Interviewsახალი ამბები

„უმუშევრობის ექსპორტი“, როგორც მცდარი პოლიტიკა — ინტერვიუ

30 ნოემბერი, 2019 • 5048
„უმუშევრობის ექსპორტი“, როგორც მცდარი პოლიტიკა — ინტერვიუ

რას ნიშნავს და რატომ არის პრობლემური მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება „უმუშევრობის ექსპორტის“ შესახებ? როგორ ჯდება ეს ხედვა სახელმწიფოს უფრო ფართო პოლიტიკაში? რა შეიძლება მისი ალტერნატივა იყოს?

„ნეტგაზეთმა“ ეს კითხვები დაუსვა სოციალური პოლიტიკის მკვლევარ ანა დიაკონიძეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA-ს) ასოცირებულ პროფესორს. ქვემოთ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბრის ინტერვიუში განაცხადა, რომ „ორ მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის“ და გამოსავალს ევროპის ქვეყნებში დასაქმებაში ხედავს. რა პრობლემას ხედავთ ასეთ ხედვაში?

ეს უკიდურესად არასტრატეგიული მიდგომაა და რეალური პრობლემისგან გაქცევას უფრო წარმოადგენს, ვიდრე მისთვის თვალის გასწორებას. მთავარი კითხვა სწორედ ისაა, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება მომდევნო 20 თუ 30 წელიწადში და როგორ.

არ ვიცი, ეს განცხადება რას ეფუძნება, მაგრამ თუ არსებული მიდგომებით პესიმისტური განწყობები არსებობს, მაშინ, სავარაუდოდ, მიდგომების ცვლილებაა საჭირო და არა იმის გამოცხადება, რომ სამუშაო ადგილებს ვერაფრით ვერ შევქმნით და ამიტომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეთ.

რა თქმა უნდა, რთულია ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი, ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა და ა.შ., თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ქვეყნის შიგნით დასაქმების პოლიტიკის გასავითარებელი გზების ძიებაზე. ერთი სიტყვით, სტრატეგიულად არასწორ განცხადებად მიმაჩნია.

შესაძლოა, ვინმეს ედავა, რომ ეს ერთი ადამიანის განცხადება იყო, თუმცა მეორე დღეს იუსტიციის, ფინანსთა და, რაც მთავარია, ეკონომიკის მინისტრებმა მოიწონეს ეს მსჯელობა, ივანიშვილისგანაც ერთგვარი დაპირებასავით ჟღერდა, ჩამოყალიბებულ გეგმად…

ზუსტად მანდ ვხედავ პრობლემას: როდესაც ასეთი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ამ განცხადებას და შემდეგ ასე ეხმაურებიან მინისტრები, ეს მიანიშნებს, რომ ამ კუთხით სერიოზულად ფიქრობენ.

მე ვიცნობ მიგრაციის სამთავრობო კომისიის ამჟამინდელ საქმიანობას ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარების კუთხით და უნდა ითქვას, რომ ცირკულარული მიგრაციის განვითარებას თავისთავად დასაქმებისა და შრომის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი შეიძლება ეჭიროს. მიუხედავად ამისა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას მთლიანად ამაზე დაფუძნება არასწორად მიმაჩნია.

რას გულისხმობს ცირკულარული მიგრაცია? რა დადებითი და უარყოფითი ეფექტები აქვს?

ცირკულარული მიგრაცია მოკლევადიანი, პერიოდული მიგრაციაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და აუცილებლად ბრუნდება უკან. ეს პერიოდული რეგულარული სამუშაოა.

ევროკავშირის რიგ ქვეყნებს დაწესებული აქვთ კვოტები. მაგალითად, იტალიას, რომელიც აცხადებს, რომ წელიწადში მიიღებს გარკვეული რაოდენობის მიგრანტ შრომით მუშაკს. არის ქვეყნები, მაგალითად, უნგრეთი, რომელსაც კვოტები დაწესებული აქვს პროფესიების დონეზეც კი; ნათქვამი აქვს, რომ, პირობითად, 500 დურგალს მიიღებს წელიწადში და ა.შ.. არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც კვოტები საერთოდ არ არის.

თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ცირკულარული მიგრაცია ლიტერატურაში განიხილება, როგორც სამმაგი ბენეფიტის მქონე: სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც გამგზავნ ქვეყანას, ისე მიმღებ ქვეყანას და თავად მიგრანტს.

იგულისხმება, რომ მიგრანტი ბენეფიტს იღებს საზღვარგარეთ მუშაობის დროს შეძენილი ახალი უნარებითა და კომპეტენციით, რადგან უკან დაბრუნების შემდეგ უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე საქმდება. უკან დაბრუნების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ არ ვსაუბრობთ საზღვარგარეთ სამუდამოდ სამუშაოდ წასვლაზე.

ცირკულარულ მიგრაციას ამ პრინციპით თუ შევხედავთ, ნამდვილად არ არის დასაწუნი პრაქტიკა: ჯერ ერთი, დროებით ადგილობრივი შრომის ბაზარზე უმუშევრობის წნეხს ოდნავ ამსუბუქებს, — რადგან ეს ხალხი მიდის საზღვარგარეთ, — დაბრუნების შემდეგ კი — თეორიაში ასეა — ისინი უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან შრომის ბაზარზე და თავიან ქვეყნებში უკეთეს სამუშაო ადგილებზე საქმდებიან.

მაგრამ საქმე ისაა, თუ რა ხდება უკან დაბრუნების შემდეგ პრაქტიკაში. საქართველოში, მაგალითად, ასეთი გამოცდილება გვაქვს: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) ხელშეწყობით, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ სქემებზე, გერმანიაში საქართველოდან წასული იყო ექთნების ჯგუფი.

ეს ექთნებიც ამბობდნენ, რომ ქართველი ექთანი ჩამოუვარდება გერმანელ ექთანს, იქ მოთხოვნები, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, გაცილებით მაღალია. ასე რომ, სარგებელი, რაც მართლა შეიძლება მიიღონ, არის ის, რომ გაცილებით მაღალი უნარებით და კვალიფიკაციით დაბრუნდნენ.

მაგრამ მათ აქ ხვდებათ იგივე სიტუაცია, რაც წასვლის მომენტში. უკეთეს შემთხვევაში იმავე სამსახურებში საქმდებიან, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ ვერ მუშაობენ.

ცირკულარული მიგრაციის მთელი იდეა ისაა, პრობლემა ადგილობრივად მცირედით შეამსუბუქო. ეს ფრაზა თავისთავად გულისხმობს, რომ პარალელურად აგრძელებ მუშაობას, რათა ქვეყნის შიგნით დასაქმების და ეკონომიკის პოლიტიკები განავითარო და ისეთი პირობები შექმნა, რომ როდესაც ეს ხალხი რომ უკან დაბრუნდება, რეალურად რაღაცაში გამოიყენონ ეს გამოცდილება.

[ივანიშვილის] ამ ხმამაღალი განცხადებით კი ისე ჩანდა, თითქოს სახელმწიფო დანებდა და აცხადებს: „უმუშევრობის პრობლემას ვერ ვაგვარებთ და მოდით, უმუშევრობის ექსპორტი მოვახდინოთ საზღვარგარეთ“. ეს უკიდურესად არასტრატეგიულია ბევრი თვალსაზრისით, პოლიტიკურადაც, საზოგადოებრივადაც…

ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ უნდა გავმართოთ ცირკულარული მიგრაციის სქემები, — მათი გამოყენება კარგი დაგეგმვის პირობებში შესაძლებელია — მაგრამ ის, რომ მთლიანად ამას დავაფუძნოთ ჩვენი უმუშევრობის პრობლემის მოგვარება, პირდაპირ რომ ვთქვა, არის ძალიან სევდიანი განცხადება.

რამდენად მოდის შესაბამისობაში ეს ხედვა თვითონ ევროკავშირის პოლიტიკასთან?

ევროკავშირს საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს საბიუჯეტო დახმარება 50 მილიონი ევროს მოცულობით. ეს გახლავთ სექტორული რეფორმის კონტრაქტის ნაწილი. სექტორული რეფორმა კი გულისხმობს პროფესიული განათლების და დასაქმების სფეროს რეფორმას.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს გრანტი ევროკავშირმა გამოყო, რათა ქვეყანაში ადგილობრივი სამუშაო ძალის უნარები და კომპეტენციები გაუმჯობესდეს და აღმოიფხვრას შეუსაბამობები მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, რათა უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს.

ახლა კი ისე გამოდის, რომ ვიღებთ ამხელა დახმარებას უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად და მეორე მხრივ, ვაკეთებთ განაცხადს რომ: „ამ ადამიანებს (უმუშევრებს) თქვენთან გამოვუშვებთ“. ასე რომ, არც ევროკავშირთან მიმართებაში მიმაჩნია პოლიტიკურად კორექტული ეს განცხადება.

გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ნამდვილად არსებობს სამუშაო ძალის დეფიციტი, ისინი ძალიან ფრთხილობენ შრომითი მიგრანტების ქვეყანაში შეშვების დროს და ეს ბევრ რამეში გამოიხატება.

ამ შეუსაბამობის გარდა, რამდენად მწყობრი ჩანს ეს განცხადება იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს, — ექსპრემიერი მამუკა ბახტაძის ინიციატივით — გაცხადებული აქვს, რომ 2022 წლიდან ბიუჯეტის მეოთხედს [რაც მშპ-ის 6%-ია] დახარჯავს განათლების დასაფინანსებლად?

ამ განაცხადის ფონზე მით უმეტეს არალოგიკური ჩანს… რა გამოდის, სად მიდის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია? ანუ ჩვენ ფულს იმისთვის ვხარჯავთ რომ ევროპულ შრომის ბაზარზე მოვაგვაროთ პრობლემები?

აქ კიდევ ერთი რამე უნდა აღვნიშნოთ: ქართულ შრომით ბაზარზე პრობლემა არის არა მხოლოდ უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა, არამედ ის, რომ ადგილობრივ ბიზნესს, დამსაქმებლებს, კვალიფიციური სამუშაო კადრის პრობლემა უდგათ. ამაზე ყველა ლაპარაკობს, მათ შორის სფეროს ექსპერტები და ამას ნებისმიერი გამოკითხვა ადასტურებს.

თითქოს პარადოქსია: ჩვენ გვაქვს უმუშევრობა და ამავდროულად კომპანიები ვერ პოულობენ შესაბამის კადრებს. ევროკავშირის ეს 50 მილიონის მიზანიც, რაც ვახსენეთ, ისაა, რომ ეს შეუსაბამობა აღმოიფხვრას ადგილობრივ ბაზარზე, რათა ამ ხალხმა დასაქმება მოახერხოს…

რის გამო არსებობს ეს შეუსაბამობა – ერთი მხრივ უმუშევრობა და მეორე მხრივ კადრების დეფიციტი?

ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მიდის უმაღლესი განათლების დიპლომებისკენ სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებზე, რაც ძალიან პოპულარულია (და პრინციპში ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში).

ეს მაშინ, როცა რეალურად თუ შევხედავთ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, — ამაზეც არსებობს კვლევები საქართველოში, — მოთხოვნა მასიურად არის დაბალ და საშუალო კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ადგილებზე, მაგალითად, მაღაზიაში კონსულტანტებზე, გამყიდველებზე და ნაკლებად, მაგალითად, სამწუხაროდ, დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტებზე.

ფაქტია, ახალგაზრდობისთვის, რომელიც დიპლომებით და მაღალი მოლოდინებით გამოდის სასწავლო დაწესებულებებიდან, შემოთავაზებული ვაკანსიები არ არის მიმზიდველი. შესაბამისად, იქმნება ძალიან დიდი აცდენა.

ამას ემატება ისიც, რომ პროფესიული დარგები, ხელობები, საერთოდ არაპოპულარულია და თუ ვინმე მუშაობს ამ სფეროში, ძირითადად არაფორმალური განათლებით მუშაობს. მთელი ეს სექტორი, რომელიც მოიხმარს პროფესიული განათლების კვალიფიკაციის მქონე კადრს, — მაგალითად, მშენებლობის სექტორი, მანქანის შემკეთებლები — მთლიანად დაკომპლექტებულია არაფორმალური განათლების მქონე ხალხით.

საერთო ჯამში, ეს გვაძლევს სიტუაციას, სადაც ვაკანსიების უმეტესობა სასურველია არ არის უმუშევრებისთვის და ეს გასაგებიცაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ძირითადად სწორედ ასეთ სამუშაო ადგილებს ქმნის.

და, იმდღევანდელ განცხადებას რომ დავუბრუნდეთ — სახელმწიფო ამბობს, რომ არაფერს არ აკეთებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაც ახლა თქვენ აღწერეთ, ნებდება და ერთადერთ გამოსავლად ქვეყნიდან წასვლას ხედავს, როდესაც, როგორც თქვენ ამბობთ, გამოსავალი არის ალტერნატივის ძებნა. როგორ შეიძლება ეს ალტერნატივა წარმოვიდგინოთ?

ასეთი ალტერნატივა არის სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების პოლიტიკაში უფრო აქტიური როლი. ამ წუთას სახელწმიფო პოლიტიკა ძალიან რუდიმენტულია [განუვითარებელია] და ამზადებს კადრებს მხოლოდ არსებული მოთხოვნისთვის შრომის ბაზარზე. ბუნებრივად კი, როგორც უკვე გითხარით, მოთხოვნა იქმნება დაბალ და საშუალო კვალიფიციურ პოზიციებზე.

ამის გამოსწორების გამოცდილება და მაგალითები უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ე.წ „აზიის ვეფხვების“ [სამხრეთ კორეა, სინგაპური, ტაივანი, ჰონგ-კონგი] შემთხვევაში, რომელთაც ძალიან აქტიური ინდუსტრიული პოლიტიკით მოახერხეს თავიანთი ეკონომიკების ტრანსფორმაცია და დივერსიფიკაცია.

როგორ?

მაგალითად, თუკი 1970-იანი წლების დასაწყისში სინგაპური ან სამხრეთ კორეა იყო აგრარული, ასე ვთქვათ, ჩამორჩენილი ქვეყანა, ისინი იწყებენ ერთდროულ ზრუნვას, ერთი მხრივ, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და, მეორე მხრივ, კონკრეტული დარგების განვითარებაზე ეკონომიკაში.

თავიდან დაიწყეს ძალიან ელემენტარული დარგებით, რომლებიც არ მოითხოვდა მაღალკვალიფიციურ მუშახელს, — ტექსტილი, ა.შ., — შემდეგ კი ეტაპობრივად გადავიდნენ სხვა დარგებზე. დღეს ისინი ტექნოლოგიების მხრივ მოწინავე ქვეყნები არიან.

ანუ საჭიროა, ეკონომიკის დარგების დივერსიფიკაცია მოხდეს. ჩვენთან მიდგომა ძალიან ლიბერალურია, — რომ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, როგორც ბაზარი გადაწყვეტს. ერთადერთი მიდგომა არის, რომ მოვახდინოთ პრივატიზება და ლიბერალიზაცია და შემდეგ ეს პროცესები ავტომატურად მოხდება.

არადა, ძალიან ბევრი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ავტომატურად არ ხდება და იმისთვის, რომ კონკრეტული დარგები განვითარდეს, სახელმწიფოს მხრიდან მეტი დახმარებაა საჭირო, თუნდაც კერძო სექტორისთვის ან ბიზნესისთვის.

სახელმწიფოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებაზე არ მუშაობს?

მეწარმეობის პროგრამა თითქოს იდეის დონეზე აკეთებს ამას, თუმცა იქ ორი პრობლემაა: ჯერ ერთი, ძალიან ფართო სპექტრია იდენტიფიცირებული დარგებისა, რომლის წახალისებაც უნდა სახელმწიფოს და, მეორეც, — თუ ისევ ამ სხვა ქვეყნების გამოცდილებას შევხედავთ, — მხოლოდ დარგების იდენტიფიცირება და შემდეგ სესხის მიცემა კომპანიებისთვის არ არის საკმარისი. ეს არის აუცილებელი ფინანსური ნაწილი, რომელთანაც კავშირში უნდა იყოს სავაჭრო, საექსპორტო და დასაქმების პოლიტიკა. ანუ მთელი ერთიანი ლოგიკა უნდა შეიკრას.

კონკრეტული მაგალითი რომ გითხრათ, მქონია შეხება და კვლევა მიწარმოებია „აწარმოეს“ ბენეფიციარებთან, ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, გაიზარდონ, განვითარდნენ, ექსპორტზე გავიდნენ და ა.შ..

მაგრამ მათ აქვთ მთავარი პრობლემა: ისინი ამბობენ, რომ ძალიან ხარისხიან პროდუქციას ქმნიან, ევროპულ სტანდარტებსაც აკმაყოფილებენ, მაგრამ იმ დროს, როდესაც აქ წარმოებას ცდილობენ, საქართველოში სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, ჩინეთიდან, შემოდის იგივე პროდუქცია გაცილებით დაბალ ფასში და გაცილებით დაბალი ხარისხის. ანუ ეკონომიკურ დემპინგს აქვს ადგილი…

როდესაც ამბობ, რომ რაღაც სექტორის წახალისება გინდა, თან ხელი უნდა შეუწყო სავაჭრო პოლიტიკითაც. როცა ამბობ რომ, ადგილობრივად კონკრეტული ტიპის წარმოების განავითარება გინდა, მაგრამ იმავე პროდუქციას ძალიან იაფად შემოიტან საზღვარგარეთიდან, გამოდის, რომ ადგილობრივ კომპანიებს ერთი მხრივ ფულს აძლევ წარმოებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ მთლიანად უკლავ თავიანთი ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაცის საშუალებას. შემდეგ ეს ამ კომპანიებს რთულ ვითარებაში აყენებს.

რომ შევაჯამოთ, თითქოს არსებობს მეწარმეობის განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობის ცალკეული ინიციატივები, მაგრამ თუ მას ლოგიკურად არ დაუკავშირდა სავაჭრო პოლიტიკა, — რომელიც ძალიან ლიბერალურია ჩვენთან და არაფერზე შეზღუდვა არ არსებობს — სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

აქ ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, არ არის საუბარი მაინცდამაინც სატარიფო დაცვაზე. გარკვეული რეგულაციების ჭკვიანურად გათვლა შეიძლება იმისთვის, რომ თუ ჩვენ ადგილობრივად რაღაც კომპანიებსა და სექტორებს ვეხმარებით განვითარებაში, მათ არ შევუქმნათ საფრთხე გარედან შემოსული პროდუქციით.

იმ დამატებითი არგუმენტით, რომ ამ კომპანიებს ებმის დასაქმებული ადამიანები?

დიახ, ამ ყველაფერზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. ეს კომპანიები თუ ვერ ვითარდებიან, ვერ ახერხებენ პროდუქციის რეალიზაციას, ვერ ასაქმებენ სამუშაო ძალას.

სხვათა შორის, ეს კომპანიები ამბობენ, რომ — მართალია, პირველი რიგის პრობლემა მათთვის არის ფინანსებზე წვდომა და მაკროეკონომიკური საკითხებია, — ადამიანური კაპიტალის პრობლემა უდგათ. ესე იგი, კონკრეტულ სექტორში კონკრეტული დარგის სპეციალისტები მათთვის რთული მოსაძებნია.

გარდა ამისა, ამავდროულად გვაქვს დასაქმების სახელმწიფო სერვისების ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც უმუშევრებს სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა დარგში სთავაზობს რეკვალიფიკაციასა და ტრენინგებს. სფეროებს თუ გადახედავთ, სწორება ხდება იმაზე, რაზეც არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, — დაბალ და საშუალო კვალიფიციურ პოზიციებზე.

ამის პარალელურად, თუ შეიხედავთ „აწარმოეში“ და ნახავთ, რა ტიპის კვალიფიკაციის კადრში უდგათ კომპანიებს პრობლემა, აღმოაჩენთ, რომ მათი მოთხოვნები განსხვავებულია.

ის პროფესიები, რაზეც „აწარმოებს“ კომპანიებს აქვთ მოთხოვნა და იმ პროფესიების სია, რაზეც სახელმწიფო ტრენინგებს გვთავაზობს, სრულად აცდენილია ერთმანეთს. მათ შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. მე, მაგალითად, პირველ რიგში აქედან დავიწყებდი, რომ ეს მომეყვანა შესაბამისობაში.

მესმის, რომ შეიძლება, ქართული მეწარმე კომპანიების შექმნილი მოთხოვნა რაოდენობრივად არ იყოს ძალიან დიდი, ახლადდაწყებული პროგრამაა და ქართული კომპანიები განსაკუთრებით ძლიერები არ არიან. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ მათი წახალისება და ამ პროგრამის დახვეწა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცირკულარული მიგრაციის სქემებზე ამხელა აქცენტის გაკეთება. ამ კუთხით განვითარება გაცილებით უფრო პრიორიტეტულად და მაღალი პოტენციალის მქონედ მიმაჩნია, ვიდრე ხელის ჩაქნევა და იმაზე საუბარი, რომ უმუშევრები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ.


გარეკანის ფოტო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მასალების გადაბეჭდვის წესი