგადოებას ყველაფერი ვუთხრა. ამის მერე, როდესაც მომეცემა ამის საშუალება, ჩვენ გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ განვიხილავთ ამას ყველაფერს და ნაკლები ემოციის ფონზე მივალთ იმ პოზიციამდე, რომელიც იქნება სრულიად დამაკმაყოფილებელი ჩვენი საზოგადოების განვითრებისთვის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას ან საკრებულოს დატოვებას, პირდაპირ არ უპასუხა და თქვა: „ერთი მხრიდან მიდის საშინელი შეურაცხყოფა და იმაზე თქვენ რეაგირება, ბევრ ჟურნალისტს, საერთოდ არა აქვს, და რაღაც საშინელებები ხდება და რა ხდება, ამაზე ძალიან მალე, დღეს საღამოთი მექნება საუბარი, ვისაც დააინტერესებს, მექნება პასუხი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი