ახალი ამბებისაზოგადოება

მობილიზება რეგიონებიდან – რა ვიცით „ოცნების“ შაბათის აქციაზე

13 დეკემბერი, 2019 • 3957
მობილიზება რეგიონებიდან – რა ვიცით „ოცნების“ შაბათის აქციაზე

შაბათს, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ, იქნება სიტყვით გამოსვლები და მუსიკალური ნომრები. ოფიციალურად ღონისძიებას მართავს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ამას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას უკავშირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას ამ ღონისძიებისთვის რეგიონებიდანაც ჩამოჰყავს საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანები, რიგ შემთხვევებში კი მათზე სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება ხორციელდება. მსგავსი ინფორმაცია აქვს „ნეტგაზეთსაც“.

რა ხდება?

„ქართული ოცნების“ თანახმად,  14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება და მას მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მართავს.

წინა დღეს, 13 დეკემბერს, 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ რეგიონების საჯარო სკოლებში, ბაღებსა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულების მობილიზაციას ახდენს, რათა 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ პარტიულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით ადამიანი ჩავიდეს.

მათი ცნობით, ზოგიერთ რეგიონში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

ეს ორგანიზაციები არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

ისინი იუწყებიან, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები.

NGO-ების ცნობითვე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ, გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე.

ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს“.

„ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20- კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ომბუდსმენი ადასტურებს

რამდენიმე საათში სახალხო დამცველის აპარატმა მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა და 14 დეკემბრის აქციის წინ რეგიონებში სავარაუდო ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

„მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ“, – წერია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია“, – განაცხადა ომბუდსმენის აპარატმა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ:

„მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

თუმცა, ომბუდსმენის თანახმადვე, იმის გამო, რომ მათ მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველი „ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით“.

ნეტგაზეთის ინფორმაცია

ნეტგაზეთის ინფორმაციით, სკოლების ნაწილს რეგიონებში, კერძოდ აჭარასა და კახეთში, ასევე შიდა ქართლის, ქუთაისისა და ჩხოროწყუს საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, უთხრეს, რომ 14 დეკემბერს თბილისში იმართება კონცერტი „ევროპის დღეებთან“ დაკავშირებით, სადაც გამგზავრებაც დაფინანსდებოდა. ქუთაისის ბაღის გამგეებს კი მოსთხოვეს იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც აპირებდნენ წასვლას და დარჩენას. ჩვენი ინფორმაციითვე, მათი ნაწილის მიერ წასვლაზე უარს მოჰყვა უკმაყოფილება. ნეტგაზეთისთვის ცნობილი არ არის პირდაპირი იძულების ფაქტების შესახებ, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ადამიანთა ნაწილს მოსთხოვეს დასაბუთება, რატომ ვერ ახერხებდნენ ისინი თბილისში გამგზავრებას. ამასთან, ზოგიერთი მოქალაქის თქმით, მათთვის არ უთქვამთ, რომ ღონისძიება პარტიის მიერ არის ორგანიზებული.

რას ამბობენ „ოცნებაში“

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უარყვეს რაიმე სახის ზეწოლა მოქალაქეებზე. მაგალითად, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„14 დეკემბერს არავინ არავის არ ავალდებულებს, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც აკეთებს ახალგაზრდული მოძრაობა და ჩვენ ყველა ვუერთდებით ამ ღონისძიებას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, ყველას ვიწვევთ 14 დეკემბერს“.

13 დეკემბრის საღამოს „ნეტგაზეთმა“ გადაიღო ღონისძიებისთვის მზადება, რომლის დროსაც თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები, — ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე.

„ნეტგაზეთს“  მათ უარი უთხრეს კომენტარზე, თუმცა ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ იქნება როგორც სიტყვით გამოსვლები, ასევე შესრულდება მუსიკალური ნომრებიც.

მსგავსი ღონისძიება, ოღონდ სტუდენტური, 3 დეკემბერსაც ჩატარდა თბილისში, ორბელიანის მოედანზე — ორგანიზატორებმა სტუდენტები ჩაიყვანეს რეგიონებიდან იმ კვირეულის გახსნაზე, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევას უკავშირდებოდა.

სტუდენტებს ღონისძიებაზე დასასწრებად შეტყობინებები სტუდენტური თვითმმართველობების თავმჯდომარეებმა გაუგზავნეს, სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები „ქართული ოცნება“ და პარტიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. „მოსაწვევში“ ეწერა, რომ დაფინანსდებოდა მგზავრობა და კვება.

ღონისძიების პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისთან, რომელიც ორბელიანის მოედნიდან დაახლოებით 1 კმ-ში მდებარეობს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავდა. პარტიის ოფისთან დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ 14 დეკემბრის ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გაიგეთ შეზღუდვების შესახებ ვრცლად:

ხვალიდნელი ღონისძიების გამო მოძრაობა შეიზღუდება – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი