ახალი ამბები

სააკაშვილი: ქუთაისში არასდროს ისტორიაში ამდენი ხალხი ერთ მოედანზე არ შეკრებილა

8 სექტემბერი, 2012 • 1430
სააკაშვილი: ქუთაისში არასდროს ისტორიაში ამდენი ხალხი ერთ მოედანზე არ შეკრებილა

ქუთაისში სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი მმართველი პარტიის დღევანდელ ყრილობებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობას.

“ქუთაისში არასდროს ისტორიაში ამდენი ხალხი ერთ მოედანზე არ შეკრებილა. გინდათ კოსმოსიდან გადაიღეთ და საიდანც გინდათ, იქიდან გადაიღეთ: შეხედეთ, რამდენი ხალხია, რა კარგი ხალხია, რა ლამაზი ხალხია, რა ძლიერები ვართ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ “ჩვენმა ხალხმა იცის ძალიან კარგად, რომ 1 ოქტობერს არის საქართველოს წარსულში დაბრუნების მსურველთა ბოლო გაფართხალება.”

პრეზიდენტმა ქუთაისში სიტყვით გამოსვლის დროს ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი ოპონენტები ამ ქალაქში პარლამენტის დახურვას აპირებენ:

“მათი პირველი მიზანი არის ქუთაისში პარლამენტის დახურვა ან საკონცერტო დარბაზად გადაკეთება. ვისაც მთელი საქართველოს თავის საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და ჩაწეროს თავისი უნიჭო სიმღერები, რამდენიც უნდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდეტნმა ქუთაისში, ასევე, კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის აღარასოდეს იქნებიან მისაბაძი მაგალითები ე.წ. “კანონიერი ქურდები” , როგორც ეს ადრე იყო. იგი, ასევე, გამოეხმაურა პედაგოგების მისამართით კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებას პედაგოგების მიმართ, როდესაც მან მასწავლებლებს მოუწოდა, არ დაუშვან და არ გამოაყენებინონ თავი ხელისუფლებას საარჩევნო მიზნებისთვის:

“ვინც მასწავლებლებს ემუქრება, შეჭამოს უკან თავისი სიტყვები. ერთი თმა არ ჩამოუვარდება ჩვენს მასწვალებებს!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ბათუმიდან ჩაფრინდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა წყალტუბოსა და ქუთაისში – აკაკი ბობოხიძემ და გიორგი თევდორაძემ, ასევე, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა.

მმართველი პარტიის ყრილობა ქუთაისში

მმართველი პარტიის მხარდამჭერების მობილიზაცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს დილიდან მიმდინარეობდა არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ იმერეთის 11-ვე რაიონიდან.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობები ღია ცის ქვეშ საქართველოს 10 ქალაქში მიმდინარეობს. საღამოს კი ყრილობა თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობა ზუგდიდში დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ის ასევე იმყოფებოდა ბათუმსა და ქუთაისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი