ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” შეკრება [განახლებადი]

28 სექტემბერი, 2012 • 1706
“ნაცმოძრაობის” შეკრება [განახლებადი]

19:45 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრება ეროვნულ სტადიონზე დასრულდა.


19:21 – მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“ეს არის ყველაზე გრანდიოზული მიტინგი, რომელიც ოდესმე გამართულა საქართველოში. მე მინდა ვუთხრა კანონიერ ქურდებს, შეუძლიათ თავისი თვითმფრინავის ბილეთები დააბრუნონ უკან, საქართველოში მათ არავინ ელოდება. 3 დღეში საქართველო აკეთებს უმნიშვნელოვანეს არჩევანს, არასდროს ასე მკაფიოდ არ ვმდგარვართ არჩევანის წინაშე, ჩემო მეგობრებო…” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო ციხეებში წამების ფაქტებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობამ ადეკვატური რეაქცია მოახდინა მომხდარზე.

“ჩვენს ქვეყანას მართავდნენ კანონიერი ქურდები, ჩავედი ქუთაისში 2004 წელს და მთელი ქალაქი დაშინებული ჰყავდათ ამ ნაძირლებს. ჩვენ ვთქვით, მოდი, გამოვსწოროთ და კანონიერ ქურდებს აღარაფერი ესაქმებათ ჩვენს ქვეყანაში… ერთი თხოვნა აქვს ევროპას – ხალხო, არ მობრუნდეთ უკან,” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა მხარდამჭერებს რიტორიკული კითხვით – არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინ და აუდიტორიიდან თანხმობის ნიშნად შეძახილების შემდეგ განაგრძო, რომ აუცილებელია იმ კურსის გაგრძელება, რასაც მოქმედი მთავრობა ადგას.

“საქართველოს ისტორიაში ყოფილან მოღალატე ლიდერები, დღეს საქართველოს ჰყავს ერთიანი ერი, სადაც მოღალატეები არიან მარგინალიზირებულები… 3 დღეში ჩვენი ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი არის მისი უდიდებულესობა ქართველი ერი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები… ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ დანგრეული საქართველო, მაგრამ ჩვენ მემკვიდრეობით გადავცემთ აშენებულ საქართველოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

19:07 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

“ვიქნები ძალიან მოკლე და ვიტყვი მხოლოდ იმას, რის გაკეთებას ვაპირებთ. ჯერ კიდევ საქართველო დგას არჩევანის წინაშე. მტრებს უნდათ, საქართველოში დაბრუდნენ კანონიერი ქურდები და კრიმინალები. ვიძლევით გარანტიას, რომ ისინი არასდროს დაბრუნდებიან”, – აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

18:58 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიმართავს მმართველი პარტიის მხარდამჭერებს:

“მთელი საქართველოა შეკრებილი, ყველა თაობა. ძალა ერთობაშია, ეს ანდაზა მახსენდება. დიახ, ჩვენ ძლიერები ვართ. ამ ერთობას გამოცდა ელის. 3 დღეში არჩევანი უნდა გავაკეთოთ, საით წავა საქართველო…

…გგონიათ, არ მესმის, რამდენს არ გაქვთ სამსახური, მკურნალობის საშუალება?! ეს არის უზარმაზარი ვალი, რომელიც უნდა გადაგიხადოთ მეტი სარგებლის მოტანით… დღეს ჩვენი კრიმინალი არის უმუშევრობა, კანონიერ ქურდებს ფეხი ამოვუკვეთეთ, ასევე უნდა ამოვუკვეთოთ ფეხი უმუშევრობას”, – აცხადებს ბაქრაძე.

18:47 – მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პირველი ლედი – სანდრა ელისაბედ რულოვსი.

“ორივე სანაპიროზე რამდენი ხალხი ვნახე მოსული. დიდი მადლობა ერთგულებისთვის…

მე დღეს ვიყავი ქსანში, ტუბერკულოზის ცენტრში, 700 საწოლიდან 200 არის ჩემი ქალაქიდან ჩამოტანილი და ვამაყობ: იმ საავადმყოფოდან, სადაც ჩვენი უფროსი შვილი დაიაბდა 17 წლის წინ, მაშინ არ გავრისკავდი აქ გაჩენას, მეორე შვილისგან განსხვავებით…

ამის შემდეგ 150 საავადმყოფო აშენდა, რამდენიმე გაჩერებულია ინვესტორის მოტყუების გამო,  მაგრამ პირად კონტროლზე ავიყვანე და ბოლომდე მივიყვან ამასაც”, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

პირველი ლედი სტუდენტების საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა, რომელმაც 18 სექტემბერიდან, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ მოიცვა საქართველო:

“მაწუხებს ის, რაც სტუდენტებს აწუხებთ, მაგრამ ვხედავ, რომ არის პრობლემების სწრაფი რეაგირება. ყველგან უნდა მივაღწიოთ წარმატებას და ბოლომდე მივიდეთ…

… რაც ჩვენ ვნახეთ ციხეებში, ამან გამანერვიულა. სხვაგანაც ხდება ეს, მაგრამ მინდა, რომ საქრთველო იყოს არა როგორც სხვა ქვეყნები არამედ სამაგალითო და ჰუმანური. ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ ამას მივაღწიოთ და კიდევ უფრო იდეალური საზოგადოება შევქმნათ და ვანახოთ ყველას, ამერიკას და ევროპას და განსაკუთრებით ჰოლანდიას”.

