ახალი ამბები | ,

ონლაინ-მედიაში ნეტგაზეთი არჩევნებს ყველაზე დაბალანსებულად აშუქებდა — ეუთო

1 მარტი, 2019 | | 2691
ონლაინ-მედიაში ნეტგაზეთი არჩევნებს ყველაზე დაბალანსებულად აშუქებდა — ეუთო

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ნეტგაზეთი ყველაზე დაბალანსებულად აშუქებდა ონლაინ-მედიაში, — წერია ეუთოს  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში.

საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეუთო აღნიშნავს, რომ ონლაინ-მედია ძირითადად სამ მთავარ პოლიტიკურ პარტიაზე იყო ფოკუსირებული (“ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”).

ორგანიზაცია პირველი და მეორე ტურისთვის ცალ-ცალკე სწავლობდა მედიას რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგის ფარგლებში (I ტური — 24 სექტემბრიდან 27 ოქტომბრამდე, II ტურისთვის მონიტორინგი კი 30 ოქტომბერს განაახლა). ეუთო ექვს მაუწყებელსა და სამ ვებსაიტს სწავლობდა.

მაუწყებლები

ეუთოს თანახმად, მრავალფეროვანი მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო და გაშუქება პოლიტიკურ ხაზებსა და ბიზნესინტერესებს გასდევდა. კერძო ტელევიზიებს, რუსთავი2-სა და იმედს, ეუთო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულს უწოდებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზრის შემცირებამ კერძო მაუწყებელთა ფინანსურ არამდგრადობას შეუწყო ხელი და გაზარდა მათი დამოკიდებულება მედიის მფლობელებზე.

მონიტორინგის შედეგებით, რუსთავი 2 აშკარად ემხრობოდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, იმედი კი აშკარად მიკერძოებული იყო “ქართული ოცნების” მიმართ. “იბერიის” ახალი ამბები მეტწილად ფოკუსირებული იყო მთავრობისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებით, რომლის თანახმადაც, “იბერიის” მფლობელი კომპანია (“ომეგა ჯგუფი”) ზეწოლის ქვეშ იყო. “ტვ პირველი” უფრო ნეიტრალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ რეპორტინგს სთავაზობდა მაყურებელს.

აჭარის ტელევიზია მეტწილად ფოკუსირებული იყო ადგილობრივი, რეგიონული მოვლენების გაშუქებით და ლიმიტირებული, თუმცა დაბალანსებული სივრცე დაუთმო საარჩევნო კამპანიის აქტივობებს. ეს იყო ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ეცადა, კანდიდატები ნეიტრალურად გაეშუქებინა. თუმცა პირველმა არხმაც და აჭარის ტელევიზიამაც ვერ მოახერხეს თავიანთი საჯარო მანდატის შესრულება და ზედაპირულად აშუქებდნენ პარტიების წარმომადგენლებისა და კანდიდატების აქტივობებს.

მონიტორინგის შედეგებით, მეორე ტურში ძირითადი მაუწყებლები კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული გახდნენ. “იმედმა” განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებდნენ, რათა ხელი შეეშალათა ენმ-ის კანდიდატის გამარჯვებისთვის და ყველაზე ყურებად ეთერს უთმობდა ამ პარტიის ძლიერად გასაკიცხად.

რუსთავი 2 ძლიერ უარყოფითად აშუქებდა მთავრობას, “ქართულ ოცნებას” და მათ მხარდაჭერილ კანდიდატს. პირველიარხს ეტყობოდა აშკარა მიკერძოება ენმ-ისა და ენმ-ის კანდიდატის წინააღმდეგ და “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ემხრობოდა.

ტვ პირველმა მაყურებელს უფრო ნეიტრალური და ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტინგი შესთავაზა. მისი ტოკშოუები იყო პლატფორმა ენმ-სა და “ქართულ ოცნებას” შორის ცხარე კამათისთვის.

იმის პარალელურად, რომ “აჭარის ტელევიზიის” გაშუქება მეტწილად ნეიტრალური იყო, მან საგრძნობლად მეტი დრო დაუთმო “ქართულ ოცნებასა” და “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატს.

ონლაინ-მედია

ეუთოს მონიტორები ონლაინ-მედიაში სამ მედიასაშუალებას აკვირდებოდნენ: ნეტგაზეთს, ონ.ჯის და ინტერპრესნიუსს.

“ნეტგაზეთი ყველაზე დაბალანსებულად აშუქებდა მოვლენებს; On.ge, მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად ნეიტრალური იყო, “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატს სამჯერ მეტ ადგილს უთმობდა, ვიდრე ენმ-ს. IPN აქტიურად აშუქებდა “ქართულ ოცნებას” და აშკარად ემხრობოდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს”, – წერია ანგარიშში.

მეორე ტურისთვის, “მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-მედიაში გაშუქება ნაკლებად პოლარიზებული იყო, IPN აგრძელებდა “ქართული ოცნებისა” და მთავრობის აქტიურად გაშუქებას და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს ემხრობოდა. ნეტგაზეთი რჩებოდა ყველაზე დაბალანსებულ მედიაგამოცემად; On.ge “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს ორჯერ მეტ ადგილს უთმობდა ენმ-სთან შედარებით”.

კიდევ ერთი მედიამონიტორინგის თანახმად, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა, ნეტგაზეთი არჩევნებისას თანაბრად აშუქებდა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი