ახალი ამბები

“ნაცმოძრაობამ” რეგიონებში ყრილობებისთვის “თბილისის მიკროავტობუსიდან” იქირავა ტრანსპორტი

7 სექტემბერი, 2012 • 1481
“ნაცმოძრაობამ” რეგიონებში ყრილობებისთვის “თბილისის მიკროავტობუსიდან” იქირავა ტრანსპორტი

როგორც “ნეტგაზეთს” ზუგდიდიდან აცნობეს, იქ უკვე ჩავიდა მიკროავტობუსები, რომლებიც ანაკლიის მიმართულებით გაემგზავრნენ. საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ის ცნობით, თბილისი უკვე დატოვა 450-მდე მიკროავტობუსმა.

“თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათთან ხელშეკრულება გააფორმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც მმართველმა პარტიამ აღნიშნული კომპანიიდან მიკროავტობუსები იქირავა, თუმცა რამდენი მიკროავტობუსი იქნა ნაქირავები, ამას “თბილისის მიკროავტობუსში” არ აკონკრეტებენ.

პრესსამსახურის ხელმძღვანელის თეონა ნიორაძის თქმით, ამის გამო დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობის კუთხით რაიმე შეფერხება არ იქნება. მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას ის მიკროავტობუსები მიაქირავეს, რომლებიც ჯერ განაწილებული არ არის დედაქალაქის ხაზებზე:

“მათში ელექტრონული გადახდის აპარატებიც კი არ არის ჯერ დამონტაჟებული. ეს არის ჩვენს საკუთრებაში არსებული მიკროავტობუსები,” – განუცხადა ნიორაძემ “ნეტგაზეთს”.

შეგახსენებთ, ხვალ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს 11 ქალაქში მართავს პარტიულ ყრილობას:

11 საათზე ზუგდიდი – ცენტრალუდი მოედანზე, 12 საათზე – ოზურგეთის ცენტრალური მოედანზე, 13:00 საათზე ბათუმში – ერას მოედანზე, ამბროლაურის ცენტარლური მოედანსა  და ახალციხეში – რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე; 14:00 საათზე ქუთაისის  ცენტრალურ მოედანზე; 16:00 საათზე – გორის თეატრის წინ, 17:30 სთ-ზე თელავში – ერეკლე II-ის მოედანზე, 18:00 საათზე რუსთავში – თავისუფლების მოედანზე, მცხეთაში – სვეტიცხოვლის ტაძრის წინ და ბოლოს, 19:00 საათზე თბილისში – სპორტის სასახლეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი