ახალი ამბებისაზოგადოება

პასუხი „იმედის“ ეთერში „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას

16 დეკემბერი, 2019 • 6647
პასუხი „იმედის“ ეთერში „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით „ფეიკნიუსერობაში“ — ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში — უსამართლოდ დაადანაშაულეს. ამის საბაბი გახდა „ევროპაში დასაქმების“ ბიძინა ივანიშვილისეული დაპირების კრიტიკული მიმოხილვა.

„იმედზე“ გასული გადაცემით დაწყებული პროცესი მოგვიანებით ფეისბუკზე პროსამთავრობო გვერდებისა და ჯგუფების გამოყენებით გაგრძელდა და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობის კამპანიური სახე მიიღო.

ბოლო პერიოდში გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ სხვადასხვა ხერხით დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა აჩენს კითხვას, ხომ არ არის ეს პროცესი მიზანმიმართული, დაგეგმილი კამპანია, რათა ქვეყანაში იშვიათ, მიუკერძოებელ და პარტიულ-პოლიტიკური თუ სხვა სახის გავლენებისგან თავისუფალ მედიას ზიანი მიადგეს.

„ნეტგაზეთი“ „საწნეხში“

7 დეკემბერს „იმედის“ დღის ეთერის გადაცემა „ბიზნეს ქრონიკაში“, ახალი ამბების მიმოხილვის შემდეგ, მაყურებელმა წამყვანის ვრცელი მონოლოგი მოისმინა „ნეტგაზეთის“ შესახებ.

სექციას, სადაც წამყვანმა ეს მონოლოგი წაიკითხა, „საწნეხი“ ჰქვია. „საწნეხი“, ალბათ, იმ აზრით, რომ გადაცემას ამბიცია აქვს, „წნეხის ქვეშ“ მოაქციოს კრიტიკის ობიექტი, ამ შემთხვევაში- „ნეტგაზეთი“.

თუმცა ამ მონოლოგს „კრიტიკა“ ნაკლებად ეთქმის. ის თავდასხმასა და სუსტი ინიციატივის უხერხემლო დაცვას უფრო ჰგავდა — მედიისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაურ პრაქტიკას.

ერთი შეხედვით, წამყვანი ერთ სიტყვაზე გვედავებოდა — „მხოლოდ“; გვედავებოდა, თითქოს ჩვენს სტატიაში მთავარი კითხვა მანიპულაციურად იყო დასმული. კითხვა ასე ჟღერდა: „რამდენად არის სწორი (ან რეალურად შესაძლებელი) ივანიშვილისეული გეგმით — ანუ მხოლოდ ცირკულარული მიგრაციის დახმარებით — ქვეყანაში არსებულ უმუშევრობასთან ბრძოლა“.

წამყვანმა ამ სტატიას უწოდა „ნათელი მაგალითი, თუ როგორ იქმნება ფეიკ-ნიუსი და როგორ ყალიბდება ამ ნიუსზე საზოგადოებრივი აზრი ერთი ზედმეტი სიტყვით“.

მოგვიანებით მან „ნეტგაზეთს“, ფაქტობრივად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებაზე უნდობლობის დათესვასა და, მეტიც, „სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის“ ხელშეშლაში დასდო ბრალი.

მონოლოგის ბოლოსკენ წამყვანმა თქვა, რომ ივანიშვილის განცხადებების „ნეტგაზეთისეული“ ინტერპრეტაცია ქმნის განწყობას, თითქოს ივანიშვილი ქვეყნის დატოვებისკენ მოგვიწოდებს, რომ თითქოს არაფერი გვეშველება და ერთადერთი ხსნა ემიგრაციაა; თქვა, რომ ასეთი კრიტიკით ახალ ჩატეხილ ხიდებს ვიღებთ, არსებული გაუცხოება კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, პოლარიზებული გარემო კიდევ უფრო პოლარიზდება, ეს ყველაფერი კი ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვფიქრობთ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მკითხველი უკეთ განსჯის, „ნეტგაზეთისეული ინტერპრეტაცია“ ქმნის ამ განწყობას, თუ თავად განცხადება; „ნეტგაზეთის“ სტატიაში გამოთქმული კრიტიკა [რომელიც უშუალოდ „ნეტგაზეთს“ არც ეკუთვნოდა] შეიძლება შეფასდეს, როგორც „მაპოლარიზებელი და სახელმწიფოებრიობის ხელისშემშლელი“, თუ ის, რაზეც ჩვენი პუბლიკაციები ქვეყნდება…

რა ხდება?

ყველაფერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან დაიწყო: რამდენიმე კვირის წინ „იმედზე“ გასულ ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა დაახლოებით 2 მილიონ ადამიანზე, რომელთა შორისაც, როგორც თქვა, გულისხმობდა ქვეყანაში მცხოვრებ დაუსაქმებელ მოქალაქეებს და უცხოეთში მომუშავეებს;

ივანიშვილმა თქვა, რომ „კარგი ეკონომიკის და კარგი კოორდინაციის პირობებში, საშუალოდ, 50 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შექმნას საქართველომ“, თუმცა „ორ მილიონ სამუშაო ადგილს ვერც ათ და ვერც ოც წელიწადში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის, ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ“…

უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზად ივანიშვილმა მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმება დაასახელა. ეს ხედვა მთავრობის წევრებმა მეორე დღეს ერთხმად მოიწონეს. „ნეტგაზეთის“ მოკლე სტატიაც ამ ინიციატივას შეეხებოდა, რადგან დარგის სპეციალისტების თანახმად, ეს მიდგომა დასაქმების პრობლემას ვერ გადაჭრის.

სტატიაში განმარტებული იყო, რომ ცირკულარული მიგრაცია — ის, რისი დახმარებითაც, ივანიშვილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში დასაქმდებიან — მიგრაციის ისეთი ფორმაა, რომელიც მიგრანტებს უცხოეთში ლეგალური დასაქმების საშუალებას აძლევს. სტატიაში სპეციალისტები აკრიტიკებდნენ მიდგომას, რომ დასაქმების პოლიტიკა შესაძლოა ცირკულარულ მიგრაციაზე დაშენდეს — ანუ ის მიდგომა, რაც ივანიშვილის ინტერვიუდან იკვეთებოდა. მოგვიანებით „ნეტგაზეთმა“ ამ თემაზე ვრცელი ინტერვიუც მოამზადა.

„კონტრარგუმენტები“?

„კონტრარგუმენტები“, რაც წამყვანს მოჰყავს  „ნეტგაზეთის“ თითქოს „ფეიკში გამოსაჭერად“, სინამდვილეში „ნეტგაზეთის“ სტატიაში მოყვანილ არგუმენტებს აძლიერებს.

ასე, მაგალითად: იმის დასამტკიცებლად, რომ ივანიშვილს „მხოლოდ“ ეს ინიციატივა არ აქვს უმუშევრობასთან საბრძოლველად, წამყვანს მოჰყავს ამონარიდი ივანიშვილის იმავე ინტერვიუდან, სადაც იგი საუბრობს ინიციატივაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 6% (ბიუჯეტის მეოთხედი) დაიხარჯოს განათლების სფეროზე და ამბობს:

„ჩვენ მოვნახეთ რესურსიც, გზაც და, რაც მთავარია, გვეყო სითამამე, ამ გაჭირვების ფონზე ამხელა რესურსი განათლებასა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე მივმართოთ. ამას ჩვენ გავშლით ამ წელიწადს, შემდეგ წლებშიც. ეს არის უნიკალური — განათლებაში ჩადებული ფული. ეს არ არის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ფული. ინფრასტრუქტურაში ჩადებული ფული შეიძლება იმწამსვე იგრძნოს ეკონომიკამ, მაგრამ განათლებაში ჩადებული ფულით საზოგადოებამ შეიძლება 8-10 წლის მერე დაინახოს ამონაგები“…

ასევე, წამყვანმა მოიყვანა ნაწყვეტი, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ „განათლების რეფორმის პარალელურად … ჩვენ უამრავი პროფესიული სასწავლებელი უნდა გავხსნათ ყველა კუთხეში, რომ ხალხი გადავამზადოთ“.

ამ გადაცემაში დამატებითი, რეალური არგუმენტები არ წარმოუჩენიათ, მათ შორის არც ივანიშვილის იმ თუ სხვა ინტერვიუდან, რაც გვაჩვენებდა, რომ მხოლოდ „უმუშევრობის ექსპორტი“ არ არის დასაქმების პოლიტიკის ივანიშვილისეული ან სახელმწიფოსეული ხედვა.

რატომაა ეს ხედვა პრობლემური?

სპეციალისტებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით, მოკლედ  გთავაზობთ, რას ეხებოდა “ნეტგაზეთის” სტატიებში გამოთქმული კრიტიკა:

  1. ცირკულარული მიგრაცია დროებითია — „შრომითი ძალის ექსპორტიორი“ ქვეყნის და მუშახელის გადმოსახედიდან, ეს პროცესი გამოცდილების შეძენას ემსახურება, ნაწილობრივ და დროებით ამსუბუქებს დასაქმების პრობლემას ქვეყნის შიგნით; ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა ისაა, რომ დასაქმებულები უკან უნდა დაბრუნდნენ;
  2. ცირკულარული მიგრაცია არის შეზღუდული რაოდენობრივად (საუბარია რამდენიმე ასეულ, იშვიათად ათასზე ოდნავ მეტ ადამიანისთვის გამოყოფილ კვოტაზე) ან პროფესიულად (მიმღები ქვეყნები აცხადებენ კონკრეტულ პროფესიებს, რაც სჭირდებათ); ასე რომ, გაუგებარია, რანაირად ხერხდება ამ რაოდენობით (2 მილიონი) ადამიანის დასაქმება ამ სქემით;
  3. შრომის ბაზარი, რაც უკან დაბრუნებულ შრომით მიგრანტებს ხვდებათ, განუვითარებელია, შესაბამისად, ისინი ვერ იყენებენ უცხოეთში შეძენილ გამოცდილებას; ამ ვითარების გამოსწორების ნიშნები არ ჩანს, მათ შორის არც ინტერვიუში;
  4. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან არ ჩანს, რომ სახელწიფო ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის პარალელურად ცდილობს, არსებული, განუვითარებელი შრომის ბაზარი საერთო ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში დახვეწოს;
  5. ინიციატივა [ინიციატივა და არა ცირკულარული მიგრაციის განვითარება, როგორც ცალკე აღებული მექანიზმი] შეუსაბამოა ევროკავშირის პოლიტიკასთან: ევროკავშირი 50 მილიონ ევროს დებს სექტორულ რეფორმაში, რომლის საბოლოო მიზანია უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს ქვეყანაში; გამოდის, სახელმწიფოს თანხას პრობლემის აღმოსაფხვრელად აძლევენ, ამ დროს კი სახელმწიფო ევროკავშირში გზავნის იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს თანხა უნდა დახარჯოს;
  6. რაც შეეხება განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ჩადებას — განუვითარებელი შრომის პოლიტიკის პირობებში გამოდის, რომ ეს თანხა გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა სახელმწიფოებისთვის იხარჯება, თუკი სახელმწიფომ ადგილზე არ იზრუნა შრომის ბაზრის განვითარებაზე, რისი ნიშნებიც, კიდევ ერთხელ, არც ინტერვიუში გამოჩენილა…

კამპანია ფეისბუკზე

გადაცემა „იმედის“ ეთერში შაბათს გავიდა. გადაცემის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პირდაპირი ეთერი ფეისბუკზე გააზიარა პროსახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდმა, სახელად „ბიძინა ივანიშვილი და მედია“.

ეს გვერდი, რომელსაც 80 ათასზე მეტი მოწონება აქვს, სხვა მასალებთან ერთად, დღეში რამდენჯერმე აზიარებს ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, ინიციატივებს და ისეთ კონტენტს, რაც დადებითაც წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“.

იმავე საღამოს ამავე გვერდმა ამ მონოლოგის ტექსტური ვერსია გააზიარა. მეორე დღეს კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა იგივე მონოლოგი, ამჯერად- ვიდეო.

ეს პოსტი მოგვიანებით ჯერ დაასპონსორეს (ანუ ფეისუბკზე მის რეკლამაში გარკვეული თანხა გადაიხადეს), მოგვიანებით კი არაერთ პროსახელისუფლებლო ჯგუფში გააზიარეს სხვადასხვა ექაუნთებმა.

დასპონსორებული პოსტი

„ნეტგაზეთის“ მადისკრედიტირებელი მასალის ჯგუფებში გაზიარებაში მონაწილეობა მიიღო გია აბაშიძემაც, — ანალიტიკოსმა, რომელიც საჯარო სივრცეში დამოუკიდებელ კომენტატორად პოზიციონირებს.

„ნეტგაზეთის“ მკითხველისთვის გია აბაშიძე ცნობილია, როგორც ავტორი „ლაითი კვლევისა“, რომლითაც ის ცდილობდა, 20 არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაეკავშირებინა.

[დეტალებისთვის გირჩევთ: „ეს არის ლაითი კვლევა“ — გია აბაშიძე NGO-ების ენმ-სთან კავშირზე]

ბოლოს, ორშაბათს, ფეისბუკის პირადი ანგარიშით გადაცემის წამყვანი, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი წულაია „ნეტგაზეთს“ ასე დაემუქრა:

„ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. არცერთ დარტყმას, რასაც ახორციელებთ ქვეყანაზე და მის ეკონომიკაზე, არ გაგიტარებთ, კარგად დაიმახსოვრეთ“…

„ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობები

„იმედზე“ გასული გადაცემა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ნეტგაზეთის“/„ბათუმელების“ დისკრედიტაციას ცდილობენ. გავიხსენოთ რამდენიმე ბოლოდროინდელი შემთხვევა:

სამიოდე თვის წინ, 13 სექტემბერს, ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორმა“ „ბათუმელების“ სახელით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. გვერდმა გამოაქვეყნა გაყალბებული სქრინი, სადაც იკითხებოდა სათაური – „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა?“, რომელზეც მითითებული იყო „ნეტგაზეთის“ რეპორტიორის სახელი.

გაყალბებული სტატიის თანახმად, დეპუტატ სალომე სამადაშვილის [ენმ] შვილი მოსკოვში სწავლობს, ხოლო დეპუტატი გიგა ბოკერია [ევროპული საქართველო] შვილის სწავლისთვის საზღვარგარეთ 16 451 ლარს იხდის. სქრინს თან არ ახლდა სტატიის ბმული. ასეთი ბმული არც არსებობდა — მსგავსი სათაურის და შინაარსის სტატია „ბათუმელებს“ არც იმ დღეს და არც მანამდე არ გამოუქვეყნებია.

ამ ამბავს წინ უძღოდა „ბათუმელების“ მიერ სტატიის გამოქვეყნება, სადაც ვარკვევდით, „რა უჯდებათ [ახლანდელ, „ქართული ოცნების“] მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა“.

ამის შემდეგ იყო ყალბი ინფორმაციის გავრცელება „ნეტგაზეთის“ სახელით „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ. ფეისბუკზე სხვადასხვა პროსამთავრობო ჯგუფმა და გვერდმა ხაზარაძის ციტატა გაავრცელა, რომელიც მან თითქოს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ილია II გააკრიტიკა და თქვა, რომ „ის დაბერდა“ და „სხარტად ვეღარ აზროვნებს“:

„მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორეს დიდ პატივს ვცემ, აშკარაა, რომ ის დაბერდა. ახალგაზრდობაში უფრო გამოირჩეოდა ბრძნული საუბრით. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო ქადაგების დროს მევახშეობაზე, როგორც ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვაზე ისაუბრა. უბრალოდ, ბოლო წლებში ისე სხარტად ვეღარ აზროვნებს. ზოგჯერ საერთოდ მგონია, რომ სხვის დაწერილ ტექსტებს კითხულობს ისე, რომ შინაარსიც ვერ გამოაქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ურიგო არ იყოს მისი მესაყდრის – შიოს გაპატრიარქება… ბევრად უფრო მშვიდად იქნებოდა თავად ილიაც. მინდა მას სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო”.

სინამდვილეში ხაზარაძეს მსგავსი განცხადება „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში არ გაუკეთებია, შესაბამისად, არც „ნეტგაზეთს“ გამოუქვეყნებია მსგავსი მასალა. აღსანიშნავია, რომ იქამდე ცოტა ხნით ადრე „ნეტგაზეთმა“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ხაზარაძესთან.

სხვადასხვა გვერდები და გამოცემები „ბათუმელების“ სახელით პერიოდულად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.

სულ ახლახან, 8 დეკემბერს, „მითების დეტექტორის“ ცნობით, კრემლთან აფილირებულმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ზელიმხან ხანგოშვილზე „ნეტგაზეთის“ სტატიას ესხმოდნენ თავს, როგორც საბაბს, რომ „სოროსის ორგანიზაციებმა საქართველო-რუსეთს შორის ახალი სკანდალი“ გამოიწვიონ. 11 დეკემბერს იმავე შინაარსის პუბლიკაცია გამოაქვეყნა „საქართველომ და მსოფლიომ“.

ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი წლების განმავლობაში არიან ანტისემიტური თავდასხმებისა და შეთქმულების თეორიების ადრესატები იმ აქტორების მხრიდან, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის შესახებ

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელებისთვის“ კი ახალი ამბების გაშუქებისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებია.

გამოცემები დაარსების დღიდან დგანან ვიწროპარტიულ, პოლიტიკურ თუ ბიზნესინტერესებზე მაღლა, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ ახალი ამბების სამართლიანი გაშუქებით, რომელიც ფოკუსირებულია ყოველდღიური პოლიტიკის, მართლმსაჯულების, სოციალური სამართლიანობის თემებზე.

„ნეტგაზეთს“ საერთაშორისო ორგანიზაციები გამუდმებით ციტირებენ, როგორც დამოუკიდებელ, დაბალანსებულ გამოცემას. მაგალითად:

„დამოუკიდებელი ნეტგაზეთი ცნობილია მოვლენების დაბალანსებული გაშუქებით“ — Freedom House, 2014;

„ნეტგაზეთი რჩებოდა ყველაზე დაბალანსებულ მედიაგამოცემად [ონლაინმედიაში]“, — ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

„ნეტგაზეთი“ არის „გაზეთი ბათუმელების“ პროექტი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს. „გაზეთი ბათუმელები“ 2001 წელს დაარსეს ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი