ახალი ამბები

შსს-ს ახალი განცხადება მოზარდის სუიციდის მცდელობის საქმეზე

15 დეკემბერი, 2019 • 1761
შსს-ს ახალი განცხადება მოზარდის სუიციდის მცდელობის საქმეზე

შსს პოლიციის განყოფილებაში 15 წლის მოზარდზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, პოლიციამ მოზარდი ორჯერ დაკითხა, თუმცა მას კედელზე წარწერის გაკეთება არ უღიარებია.

ამის საფუძველზე შს მინისტრი მოადგილე ამბობს, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ “თითქოს აღიარებითი ინფორმაცია ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული”.

შსს-ს თანახმად, ბავშვი სკოლის შენობის იერსახის დამახინჯების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორჯერ გამოიკითხა, რაზეც შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

“მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები,”-განაცხადა ცაციაშვილმა.

15 წლის მოზარდმა სავარაუდოდ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. „ნეტგაზეთთან” მისი ძმა ამბობს, რომ 15 წლის ბავშვს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ.

ამ დროისთვის მოზარდი იაშვილის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც არასრულწლოვნის ძმა, ბექა “ნეტგაზეთთან” ამბობს, თავად სამხედრო აკადემიაში სწავლობს და სამართალდამცველები მის ძმას აღიარებითი ჩვენების მისაღებად მისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. მისი თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, მოზარდზე პოლიციაში ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა დაკითხვიდან არასრულწლოვანი ატირებული გამოვიდა და აღიარებითი ჩვენებაც მისცა, რომელიც მეორე დღეს უარყო.

როგორც ძმა ამბობს დედისგან აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთი მოზარდი პოლიციას გაყვანილი ჰყავდა. ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ. დღეს, 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ასეთი ფაქტი გამოკითხვის დაწყებამდე მოხდა:

“რაც შეეხება გაყვანასთან დაკავშირებულ კითხვას, გიდასტურებთ ინფორმაციას რომ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში გამოკითხვის დაწყებამდე ერთ-ერთი პოლიციელი არასრულწლოვანს გაესაუბრა. ეს მოხდა იმის გამო, რომ არასრულწლოვანს უთანხმოება მოუვიდა დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით მასთან კომუნიკაცია მხოლოდ 3-4 წუთის განმავლობაში გაგრძელდება,”-აცხადებს ცაციაშვილი.

დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით – კომაში მყოფი მოზარდის ძმა

მასალების გადაბეჭდვის წესი