ახალი ამბები

როგორ დაემსგავსა “ოცნება” “ნაცმოძრაობას” პარტიული მიზნებისთვის ხალხის მობილიზებაში

14 დეკემბერი, 2019 • 3512
როგორ დაემსგავსა “ოცნება” “ნაცმოძრაობას” პარტიული მიზნებისთვის ხალხის მობილიზებაში

“ქართულმა ოცნებამ” 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბური აქციის გასამართად სრული მობილიზაცია გამოაცხადა – რეგიონებიდან ჩამოიყვანა მხარდამჭერები და ასევე, იძულების სხვადასხვა ფორმით წამოიყვანეს მასწავლებლები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები.

ასე იყო 2012 წელსაც –  მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის პიკი იყო, იმდროინდელმა ხელისუფლებამ მხარდამჭერთა ძალის დემონსტრირების მიზნით საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა. სამიზნე იმ დროსაც მასწავლებლები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები იყვნენ. ერთი განსხვავებით: როდესაც ეს ხდებოდა, ხელისუფლებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო, ოპოზიციაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” კი ხელისუფლებას პარტიული მიზნებისთვის მასწავლებლებისა და თვითმმართველობებში დასაქმებული ხალხის გამოყენებაში ადანაშაულებდა. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მობილიზაციის მიზანი მაშინაც იგივე იყო: “ვაჩვენოთ, რამდენი ვართ”.

გთავაზობთ ფაქტების მიმოხილვას ნეტგაზეთის არქივიდან, რომელიც დაგანახებთ, როგორ დაემსგავსა ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნება” 2012 წლამდე ხელისუფლებაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” ხალხის მობილიზებასა და ძალის დემონსტრირებაში.

2012 წელი VS 2019 წელი

ხელისუფლებაში მყოფმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სექტემბერში, საქართველოს 11 ქალაქში ერთდროულად დააორგანიზა მხარდამჭერების შეკრება, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა და ქალაქიდან ქალაქში ვერტმფრენით მიფრინავდა, რათა მომდევნო აქციისთვის მიესწრო.

“ქუთაისში არასდროს ისტორიაში ამდენი ხალხი ერთ მოედანზე არ შეკრებილა”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა 8 სექტემბერს ქუთაისის მთავარ მოედანზე. ასევე, ის გამოეხმაურა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პედაგოგების მიმართ, როდესაც მან მასწავლებლებს მოუწოდა, არ დაუშვან და არ გამოაყენებინონ თავი ხელისუფლებას საარჩევნო მიზნებისთვის:

“ვინც მასწავლებლებს ემუქრება, შეჭამოს უკან თავისი სიტყვები. ერთი თმა არ ჩამოუვარდება ჩვენს მასწვალებლებს!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

29 სექტემბრის შეკრებაზე კი საქართველოს პრეზიდენტმა თავისი მხარდამჭერების რაოდენობის უპირატესობას გაუსვა ხაზი და თქვა:

“აქ არ არის უბრალოდ ხალხის შეკრება, აქ არის პიროვნებების, ღირსეული ადამიანების შეკრება, მაგრამ იმათთვის, ვინც ითვლის, ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, საქართველოს თავისუფლების დამცველები დააშინა, თვალები გაახილოს და გადახედოს ამ მოედანს და მიხვდება, რომ ძალიან ბევრნი ვართ, მათზე ბევრად ბევრნი ვართ. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ იმ ხალხზე, ვინც არც კი უფიქრდება მთავარ რაღაცას, თუ რა წყდება დღეს საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ქალაქებში 2012 წლის 8 სექტემბერს დაგეგმილი ყრილობისთვის სააკაშვილის ხელისუფლებამ ასეულობით მიკროავტობუსი თბილისიდან წაიყვანა. 2019 წლის წლის 14 დეკემბერს ასეულობით მიკროავტობუსის კოლონა რეგიონებიდან თბილისისკენ გამოემართება, ამჯერად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების აქციაზე.

ყველაზე მასშტაბური შეკრება “ნაციონალურმა მოძრაობამ” 28 სექტემბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, თბილისში, დინამო სტადიონზე გამართა. მაშინ საქართველოს რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ორგანიზებულად ჩამოიყვანეს, თუმცა თბილისში ჩამოსულები ირწმუნებოდნენ, რომ ეს საკუთარი ხარჯებითა და სურვილით გააკეთეს. როდესაც “ნეტგაზეთი” მათ ეკითხებოდა, რატომ უჭერდნენ მხარს ხელისუფლებას, ისინი პასუხისგან თავს იკავებდნენ. ეროვნული სტადიონის შესასვლელები, სადაც ყრილობა ტარდებოდა, სწორედ რეგიონების მიხედვით იყო დაყოფილი და კოორდინატორები სიების მიხედვით მკაცრად აკონტროლებდნენ სტადიონზე შემავალ მოქალაქეებს.