18:34 – მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს თბილისის მერი გიგი უგულავა.

“ბევრი რამე შეიძლება გაწუხებდეს, მაგრამ იმაზე მწარე არაფერია, როცა არ იცი, შვილს რა ჩააცვა და რა აჭამო. ჩვენ მოვალთ თქვენთან, გავაკეთებთ ინდივიდუალურ ბაზას და გადამზადებასა და ახალი პროფესიების დაუფლებაში დაგეხმარებით ერთხელ და სამუდამოდ, სახლიდან სამსახურში უნდა წახვიდეთ და არა სახლიდან ეზოში და ეზოდან სახლში.

გინდათ დასაქმებული საქართველო? მაშინ ხმა მიეცით “ნაციონალური მოძრაობის” დასაქმების პროგრამას. თუ არ ვიწამეთ, არაფერი გამოგვივა… ორი მიზანი გვაქვს, არ გვექცეს ახალი საავადმყოფოები მუზეუმებად და სადაზღვევო პოლისები ფარატინა ქაღალდებად,” – აცხადებს გიგი უგულავა.

თბილისის მერი ციხეებში პატიმრების წამების თემასაც გამოეხმაურა:

“ამ კადრებმა ჩვენი ქვეყნის წარსული გამახსენა, როცა ეს ყველგან იყო, სისწრაფეში რაღაც გამოგვეპარა, თანავუგრძნობ მათ. ჩვენ ეს სირცხვილი უნდა ვაქციოთ შემობრუნებად, რომ ძალადობამ ერთხელ და სამუდაომ დატოვოს ჩვენი საპატრიმროები”.

უგულავას თქმით, ისინი დაიღალნენ კომპრომატების ომით:

“არჩევნები მოგვადგა კარს, ბევრს არ გაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. კომპრომატების იარაღმა დაგვღალა, ამან დაგვავიწყა ხალხი”.

18:30 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეკრებაზე მუსიკალურ ნომერს გიორგი უშიკიშვილის ანსამბლი “ლაშარი” ასრულებს.

18:12 – ამ წუთებში ეროვნულ სტადიონზე სიტყვით გამოდის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბარამიძე.

“საქართველო აუცილებად იქნება თავისუფალი და ერთიანი. არ გვესწავლება, რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ შეიკრიბა ხალხი, რომ დაადასტურონ თავიანთი არჩევანი. ამ არჩევანს უპირისპირდებიან ისინი, ვინც გარშემოკრებილია ფულს და რომლებიც უშვერი სიტყვებით ერთმანეთს ლანძღავენ, არ იციან განსხვავება სიბნელესა და სინათლეს შორის, არ იციან, ვინ ჯობია – პუტინი თუ სააკაშვილი; არ აქვთ საერთო იდეოლოგია, მიზანი, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო. მატერიალური ფასეულობის გარშემო არიან შეკრებილი ის ადამიანები, ისინი მალე დაიშლებიან და საქართველო გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბარამიძე.

18:08 – ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე მიმართავს მხარდამჭერებს.

“პირველი ოქტომბერი გზაგასაყარია ღირსებასა და გამორჩენას შორის, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ წარსულის ბნელ არჩევანს… რამდენიმე დღის უკან დამთრგუნველი კადრები ვიხილეთ, სახელმწიფომ კი სისტემური ცვილებები განახორციელა პენიტენციურ სისტემაში. ემოციაზე დაყრდნობით კი ზოგიერთები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ხალხი… წმინდათაწმინდა მოვალეობაა, ვიშრომოთ იმისთვის, რომ მეტი სარგებელი მივცეთ ხალხს”, – აცხადებს გიორგი თევდორაძე.

18:00 – ამ წუთებში ეროვნულ სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მიმართავს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. იგი მთავრობის პროგრამაზე – “მეტი სარგებელი ხალხს” საუბრობს.

“იქნება მშვიდობა, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დაზღვეული, მეტი გზა, მეტი გაზიფიკაცია, წყალმომარაგება… ნაციონალური მოძრაობის მთავრობა მიაღწევს ამას, დავძლევთ უმუშევრობას, რომ ყველას ჰქონდეს დაზღვევა. ექნება მეტი სარგებელი ხალხს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს! გაიხარეთ და კარგად იყავით”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

17:55 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრება ეროვნულ სტადიონზე, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ამ წუთებში დაიწყო.

ამ დროისთვის ტრიბუნიდან მხარდამჭერებს მიმართავს პარლამენტის წევრი გოკა გაბაშვილი.

“გვეუბნებიან, რომ ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ არასოდეს ამოიწურება ქვეყნის ფეხზე დაყენების დრო. რამდენი სიბუნძურეც არ უნდა წამოვიდეს, უშუქო ქვეყანა შუქიან ქვეყნად ვაქციეთ, უგზოო – გზიან ქვეყნად და კორუმპირებული – არაკორუმპირებულად.” – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი