ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.
ომის ვეტერანს, რომელიც საქართველოში დააკავეს ბრალდებით, რომ ქვეყანაში „დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები უკანონოდ შემოიტანა“, 100 000-ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ და ქვეყანას დაატოვებინებენ.
დღევანდელი სხდომა, მხარეების თანხმობით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გადადო. ამის მიზეზი ისაა, რომ თანხის, დოკუმენტების მომზადება შეთანხმების მიღწევიდან დღევანდელ სხდომამდე ბიუროკრატიული და ტექნიკური მიზეზებით ვერ მოესწრო. მომდევნო სხდომა 16 ივლისს, 12 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების წინაპირობა და საფუძველი ბრალის აღიარებაა. მიუხედავად იმისა, დაცვის მხარე დღესაც ამბობს, რომ ის უდანაშაულოა, სამართლებრივი პროცესი როგორ განვითარდებოდა და როგორ დასრულდებოდა, რთული სათქმელია და ბრიტანელ ვეტერანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებითაც, არ უღირს გარისკვა. მისთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.
„არ არის პატარა თანხა, ოჯახი აგროვებს, გადმორიცხვებსაც გარკვეული დრო სჭირდება. ამხელა თანხები ასე მარტივად აღარ ირიცხება. 16-ში აუცილებლად დავამთავრებთ ამ საქმეს. მას დარბაზშივე გაათავისუფლებს სასამართლო, თუმცა, სამწუხაროდ, მთლად თავისუფლებაზე ვერ გამოვა იმიტომ, რომ მიგრაციის დეპარტამენტი წაიყვანს მას და მიაცილებს აეროპორტამდე. ოჯახი იყიდის უახლოეს შესაძლებელ რეისზე ბილეთს და გაფრინდება მეთიუ სახლში.
დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა, ფორმალურად, ასეთი პრაქტიკა ჯერ სასამართლოს არ აქვს. რომ ვიდავოთ, შეიძლება მოვიგოთ ეს საქმე, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით 100%-ით. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აღარ ვრისკავთ, ის პირობები, რომელიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა, მისაღებია. მთავარია თავისუფლება ამ ადამიანისთვის. ვეღარ გავიგებთ, რა მოხდებოდა, რომ გვედავა. არ უღირს ამ ადამიანს ჭიდაობა და პრინციპული პოზიციის დაკავება. ის ამ კვირაში დაბრუნდება ბრიტანეთში“, — განაცხადა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა სხდომის გადადების შემდეგ.
დღეს სასამართლოში იმყოფებოდა მეთიუ როი დესმონდის ორი ნათესავიც, რომლებიც მის გამო წინა დღით ჩამოვიდნენ საქართველოში. ჯეიმზ სოიერი ამბობს, რომ დარბაზში, თუნდაც მცირე ხნით, მეთიუს დანახვა გაუხარდა და მეტის თქმის უფლებას თავს არ აძლევს, რომ რამენაირად ხელი არ შეუშალოს მიმდინარე პროცესის დასრულებას. ჯეიმზ სოიერი მეთიუ როი დესმონდის დის ქმარია. ომის ვეტერანი, გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს მასთან ერთად დატოვებს.
საპროცესო შეთანხმების გარეშე მეთიუ როი დესმონდს საქართველოში 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ადვოკატების განცხადებით, ომის ვეტერანს ექიმის დამოწმებული დანიშნულება ჰქონდა ყველა იმ მედიკამენტზე, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა და რაც საქართველოში არალეგალურად ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანად ჩაეთვალა. თუმცა პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს რეცეპტები თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული არ ყოფილა. მათივე ცნობით, მეთიუ როი დესმონდს ხერხემლის ტრავმა აქვს:
„რეალურად, ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულოა. ის არის ბრიტანეთის მოქალაქე, არის ომის ვეტერანი, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთისა და ერაყის ომებში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ერთ-ერთი ღონისძიების შესრულების დროს მან მიიღო ხერხემლის სერიოზული დაზიანება, რის გამოც ოფიციალურად მას ექიმის მიერ ინგლისში დაენიშნა ეს მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, რათა ეცხოვრა ამ ადამიანს“, — თქვა დესომნდის უფლებადამცველმა პრესკონფერეცნიაზე.
ადვოკატი ამბობს, რომ დესმონდი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა ვეტერანის სტატუსით, მას თან ჰქონდა მედიკამენტები და ექიმის რეცეპტი. ადვოკატის თქმით, 25 ქვეყანაში იმოგზაურა და არსად არ ჰქონია პრობლემა.
უფლებადამცველების ცნობით, საუბარია სამი დასახელების მედიკამენტზე – პრეგაბალინი, ბუპრენორფინი, კოდეინი. ადვოკატების თქმით, მსჯელობა, რომ პიროვნებამ განზრახ შემოიტანა ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერებები და აპირებდა ამ ნივთიერებების შემდგომ გასაღებას ან რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში ჩართვით სარგებლის მიღებას, არ არის სწორი და ლოგიკური, რადგან სამივე დასახელება ემთხვევა ექიმის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულ წამლებს.