ვიდეო გადღებულია 2012 წლის 28 სექტემბერს, დინამო სტადიონთან:

“ოცნების” 14 დეკემბრის შეკრების წინ კი, ნეტგაზეთის ინფორმაციით, სკოლის დირექტორებსა და საბავშვო ბაღების დირექტორებს წარმოადგენინეს იმ თანამშრომლების სია, რომლებიც თბილისის შეკრებაზე წავიდოდნენ, ან სახლში დარჩებოდნენ. მათ ნაწილს, ვინც თბილისში წასვლაზე უარი თქვა, ამისთვის მყარი არგუმენტი მოსთხოვეს, მაგალითად, ასეთი შეიძლება ყოფილიყო მგზავრობის აუტანლობა. თუმცა, ჩვენთვის უცნობია პირდაპირი მუქარის ფაქტების შესახებ.

“ბათუმობა 2012” VS “ევროპის დღეები”

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი პარალელი, რომელიც 2012-ში და 2019-ში ხელისუფლების მიერ ხალხის მობილიზების მეთოდებს შორის გაივლოს, ეხება შეკრების მოტივის ოფიციალურ მიზეზს.

მაგალითად, 2012 წლის 8 სექტემბერს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმში პარტიული ყრილობა დააანონსა. 6 სექტემბერს, ანუ 2 დღით ადრე, ბათუმის საკრებულომ გამოაცხადა, რომ 8 სექტემბერს ქალაქში “ბათუმობა 2012-ს” – ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.  ოპოზიციაში მყოფი კოალიცია “ქართული ოცნება” მაშინ ვარაუდობდა, რომ “ბათუმობა” და “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ხელისუფლებამ ერთმანეთს სპეციალურად დაამთხვია, “ბათუმობის” ჩატარების მთავარი მიზანი კი პარტიული აგიტაცია იყო. ხელისუფლება კი ოპოზიციას მოუწოდებდა, რომ “ბათუმობა” არ განეხილათ “პოლიტიკურ ჭრილში”, ბრალდებებს კი”პოლიტიკური სპეკულაციები უწოდეს”.

რაც შეეხება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას: ხელისუფლებაში მყოფი “ქართული ოცნების” თანახმად,  14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება და მას მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მართავს. რეგიონებიდან წამოყვანილ მასწავლებლებსა და საბავშო ბაღების თანამშრომლებს უთხრეს, რომ თბილისში “ევროპის დღეების” აღსანიშნად მიდიოდნენ.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების 14 დეკემბრის მობილიზება, რეალურად, ასევე პოლიტიკური ძალის დემონსტრირებაა და კავშირი არ აქვს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის აღნიშვნასთან. ეს სტატუსი საქართველომ წელს ანბანის რიგით მიიღო და არა რაიმე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

“ქართული ოცნების” ლიდერებმა უარყვეს რაიმე სახის ზეწოლა მოქალაქეებზე. პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რეგიონებიდან ხალხის ტრანსპორტირების ხარჯებს სწორედ მმართველი პარტია გაიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ადამიანებზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს, საპირისპიროს მეტყველებს მონაცემები, რომელიც მოიპოვეს ომბუდსმენმა, არასამთავრობოებმა, მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ნეტგაზეთმაც. 

არასამთავრობოების განცხადებები 2012 და 2019 წლებში

სამმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზიციამ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” – 2012 წლის 29 სექტემბერს გაავრცელა განცხადება,  სადაც წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში:

სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსებს ხელისუფლება პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით იყენებდა – სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები (საჯარო მოხელეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე კანონშეუსაბამო პარტიული დავალებების გაცემას;

არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგი წინასაარჩევნო გარემოზე. 29 სექტემბერი, 2012

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელძღვანელი ეკა გიგაური ამბობდა, 2012-ის წინასაარჩევნო პერიოდში “ზღვარი არ არსებობდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. ანუ ხელისუფლება და პარტია ერთად მოქმედებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც არის პრობლემატური და ეწინააღმდეგება ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს”.

რაც შეეხება 2019 წლის 14 დეკემბრის ღონისძიებას, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ, გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე.

“ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს”, – აცხადებენ არასამთავრობოები, რომელთა შორის არიან “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI), “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) და “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)”.

2019 წელს ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელიც 2012 წელს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელის პოზიციიდან იგივე ქმედებისთვის იმდროინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა:

“მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ”, – წერია ომბუდსმენის 2019 წლის 13 დეკემბრის განცხადებაში.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მსგავსება, რაც 2012 და 2019 წლებში ხალხის მობილიზებას აქვს, შეიძლება იყოს ოპოზიციის გააქტიურება. ოპოზიციაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოს მასშტაბით აქციების გამართვა 2012 წლის მაისიდან დაიწყო, რასაც ხელისუფლებამ მალევე უპასუხა სხვადასხვა რეგიონში ხალხის მობილიზებით.

2019 წლის ხელისუფლების მობილიზებას კი წინ რამდენიმეთვიანი აქციები უძღოდა – ჯერ 20-21 ივნისის მოვლენები და “სირცხვილიას” რამდენიმეთვიანი აქციები, შემდეგ კი უკვე შემოდგომაზე პროპორციული სისტემის ჩაგდებით გამოწვეული ოპოზიციური საპროტესტო ტალღა.

ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო “თავისუფლება”

მასალების გადაბეჭდვის წესი